„ნაციონალური“ მოძრაობის წევრი, ზაალ უდუმაშვილი ოპოზიციას შეთანხმების დოკუმენტზე ხელის მოწერის თავშეკავებისკენ მოუწოდებს და ამბობს, შეთანხმების იმ მუხლში, სადაც საუბარია ამნისტიაზე, ძალიან ბევრი ბუნდოვანებაა და საჭიროებს მეტ კონკრეტიკას. უდუმაშვილის თქმით, სწორედ ამის წინაშე დადგნენ დღეს შეთანხმების ხელმომწერი ოპოზიციური პარტიები.
„გუშინ, ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, ორი განსხვავებული ვერსია მოვისმინეთ – ერთი, რასაც ოპოზიცია ამბობს და მეორე, რასაც ამბობს ხელისუფლება. არ არის გამორიცხული, რომ ახლა საბოლოო ჯამში, ისეთი კანონი მივიღოთ, რომელიც იმ ბრძანების გამცემებსაც შეეხება, რომლებიც 20 ივნისის ღამის ტრაგედიაში უშუალოდ, პირდაპირ არიან პასუხისმგებელი.
ახლა მგონია, ოპოზიციას დაუდგა ის დრო, როდესაც ამ კანონპროექტთან დაკავშირებით განსაკუთრებული პრინციპულობის გამოჩენა მოუწევს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ძალიან მძიმე კანონს მივიღებთ,” – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
რაც შეეხება გირაოსა და ამნისტიას, “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი ამბობს, რომ ეს არის სრულიად განსხვავებული, ორი სხვადასხვა მიმართულება და ამის ერთმანეთთან მიბმა წარმოუდგენელია.
“თუნდაც გირაო იყოს და ან თავდები, ეს ნიკა მელის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს, მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმებაში წერია, რომ ნიკა მელის წინააღმდეგ, პოლიტიკური დევნა უნდა შეწყდეს.
ამიტომ თავდებობა რომ ყოფილიყო გამოყენებული ან გირაო, ამას აუცილებლად დასჭირდა შემდგომ უკვე ამნისტიის კანონის მიღება, უბრალოდ ეს ამნისტიის კანონი ისე უნდა იყოს მიღებული, რომ რა თქმა უნდა, არ დაზარალდეს პირველ რიგში, იმ ადამიანების უფლებები, რომლებიც 20 ივნისის ღამეს ქუჩაში იდგნენ“, – განაცხადა უდუმაშვილმა.
ამნისტიის კანონი შეეხებათ 20 ივნისის საქმეზე ბრალდებულ პოლიციელებსაც: ირაკლი ქადაგიშვილი