LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამონარიდები ქართული სოცქსელიდან, რომელიც ხალხის უკიდურეს გაჭირვებას აჩვენებს

129
FORTUNA. GE

ნათია ჩიქოვანმა სოციალური ქსელის პოსტისთვის შეკრიბა და ერთად გამოაქვეყნა ამოანრიდები „ფეისბუქიდან“, სადაც ხალხის უკიდეგანო გაჭირვება ჩანს.

გთავაზობთ მის პოსტს სრულად:

„დღეს დილით, კიდევ ერთ ჯოჯოხეთურ სტატუსს გადავაწყდი ფეისბუქზე, ადამიანების გაჭირვების მარტივ და შეულამაზებელ ისტორიებს ყვებოდა ხალხი… ყველა კომენტარი ამოვიწერე და ერთიანად ვკრავ. ხანდახან გვავიწყდება ჩვენი ბაბლიდან გახედვა, მართლა ვერ ვაცნობიერებთ ადამიანები, რა სიმძიმის სიღარიბეს ებრძვიან ყოველდღიურად. ყოველ შემთხვევაში, ფაქტია, მე მავიწყდება…

პოსტი საჯარო იყო, შესაბამისად, კომენტარებიც. ამიტომ პირდაპირ ვაკოპირებ ⬇

“დედაჩემმა რამდენიმე დღის წინ აფთიაქში რაღაც წამალი იკითხა და იქიდან ძალიან სევდიანი და შეწუხებული სახით გადმოხედეს, ეგ წამალი კი გვაქვს, მაგრამ ძალიან ძვირი რომ ღირს ქალბატონოო?

უი, და რა ღირსო, ჰკითხა დედამ.

11 ლარიო, მიუგეს იქიდან.” – სალომე ბარკერი

“ერთი ბაბუ იდგა ანალიზის რიგში და აღმოჩნდა, რომ ეს ანალიზი 12-ის ნაცვლად 22 ლარი ღირდა. ზუსტად 12 ლარი მაქვსო. ძალიან ცუდად გავხდი, მაგრამ ვერ გავბედე დახმარება. ახლაც ვნანობ. ისე წაეშალა სახე უარესად არ იგრძნოს თავითქო…” – ნინი კაპანაძე

“უბნის მაღაზიაში ვიყავი, მეზობელი ჩამოვიდა და 1.60 ლარად რამდენი პამიდორი მომივაო? ორი პატარა აუწონეს… არ ვიცი როგორ ახერხებენ ამ ქვეყანაში ცხოვრებას და ამ გაჭირვების არდანახვას.” – მარიამ თითბერიძე

“გაჩერებაზე ქალი იდგა ორი ბავშვით, ერთი, უფრო პატარა ხელში ეჭირა და ავტობუსს ელოდებოდა. დიდხანს არ მოდიოდა და ბავშვი სთხოვდა მარშრუტკით წავიდეთო. და დედამ უთხრა არ მაქვს მაგდენიო. ანუ 30 თეთრ სხვაობაზეა საუბარი.” – Celine Delacour

“ტოსტის პურზე მითხრა იგივე მოლარემ, იცით რა ღირსო?…

მგონი, ყოველდღიურობის ნაწილი გახდა მსგავსი კითხვები.” – მალხაზ ჭკადუა

“ერთ-ერთი უბნის ხილ-ბოსტანში, ერთმა ბაბუმ ხახვი ითხოვა – სახლში პური დავტოვე და ხახვს მაინც მივაყოლებო.  ვერ ამომდის ეს ისტორია თავიდან…” – ელენა ჩუბინიძე

“ბაზარში წასვლა ჩემი ჯოჯოხეთია. შვილი რომ მიყვება დედას, ეხვეწება კვერცხი მიყიდეო და ვერ ყიდულობს.” – თამარ კაკაბაძე

“ორი ხაჭო, პატარა პარკში ასაწონი ორცხობილა და კოკა კოლა მომქონდა და ქუთაისში მეზობელმა მითხრა, ეგეთ რამეებს მხოლოდ დღესასწაულებზე თუ ვიყიდიო ?” – ხატია რობაქიძე

„აფთიაქში, ჩემს წინ მოხუცი ბაბუ იდგა, რიგმა რომ მოუწია, ციტრამონი იკითხა და 45 თეთრი ღირსო, ფარმაცევტმა.. უი, არა შვილოო და მიტრიალდა და გავიდა.. ვერ ავხსნი სიტყვებით, რა დამემართა.  45-თეთრიანი ციტრამონი ვერ იყიდა და გატრიალდა.  10 თუ 20-თეთრიანი ნდომებია” – თამო მერლანი

“ბებიაჩემისთვის ვყიდულობდი ყურის აპარატის მილსა და ყურსასმენს. 20 წუთი მიხსნიდა ის ქალი, რომ არსებული სამი ზომიდან სამივეს ვერ გამატანდა, ძვირიაო და რომ არ მოერგოს არც ერთი, მერე მოყვანა მოგიწევს მაინცო. საბოლოოოდ, ორის წაღებაზე შევჩერდით და ფასი რომ ვკითხე, 6 ლარი ღირდა ერთი” – ანი ხუფენია

“ორი დღის წინ, ერთ-ერთ მაღაზიაში, „ანაკომის“ ორ ცალ სუპს ყიდულობდა მოხუცი ბაბუ, მოლარეს ჰკითხა, მერე რომ შემოგიტანო ფული, არ შეიძლებაო? ჩემ წინ ორი გოგო იდგამ მივხვდი, რომ დახმარება უნდოდათ და თქმა მოერიდათ, მე შევთავაზე, გაატანეთ, გადავიხდი-თქო და იმ გოგონებმა დამასწრეს, ჩვენ დავუმატებთო.” – მარიამ ხუციშვილი

“დღეს აფთიაქში სადეზინფქციო ხსნარი ავიღე და ფარმაცევტმა ეგ ძვირია, 2.50 ლარად სპეციალური სადეზინფექციო სველი ხელსახოცი გვაქვს და მაგას გირჩევთო, ვკითხე, ეს სითხე რა ღირს-მეთქი, 7 ლარიო კი გამიკვირდა ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს 100 ლარი ეთქვა.” – დათა აქუბარდია

“ერთხელ მოხუც ბაბუს არ აღმოაჩნდა საკმარისი თანხა, დაახლოებით 15 ლარზე იყო საუბარი, მეთქი, მე დავამატებ და ისე იუხერხულა, საერთოდ გავიდა აფთიაქიდან :(( არადა, ხურდებს ითვლიდა აშკარად პენსიიდან მონარჩენს, დღემდე დარდად მაქვს გულში – ჩუმად რომ მენიშნებინა რამე კონსულტანტისთვის, იქნებ, ეყიდა ის წამალი ისე რომ ვითომ ფასდაკლება იყო” – თინათინ ცოცხალაშვილი

“ერთი თვის წინ აფთიაქში ვიდექი რიგში და მოხუცი ქალბატონი ათვლევინებდა რეცეპტის მიხედვით წამლების ფასს. 187 ლარიო, რომ უთხრა ფარმაცევტმა, ქალმა ტირილი დაიწყო, არ ვიცი, წამლები ვიყიდო და უწამლოდ მოვკლა ჩემი ქმარი თუ მშივრები ვიყოთო. მარტოხელა მოხუცები იყვნენ. ისე ტიროდა ის ქალი, გული თუ არ გამისკდებოდა, არ მეგონა. რაღაც წამალი, რომელიც თურმე  ყველაზე აუცილებელი იყო, 80 ლარამდე ღირდა. იდგა და ფიქრობდა, 50 ლარად როგორ ეყოდა ყველა. იმ წამს არ მქონდა ფული საკმარისი, რომ დავხმარებოდი და ისე მრცხვენოდა ჩემი უსუსურობის გამო, ისე დავიბენი, საკონტაქტოც არ გამოვართვი, რომ ამეგროვებინა სოც. ქსელით თანხა. 11 ლარი? ისე უჭირს ხალხს, 3-ლარიან წამალსაც ვეღარ ყიდულობენ.” – ნაზიშკა ღვთისიაშვილი

“აქვე ერთი თემატური თხოვნა მაქვს: ვინც მეტროთი მგზავრობთ, ვინც მიწისქვეშებში ხშირად ხვდებით, ატარეთ პატარა შოკოლადები ან ორცხობილა, ან პატარა ფუნთუშა და მოწყალებას ვინც ითხოვს, ხურდის ნაცვლად მიეცით. შეიძლება, უკვე აკეთებთ” – მზიკო გომური

“რამდენჯერ შევსწრებივარ, აკანკალებული ხელებით რომ ითვლიან გამოკრულ პენსიას და ტაბლეტებით ყიდულობენ წამალს, ბევრჯერ მინიშნებია მოლარისთვის, ხანდახან არის, რომ შენც არ გაქვს და ისეთ უხერხულობას ვგრძნობ, ცრემლები მადგება ხოლმე” – ეკა ბუჩუკური

