LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამგვარი დანიშვნები რეკომენდაციებს ეწინააღმდეგება – ევროკავშირის წარმომადგენლობა მოსამართლეების დანიშვნაზე

64
1

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესს ეხმიანება და განცხადებას ავრცელებს.

პარლამენტმა უზენაეს სასამართლოში უვადოდ დანიშნა კიდევ 4 მოსამართლ

როგორც მიმართვაშია აღნიშნული, ეს ქმედებები შეიცავს საფრთხეს, რომ უფრო მეტი ეჭვის ქვეშ დადგება სასამართლოს დამოუკიდებლობა და საზოგადოების ნდობა ქართული მართლმსაჯულების მიმართ.

ევროკავშირი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ხელისუფლებას – ხელი შეუწყონ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულებისა და ხარისხის განმტკიცებას, ინკლიუზიური და პარტიებს შორის შეთანხმებული რეფორმების გზით:

“ოთხშაბათს, საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა უზენაესი სასამართლოს ოთხი მოსამართლის უვადოდ დანიშვნას. ამგვარი დანიშვნების განხორციელება მოსამართლეთა წარდგენის პროცესში არსებული ხარვეზების აღმოფხვრამდე, ეწინააღმდეგება ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისისა (ეუთო/ოდირი) და ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს.

ბოლოდროინდელი დანიშვნები ეწინააღმდეგება ამა წლის 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმების ფარგლებში საქართველოს ლიდერების მიერ აღებულ ვალდებულებას მართლმსაჯულების ამბიციური რეფორმირების შესახებ, რაც მათ 28 ივლისს კიდევ ერთხელ დაადასტურეს. ეს მოიცავდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნამდე კანდიდატების წარდგენის პროცესში არსებული ხარვეზების აღმოფხვრას. ეს ქმედებები შეიცავს საფრთხეს, რომ უფრო მეტი ეჭვის ქვეშ დადგება სასამართლოს დამოუკიდებლობა და საზოგადოების ნდობა ქართული მართლმსაჯულების მიმართ.

ევროკავშირი კიდევ ერთხელ იმეორებს მოწოდებას საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომ ხელი შეუწყონ სასამართლო სისტემის, მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულებისა და ხარისხის განმტკიცებას, ფართო, ინკლიუზიური და პარტიებს შორის შეთანხმებული რეფორმების გზით.

ევროკავშირი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მიუხედავად მისი მზადყოფნისა, სრულად დაუჭიროს მხარი ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელებას, საქართველოს დახმარება ევროკავშირის მხრიდან საკვანძო რეფორმების პროცესში მიღწეულ წინსვლაზე იქნება დამოკიდებული სასამართლო რეფორმის ჩათვლით.” – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, გუშინ პარლამენტმა, ხმათა უმრავლესობით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ოთხივე კანდიდატს მხარი დაუჭირა.

საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილებით, უზენაეს სასამართლოში უვადოდ დაინიშნენ: თამარ ოქროპირიძე, ნინო სანდოძე, თეა ძიმისტარაშვილი და გენადი მაკარიძე.

magti 5g