LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანა კალანდაძის 2 ლექსი ელენე დარიანს მიაკუთვნეს – შეცდომის „ავტორი“ ავადაა – რას გეგმავს კულტურის სამინისტრო

575
Untitled design (88)

კულტურის სამინისტროს 2021 წლის 31 დეკემბრიდან, არაერთმა აღშფოთებულმა მოქალაქემ ღია წერილით მიმართა. ამის შესახებ კულტურის სამინისტრო ავრცელებს განცხადებას.

სამინისტრო განმარტავს, რომ მოქალაქეთა აღშფოთების მიზეზი ლიტერატურული მუზეუმის მიერ გამოცემული წიგნია. მათივე თქმით, მუზეუმმა დაუშვა სერიოზული შეცდომა და ელენე დარიანს მიაკუთვნა ანა კალანდაძის ორი ლექსი.

„გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმმა გამოსცა ელენე ბაქრაძის (დარიანი) წიგნი, სადაც ხსენებული ავტორის კუთვნილებად გამოცხადებულია ანა კალანდაძის ორი ლექსი. ეს სამწუხარო ფაქტი, კულტურის სამინისტროს მიერ შესწავლის შედეგად, ახლა უკვე უდავოდ დადასტურებულია და, ბუნებრივია, რომ მის გამომჟღავნებას საზოგადოების მძაფრი რეაქცია მოჰყვა.

ეს არც არის გასაკვირი, რადგან საქმე გვაქვს ქართული ლიტერატურის კლასიკოსთან, სიცოცხლეშივე პოეზიის დედოფლად აღიარებულ შემოქმედთან, ვისი ორი ლექსიც სხვა ავტორს მიაკუთვნეს. ისიც არ არის შემთხვევითი, რომ აუცილებელ რეაგირებას ლიტერატურის მუზეუმის საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი უწყებისგან, კულტურის სამინისტროსგან მოითხოვენ. წიგნის შემდგენელია ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი ლაშა ბაქრაძე, რედაქტორი – დირექტორის მოადგილე თეა თვალავაძე.

რედაქტორი გულწრფელად განიცდის აღნიშნულ შეცდომას, რასაც მისი ავად გახდომაც კი მოჰყვა. სამინისტრო პატივს მიაგებს თეა თვალავაძის მუზეუმში მრავალწლიან კეთილსინდისიერ საქმიანობას და მას მომავალშიც მხნეობას უსურვებს.

რაც შეეხება წიგნის შემდგენელსა და, იმავდროულად, მუზეუმის ხელმძღვანელს, ის კოვიდით არის ავად. უახლოეს პერიოდში, სამინისტრო მასთანაც გეგმავს საკითხის სერიოზულად განხილვას.

აუცილებელია, გაირკვეს, რამ განაპირობა ესოდენ მასშტაბური რეზონანსის გამომწვევი შეცდომა ისეთ სოლიდურ დაწესებულებაში, როგორიც ლიტერატურის მუზეუმია. სამინისტროსთვის, ასევე, პრინციპული მნიშვნელობა აქვს იმის პრევენციას, რომ სისტემის შიგნით მსგავსი სამწუხარო ფაქტების ალბათობა მაქსიმალურად გამოირიცხოს.

საზოგადოებას აქვე ვაცნობებთ, რომ სამინისტრომ უკვე მოითხოვა მუზეუმისაგან, რომ შეწყდეს აღნიშნული გამოცემის გავრცელება და მუზეუმმა მიმართოს შესაბამის ზომებს, მესამე პირებზე გადაცემული ეგზემპლარების დასაბრუნებლად. კულტურის სამინისტრო მადლობას უხდის ყველა იმ პირს, ვინც წიგნში არსებული შეცდომის შესახებ მას დროულად შეატყობინა“, – წერს სამინისტრო.

 

 

ლიტერატურის მუზეუმის ხელმძღვანელი ლაშა ბაქრაძე შეცდომის გამო ბოდიშს იხდის. მსაგვსი შინაარსის პოსტი მან 2 იანვარს გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში.

