LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანა ბუჩუკური: პრემიერი ლექციას კითხულობდა, არ შეიძლება ერთმანეთის შეურაცხყოფაო, მაგრამ ყველას გვახსოვს, ღარიბაშვილი და მისი გუნდი, როგორ ეძახდა ყოფილ თანაპარტიელს „კოკაინშიკს“, „მაზაკვალს“, „მოღალატეს“

95
ანა ბუჩუკური

​საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას, „რომ არ შეიძლება ერთმანეთის შეურაცხყოფა“, პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ანა ბუჩუკური გამოეხმაურა. მისი განცხადებით, „ღარიბაშვილის მხრიდან ამის მოწოდება უხერხულია, რადგან ყველას გვახსოვს, პერსონალურად ირაკლი ღარიბაშვილი და მისი გუნდი, როგორ ეძახდა ყოფილ თანაპარტიელს „კოკაინშიკს“, „მაზაკვალს“ და „მოღალატეს,“.

ანა ბუჩუკურის თქმით, თუ საქართველო კანდიდატის სტატუსს არ მიიღებს, ეს იქნება პერსონალურად ღარიბაშვილის და მისი გუნდის წევრების პასუხისმგებლობა.

„პრემიერის ამ გამოსვლას უყურებენ ამ ქვეყნის ახალგაზრდები, ახალგაზრდები, რომლებიც არიან იმის მოლოდინში, მიიღებს თუ არა ქვეყანა კანდიდატის სტატუსს, ანუ ქვეყანა გადადგამს ნაბიჯს წინ ევროპული მომავლისკენ თუ უკან ბნელი საბჭოური წარსულისკენ. ეს არის მთავარი პრიორიტეტი საქართველოს ახალგაზრდებისთვის და ახლა უყურებენ, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი დგას ტრიბუნასთან და 15 წლის წინანდელ წარსულზე საუბრობს. ბოლო თვეებში კარგად ვიხილეთ, სამწუხაროდ, ომის დაწყების მომენტიდან რა არ გააკეთა და რა გააფუჭა პრემიერ-მინისტრმა და „ქართულმა ოცნებამ“. მაგრამ მე გეტყვით ბატონო პრემიერო, რა გააკეთეთ: გააკეთეთ ის, რომ სანდრო გირგვლიანის საქმის მოსამართლე, ლევან მურუსიძე ოფიციალურად დასვით სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელად. ანუ მზად ხართ პირადად თქვენ და თქვენი პოლიტიკური გუნდი, რომ სანდრო გირგვლიანის საქმის მოსამართლეს გადააყოლოთ ქვეყნის ევროპული პერსპექტივა. მოახერხეთ, რომ ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორები ბოლო 2 წლის განმავლობაში საუბრობენ უკუსვლაზე დემოკრატიული განვითარების გზაზე, მაშინ როდესაც საქართველო წლების განმავლობაში იყო მოწინავე ამ თვალსაზრისით. მოახერხეთ ის, რომ საქართველოდან ახალგაზრდები გარბიან და შემორბიან რუსები.

მოახერხეთ ის, რომ ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეები წინა წლის ამავე პერიოდთან არის 183%-ით გაზრდილი. თქვენ აქ გამოდიხართ და საუბრობთ ყველაფერზე და არაფერზე. საუბრობთ წარსულზე, მაგრამ ერთი რაც უნდა იცოდეთ პირადად თქვენ და თქვენი გუნდის წევრებმა, რომ თუ ქვეყანა ამ უნიკალურ შანსს გაუშვებს, ეს იქნება პერსონალური თქვენი და თქვენი გუნდის წევრების პასუხისმგებლობა”, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები