უკრაინაში მებრძოლი ქართველების რიცხვი 15-მდე გაიზარდა.
9 ივნისს, კიევში მიწას მიაბარებენ ომში დაღუპულ კიდევ ერთ ქართველს, 24 წლის დანიელ გერლიანს.
იგი 3 ივნისს, ზაპოროჟიეში მომხდარი შეტაკების დროს დაიღუპა. თანამებრძოლები ცხედრის გამოსვენებას რამდენიმე დღე ვერ ახერხებდნენ და გუშინ, მიასვენეს კიევში.
24 წლის დანიელი უკრაინის მოქალაქე იყო, მისი ოჯახი აფხაზეთიდან დევნილია.
„3 ივნისს ჩემი შვილის, ჩემი დამცველის, ოფიცრის, შესანიშნავი, ნათელი, პატიოსანი, მართალი ბიჭის, ჩემი დანეჩკას სიცოცხლე შეწყდა!
დაიღუპა სამშობლოს დასაცავად, იბრძოდა მშობლიური მიწისთვის, დაიღუპა, რათა ჩვენ გვეცხოვრა… ყველას მადლობას ვუხდი ტკივილის გაზიარებისთვის და გვერდში დგომისთვის.
დანეს 9 ივნისს გავაცილებთ”, – დაწერა დანიელ გერლიანის დედამ, ალა გერლიანმა სოციალურ ქსელში.
მამა, გურამ (გელა) გერლიანი აფხაზეთიდანაა. აფხაზეთის ომის შემდეგ უკრაინაში ცხოვრობდა და იქ უკრაინელ გოგოზე, ალაზე იქორწინა და 2 ბიჭი ჰყავდა.
დანიელს ეუბნებოდნენ, ომის დაწყების შემდეგ წამოსულიყო საქართველოში. მოქალაქეობის საბუთით შეიძლებოდა, მას უკრაინის ტერიტორია დაეტოვებინა, მაგრამ ამაზე კატეგორიული უარი უთქვამს. ომის დაწყებიდან ხელში იარაღი აიღო.
დანიელი პროფესიით იურისტი იყო, ძალიან წარმატებული ახალგაზრდა. ომის დაწყებამდე კიევში პროკურორად დაინიშნა.
როგორც ოჯახის ახლობელმა ambebi.ge-ს უამბო, ომის დამთავრების შემდეგ სვანეთში ჰქონდა ქორწილის გადახდა დაგეგმილი. აქ უნდა დაეწერა ჯვარი და მთელი საქართველო უნდა მოევლო – თურმე, ამბობდა, ფეხით მოვივლი მთელ საქართველოსო.
სამწუხაროდ, ეს ყველაფერი დანიელს ოცნებად დარჩა.