LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ცოფის შემთხვევა დაფიქსირდა

475
ცოფის ვირუსი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ჩორჯოში, ცოფის შემთხვევა დაფიქსირდა.

„45 წლის ქალი, ცოფით, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის თებერვალში, მისივე ლეკვისგან დაინფიცირდა. ამავე თვეში ლეკვი მოკვდა. ქალს ანტირაბიული დახმარებისთვის არ მიუმართავს. ცოფის კლინიკური სურათის განვითარება დაიწყო 6 ივლისს, ამ დაავადებისთვის ტიპური კლინიკური ნიშნებით. შემთხვევა კი 2024 წლის 11 ივლისს დარეგისტრირდა, რომელიც იმავე დღეს დასრულდა ლეტალური გამოსავლით.

პჯრ კვლევით დიაგნოზი ლაბორატორიულად დადასტურდა.

მსგავსი ფაქტი, 2022 წლის ნოემბრის შემდეგ, წელს პირველად დაფიქსირდა.

მიმდინარეობს შესაბამისი რეაგირების ღონისძიებები.

ცოფის ვირუსით ინფიცირების შემთხვევაში ადამიანის გადარჩენის ერთადერთი გზა დროული ვაქცინაციაა.

ადამიანებში ცოფის პროფილაქტიკის მიზნით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ხდება მაღალეფექტური ბიოპრეპარატების (ვაქცინა და იმუნოგლობულინი) განაწილება მთელი ქვეყნის მასშტაბით. პროფილაქტიკა ხელმისაწვდომია ყველა მუნიციპალიტეტში“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.