დედაქალაქიდან რეგიონებში ამომრჩევლების ავტობუსებით გადაყვანის ფაქტს მოძრაობა – „არა ნაციზმის” ერთ-ერთი დამფუძნებელი ნანა კაკაბაძე ადასტურებს. ის “რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ მისმა მოძრაობამ ათიათასობით ადამიანის ერთმანეთთან დაკავშირება შეძლო.
გარდა ამისა, მათ 10 ათასამდე პირი დაარეგისტრირეს, თუმცა კაკაბაძის ინფორმაციით, დაახლოებით სამჯერ მეტი წავიდა რეგიონებში. ნანა კაკაბაძე იმასაც ამბობს, რომ ასეთი საოცარი მობილიზება 2012 წლის შემდეგ არ ახსოვს.
რაც შეეხება ტრანსპორტს, მოძრაობის დამფუძნებელი აცხადებს, რომ მათ მხოლოდ ავტობუსების ნაწილი დაიქირავეს. ნანა კაკაბაძე ბენზინის ტალონების დარიგებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციასაც ეხმაურება და აცხადებს, რომ ისინი ბენზინის ტალონებს კი არა, ყველაფერს დაარიგებდნენ, თუმცა კაკაბაძის ინფორმაციით, ეს ტალონები ხალხმა თავად მოიტანა.
როგორც მოძრაობის – “არა ნაციზმს“ დამფუძნებელი განმარტავს, გუშინ ტალონებს ბენზინგასამართი სადგურის თანამშრომელი არიგებდა.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.