LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამერიკაში ადაპტაციის პარალელურად უნდა მებრძოლა ჩემი შვილის ჯანმრთელობისთვის…” – ცნობილი დერმატოლოგის, ნათია ნუცუბიძის ამერიკული ცხოვრება დღეს

345
page

დერმატოლოგი, ნათია ნუცუბიძე უკვე მესამე წელია ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ იორკში ცხოვრობს. საქართველოში მოთხოვნადი ექიმი უცხო ქვეყანაში სამსახურებრივი ვიზიტით წავიდა, თუმცა პირადი მიზეზით მოუწია დარჩენა. საქმე ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხებოდა. საქმიანი ვიზიტისას ნათიას ნაადრევი მშობიარობა დაეწყო და დაიბადა პატარა არჩილი. ბევრი უძილო ღამე საავადმყოფოში, მარტოობაში დაწყებული ახალი ცხოვრება ამერიკაში…

როგორ ცხოვრობს ნათია ამერიკაში დღეს? – ამაზე დერმატოლოგი „ფორტუნასთან” საუბრობს.

როგორ აღმოჩნდი ამერიკაში?

ჩემი ამერიკაში მოხვედრა თითქოს უბრალოდ პროფესიული ნაბიჯი უნდა ყოფილიყო. ჩამოვედი საერთაშორისო კონფერენციაზე, როგორც დერმატოლოგი და ესთეტიკური ტრენერი, მაგრამ როგორც ხშირად ხდება ცხოვრებაში, გეგმები წამებში იცვლება.
ეს მოგზაურობა იქცა ჩემთვის არა მხოლოდ კარიერულ, არამედ სულიერ გამოცდადაც. შემთხვევით დავრჩი უცხო ქვეყანაში, სრულიად მარტო, მაგრამ დღეს ვხვდები, რომ ეს შემთხვევითობა იყო ერთგვარი დანიშნულება. ამერიკაში აღმოვაჩინე ჩემი ყველაზე ძლიერი მხარე, ის ძალა, რომელიც მაშინ ჩნდება, როცა უკან დასახევი აღარ გაქვს.

რამდენად რთული იყო ადაპტაცია?

ადაპტაცია ამერიკაში ჩემთვის იყო ურთულესი, მაგრამ ყველაზე ღირებული გამოცდილება.
პირველად ყველაფერი უცხო იყო. ენა, წესები, კულტურა, სისტემა… მაგრამ ყველაზე რთული იყო მარტო ყოფნა. სწორედ ამ მარტოობაში ვისწავლე საკუთარ თავზე დაყრდნობა. პარალელურად უნდა მებრძოლა ჩემი შვილის ჯანმრთელობისთვის. ის დაიბადა ძალიან ადრე, და მას შემდეგ საავადმყოფო ჩვენი მეორე სახლი გახდა.
თითო დღე იყო ბრძოლა იმედისთვის, თითო ღამე ლოცვა და მადლიერება, რომ კიდევ ერთ დილას ვხვდებოდით. საქართველოში ცხოვრობს ანასტასია, ჩემი უფროსი შვილი, ის არის ჩემი უსაზღვრო მონატრება და სიყვარული. ამ ეტაპზე მამასთან ცხოვრობს, რომელიც არაჩვეულებრივად უვლის და ამ მხრივ მშვიდად ვარ. ამ ყველაფერთან ერთად, მე მაინც ვაგრძელებდი სწავლას და სწავლებას იმიტომ, რომ განათლება იყო ერთადერთი გზა, რომ არ ჩამოვქცეულიყავი. სწორედ აქ, ამერიკაში ვისწავლე რომ პროფესია მხოლოდ დიპლომი კი არა, სულიერი იარაღია, რომელიც გეხმარება გადარჩენაში მაშინაც, როცა ცხოვრება გიცდის.

საქართველოში მოთხოვნადი დერმატოლოგი იყავი… როგორი იყო ამერიკაში შენი პირველი ნაბიჯები პროფესიულად?

საქართველოში მე უკვე ჩამოყალიბებული დერმატოლოგი ვიყავი. მყავდა პაციენტები, მქონდა გამოცდილება და მყარი პროფესიული პოზიცია. ამერიკაში კი ყველაფერი თავიდან დაიწყო. სხვა ქვეყანა, სხვა სისტემა, სხვა გზა ლიცენზიისკენ. პირველად თითქოს იმხელა წინააღმდეგობა დამხვდა, რომ ბევრი შეიძლება იმ წუთას დანებებოდა, მაგრამ ჩემთვის ეს იყო სტიმული. გადავწყვიტე, სანამ ლიცენზიას ველოდები, არ გავჩერებულიყავი და ჩემი გამოცდილება გამეზიარებინა სხვებისთვის. ასე დავიწყე ონლაინ ტრენინგები და ვებინარები ქართველ და უცხოელ ექიმებზე. დღეს უკვე ასობით ექიმი სწავლობს ჩემს პროგრამებზე. ისინი მოდიან საქართველოდან, ევროპიდან, ამერიკიდანაც კი. ეს არის ჩემი გზა სანამ კვლავ დავუბრუნდები პრაქტიკას, ვასწავლი სხვებს, როგორ იმუშაონ ეთიკურად, პროფესიულად და უსაფრთხოდ. ეს ჩემთვის მხოლოდ ტრენინგი კი არა, მადლიერებაა იმ ცოდნის მიმართ, რაც წლებმა მომცა.

როგორია შენი ამერიკული ცხოვრება დღეს?

დღეს ჩემი ცხოვრება ნიუ-იორკში თითქოს ახალ ეტაპზეა. უფრო მშვიდი, მაგრამ მიზნებით სავსე. დღესაც ვარ დედა, რომელიც ყოველდღე იბრძვის შვილის გვერდით, მაგრამ ამავდროულად ვარ პროფესიონალი, რომელიც აგრძელებს გზას ამერიკულ მედიცინაში.
ვსწავლობ, ვმუშაობ, ვქმნი, ვასწავლი და ვზრდი ჩემს შვილს იმ რწმენით, რომ ყოველი ტკივილი ბოლოს გადადის სილამაზედ. ახლა ვემზადები ჩემი დერმატოლოგიური ლიცენზიის დასასრულებლად და პარალელურად ვაგრძელებ საერთაშორისო ტრენინგების ორგანიზებას. ეს ყველაფერი ერთად არის ჩემი ცხოვრება სავსე ბრძოლით, სიყვარულით და მადლიერებით. მე უკვე აღარ ვარ უბრალოდ ექიმი. მე ვარ ქალი, რომელმაც საკუთარ ტკივილში იპოვა ძალა და იმ ძალით შთააგონა სხვები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g