”ელენე ბაქრაძის (დარიანის) ჩანაწერების, მოგონებების, წერილების, დღიურების წიგნში უაღრესად სამწუხარო შეცდომა გაგვეპარა – ორი ლექსი, რომელიც ელენე ბაქრაძეს გადაწერილი ჰქონდა, მის ლექსებად მივიჩნიეთ და წიგნში გამოვაქვეყნეთ, არადა, ეს ლექსები ანა კალანდაძისაა. შეგვეშალა და ბოდიშს ვიხდით. ამ შეცდომის შესახებ ჩვენ გასულ წელს უკვე ვიცოდით, მაგრამ არ გვინდოდა შეცდომის აღიარება ჩაკარგულიყო ამ საახალწლო ეიფორიაში.

არანაირი ბოროტგანზრახვა, რასაკვირველია, აქ არ არის და არ შეიძლება, რომ ყოფილიყო.

მაგრამ, სამწუხაროდ, ლიტერატურის მუზეუმს ბევრი არაკეთილმოსნურნე აღმოაჩნდა, დიდი ხნის წინ გარდაცვლილ ელენეს კი ისედაც ჰყავს – რომლებმაც გაიხარეს ამ უნებლიე შეცდომით და მათთვის ჩვეული ზიზღისა და სიძულვილის ნთხევა დაიწყეს.

ერთ-ერთი არც მალავს ანა კალანდაძეზე „დარდის“ მიზეზს – „ყველაფერი ლოგიკურია: როცა მუზეუმს ლაშა ბაქრაძე ხელმძღვანელობს, ისიც შესაძლებელია, ანა კალანდაძის ლექსები… ელენე ბაქრაძისა (დარიანისა) რომ აღმოჩნდეს(?!)…“

ვეჭვობ, ეს ადამიანები ასე ზედმიწევნით კარგად იცნობდნენ ანა კალანდაძის პოეზიას, რომ ორი არცთუ ისე ცნობილი ლექსი თვითონ შეემჩნიათ.

ეს ამბავი აღმოაჩინა ანა კალანდაძის პოეზიის უბადლო მცოდნემ და თავად პოეტმა – ქალბატონმა დოდო ჭუმბურიძემ.

ჩვენთვის ეს შეცდომა ორმაგად მტკივნეულია, რადგან ეს შეცდომა სწორედ ელენე ბაქრაძის წიგნს უკავშირდება, რომელსაც არ სწყალობს ქართული ლიტერატურათმცოდნეობა და ლიტერატურის მოყვარულთა ნაწილი.

ეს წიგნი არანაირად არ ისახავს მიზნად რაიმეს მტკიცებას. ვისაც აინტერესებს, სასურველია, ჯერ წიგნს გაეცნოს, და მერე გამოიტანოს დასკვნები. წიგნში, როგორც ჩვენს სხვა ყველა გამოცემაში, არანაირი შეფასებითი კომენტარი არაა.

გამოცემაში საინტერესო მოგონებები და ჩანაწერებია მეოცე საუკუნის ლიტერატურისა და ხელოვნების ბევრ მოღვაწეზე. როგორც ყველა მოგონება, ესენიც სუბიექტურია.

მთავარი საკითხი კი, რომელიც პრობლემურად ეჩვენება საზოგადოების ნაწილს – არის პაოლო იაშვილისა და ელენე ბაქრაძის ურთიერთობა, რომელიც ლიტერატურული დისკუსიის საგანი უნდა იყოს და არა გაღიზიანებისა და ტაბუირების, მთავლიტის აკრძალვების. არის საკითხები, რომლებზეც საუბარი და დისკუსიაა საჭირო და არა გარკვეულ მონაცემთა სრული იგნორირება და დამალვის საბჭოური სურვილი.

სამწუხაროდ, ახლა ისევ გაჭირდება ამ თემაზე საუბარი, სწორედ ამ ჩვენი შეცდომის გამო, რადგან ასერიგად თავის სიმართლეში მარად დარწმუნებულნი საქმეზე ლაპარაკის ნაცვლად – ამ შეცდომას დაუწყებენ ფრიალს და სხვაგან, არარელევანტურ სივრცეში, გადაიტანენ დისკუსიას, როგორც ეს ხშირად ხდება ხოლმე ჩვენში.

სულ არ ვაპირებდი დარიანული ციკლის ელენეს მიერ ჩაწერილი და გამოქვეყნებული ლექსების ვარიანტების შედარებას და ამ კონკრეტულ თემაზე ჩემი აზრის გამოთქმას, მაგრამ ახლა მომიწევს და მალე მოგახსენებთ“, –  დაწერა ბაქრაძემ სოციალურ ქსელში.