ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ოპერირებით მსოფლიო კლასის პორტოპერატორი SSA Marine დაინტერესდა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, კომპანია, ამ თემაზე მოლაპარაკებებს ”ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ აწარმოებს.
საქართველოში იმყოფება SSA Marine-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ბობ უოთერსი, რომელსაც დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შეხვდა.
კომპანიის პირველ ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრისას, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ქვეყნისთვის ერთ-ერთი უმთავრესი სტრატეგიული პროექტია, რომლის წარმატებით განხორციელებისთვის, მსოფლიო კლასის პორტოპერატორის მოზიდვა მნიშვნელოვანია.
ცნობისთვის, აშშ-ის უმსხვილესი სანავსადგურე სატერმინალო ოპერატორის, SSA Marine-ის სათავო ოფისი სიეტლში მდებარეობს. კომპანიის მფლობელობაშია ტერმინალები მსოფლიოს 9 ქვეყანაში. ოფიციალური ინფორმაციით, SSA Marine წლიურად 27.2 მილიონ კონტეინერს (TEU) ამუშავებს. SSA Marine-ის საქმიანობის სფეროს ასევე განეკუთვნება მშრალი ტვირთის დამუშავება და სამგზავრო-საკრუიზო გადაყვანები.