LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანა კოშაძის პირადი ტრაგედია: „53 წლის გარდაიცვალა… ბოლო ორი კვირა მთლიანად ერთად გავატარეთ, აღარ მელაპარაკებოდა… იმ ოთახში ვიყავით ერთად, როცა სუნთქვა გააჩერა…“

1334
ანა კოშაძე

ანა კოშაძე „დილა მშვიდობისა საქართველოსთან“ დედის შესახებ საუბრობს და მისი დაკარგვის ამბავს იხსენებს:

„მიუხედავად იმისა, რომ დედა ჩემ გვერდით აღარ არის, ახლაც არის ჩემი მოტივაცია, ძალა და მხარდაჭერა. ძალიან რომ მიჭირს ხოლმე, კიდევ უფრო ხშირად მახსენდება. მეუბნებოდა ხოლმე, რომ გარეგნობას ფასი არა აქვს ადამიანში, თუ არ იქნება შინაარსიანი და საინტერესო ადამიანი. მეუბნებოდა, რომ უნდა იყო საინტერესო. რა მახსენდება, იცით? „დროს კარგავ“, ამას ხშირად მეუბნებოდა. თუ ნაყოფიერად არ ვხარჯავ დროს, ეს ახლაც მახსოვს სულ.

ამ გადმოსახედიდან რომ ვფიქრობ, რატომ იყო ძალიან მაგარი დედა, პირველ რიგში, იმიტომ, რომ ყოველთვის მელაპარაკებოდა. ნებისმიერ აკრძალვას მოჰყვებოდა ახსნა-განმარტება. აუცილებლად მიხსნიდა, რატომ არ შეიძლებოდა კონკრეტული ქმედება. როცა რაღაც ახალს ვიწყებდი, ყოველთვის მიმეორებდა, შენ ეს შეგიძლიაო. დღესაც ეს მახსენდება, როცა რაღაც ახალს ვიწყებ, მახსენდება, რომ მთავარია მინდოდეს, ისწავლი, იშრომებ, იკითხავ, ვინმეს ჰკითხავ და მიაღწევ.

მკაცრი იყო, როცა საქმე ეხებოდა სწავლას და ზრდილობის ნორმებსა და მანერებს.

თავისი ცხოვრება მთლიანად მე დამითმო. ამ გადმოსახედიდან რომ ვფიქრობ, ეს მშობლისგან არასწორია. თითქოს, რომ გავიზარდე, თითქოს დაიკარგა… მოტივაცია ხომ არ დაკარგა სიცოცხლისთვის-მეთქი, ესეც კი მიფიქრია, იმდენად ჩემი ცხოვრებით ცხოვრობდა.

53 წლის გარდაიცვალა. 51 წლისას უკვე ჰქონდა კიბოს დიაგნოზი… არ დანებებულა, ისე გააგრძელა ცხოვრება, როგორც ცხოვრობდა და დამოკიდებულებები ძალიან შეცვალა, მიხვდა, რომ საკუთარ ბედნიერებაზე უნდა ეფიქრა…

სიცოცხლის ბოლო წუთამდე მაჩვენებდა, რომ სჯეროდა, სიცოცხლეს გააგრძელებდა. მივხვდი, რომ ბევრ რამეს ჩემ გამო აკეთებდა… ბოლო წუთებამდეც კი ფიქრობდა იმაზე, რომ ჩვენ არ გვტკენოდა…

ერთი მომენტი მახსოვს ძალიან მტკივნეულად. სამსახურში რომ დამაწინაურეს, დედას გავუზიარე, მაგრამ იმდენად ცუდად იყო, რომ ემოცია ვერ გამოხატა. ამ დროს მივხვდი, რომ ძალიან დამაკლდებოდა და იმასაც მივხვდი, რომ ვკარგავდი… მივხვდი, რომ მისი მხარდაჭერა დამაკლდებოდა. ბოლო ორი კვირა მთლიანად ერთად გავატარეთ, აღარ მელაპარაკებოდა… იმ ოთახში ვიყავით ერთად, როცა სუნთქვა გააჩერა. ხმაზე მივხვდი, რომ აღარ იყო ცოცხალი… მაინც ვიტირე…

მადლიერი ვარ, რომ ის 28 წელი მაინც მქონდა, რომელიც მასთან გავატარე”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g