“კლინიკაში რეცეფციაში სევდიანი სახე: გადახდა რომ მოგიწევთ, იცითო? თან, 50 ლარის – უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობის ურთიერთემპათია..” – ციცი ნოზაძე

“ტყიბულში ბაბუამ 60-თეთრიანი კამა ვერ იყიდა, არ ჰქონდა ფული.” – გვანცა არევაძე

“ერთმა სათამაშოების მაღაზიამ გაავრცელა “ჟირაფი ჟოზეს” ვიდეო, რომელიც ღირს 19.90 ლარი. ერთი ადამიანის კომენტარი ვნახე – ჩვენაც გვიყვარხარ ჟოზე, მაგრამ ძვირი ხარ” – Nicolas Tuxus Galagher

“რამდენჯერ შევსწრებივარ, „კარფურში“ არასაკმარისი თანხის გამო გატარებული პროდუქტების ნაწილის უკან დაბრუნებას რომ სთხოვენ მოლარეს, ვნადგურდები ადგილზე და ვერც ვხვდები, ისე როგორ შევთავაზო იმ რამდენიმე ლარის ჩემზე გატარება, რომ დამცირებულად, უხერხულად არ ვაგრძნობინო ადამიანს თავი, თან, იმდენი გარშემომყოფის თვალწინ” – ნატალი კორახაშვილი

“საშინელ უხერხულობას განვიცდი, მე რომ სასუსნავების საყიდლად შწვდივარ მაღაზიაში და იქვე ბებო/ბაბუ მათხოვრობს და უკან გამოსულს საბრალოდ უნდა შემომხედოს ამ უქეშო, უხურდო ადამიანს. ჰოდა, პატარა გამოსავალივით ვნახე, რძის პროდუქტებსა და რამე გემრიელობას ვყიდულობ მათთვის. ჰოდა, ტირილის გარეშე არცერთხელ ჩაუვლია :(( ვნადგურდები მაგ ტირილზე, თან რომ ეუხერხულებათ, თან უეჭველი გამომართმევს, რადგან საუკუნეა, წესიერი არაფერი უჭამია :((((((

ერთხელ, ერთმა ბებომ დამიძახა, რაღაც ოფისთან იჯდა და ძალიან კოხტად გამოიყურებოდა, ჰოდა, ვერ ვიფიქრე, რომ მათხოვარი იქნებოდა. შვილო, ფულს გაგატან მაღაზიაში აქვე, მწყურია და კოკა-კოლა ან რაც მოგივა, წამომიღეო პატარაო, ხელში ხურდები ჩამიყარა. ისე დავიბენი, კი-მეთქი და წავედი მაღაზიისკენ ამ ხურდებით და ცოტა შორიდან დავინახე, რომ გამვლელებმა ხურდა ჩაუგდეს და მანდ მივხვდი, რომ მათხოვარი იყო. ავხიკე, რაც მოვიფიქრე მაღაზიაში და მივადექი უკან, კოკა-კოლა მავნებელია მეთქი და ეს პარკები რომ შევაჩეჩე, ისე იტირა, ისე, ისე… ხელებში ჩამაფრინდა, მარტო ახალგაზრდები აკეთებთ ასეთ რამეებსო, მლოცა, მკოცნა, რა ვიცი …. აი, გავნადგურდი” – ირინე ნადარაია

მეც მქონია რამდენჯერმე ანალოგიური შემთხვევა, ყოველთვის ვცდილობ, ზედმეტად ლაღად და ცოტა აცანცარებული განწყობითაც კი მე გადავიხადო მათი წამლის თუ საკვების ფული, სპეციალურად ვიქცევი ასე, რომ ნაკლები უხერხულობა იგრძნონ. მეორე ვარიანტია უთხრათ, რომ თქვენც დაგკლებიათ ადრე და სხვას გადაუხდია და ახლა სიკეთის დაბრუნება გინდათ… მაგრამ ეს საკმარისი არ არის.. რაღაც უნდა მოვიფიქროთ, რაღაც უნდა ვიღონოთ… მინიმუმ ბაბლის იქით უნდა გავიხედოთ ხშირად.

არ შეიძლება ამ პატარა ქვეყანაში სიმდიდრე ასე უმოწყალოდ და უსამართლოდ არათანაბრად იყოს გადანაწილებული!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები