გადაცემის სტუმარი მსახიობი, მოცეკვავე და მომღერალი ანდრია გველესიანი იყო. საუბარი მისი საქმიანობის შესახებ წარიმართა.
– ანდრია, 3-4 თვის წინ იყავი ჩემი გადაცემის სტუმარი. მაშინ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობდი და საბოლოოდ მე-2 ადგილს დასჯერდი…
– დიახ, ნამდვილად ასეა. ჩემთვის ეს იყო გამარჯვება, რადგან მაშინდელი ხალხის სიყვარული დღემდე მომყვება. დიდი გამოცდილება მივიღე ჩემი ძირითადი პროფესიის, მსახიობობის მხრივაც. მომემატა პლასტიკა და სცენაზეც აისახება ეს ყველაფერი.
– სიმღერის კონკურსში მესამე ადგილი აიღე…
– დიახ, მსახიობობაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია სიმღერაც, თუმცა მსახიობობისთვის მომღერლობის შეთავსება ძალიან რთულია.
– მსახიობობა თუ მომღერლობა?
– ორივე, მაგრამ მსახიობი-მომღერალი ალბათ. მე უფრო მსახიობი ვარ. ბევრი მაგალითია გარშემო, ორივეს რომ კარგად ართმევდა თავს, მაგალითად ფრენკ სინატრა და ვფიქრობ, მეც მაქვს ამისი პოტენციალი, რომ ორივე კარგად გავაკეთო.
– როგორ მოხვდი „სლავიანსკი ბაზარზე“?
– სულ ერთი კვირა მქონდა მოსამზადებლად, „ცეკვავენ ვარსკვლავების“ შემდეგ. ვიყავი ერთ-ერთ ხმისჩამწერ სტუდიაში და ვწერდი სიმღერას. მამაჩემმა გამაცნო ბატონი ჯემალ სეფიაშვილი და სწორედ მან შემატყობინა ამ კონკურსის შესარჩევი კონკურსის შესახებ, რომლის ჟიურის წევრიც აღმოჩნდა. „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მერე 2 დღე უბრალოდ დავიძინე და ერთ კვირაში მოვამზადე ყველაფერი, რაც კონკურსისთვის იყო საჭირო.
– როგორც ვიცი, სულ ცოცხლად მღერი…
– დიახ, ნამდვილად ასეა და ამის გამო პრობლემაც შემქმნია. მაგალითად ტელევიზიებში, სადაც ხშირად უპირატესობას ჩანაწერს ანიჭებენ.
– როგორი იყო განწყობა უცხოეთში, როდესაც ნაცნობი არ გყავს გარშემო?
– მამასთან ერთად ვიყავი კონკურსზე და ჩემი მთავარი გულშემატკივარი ის იყო და იმდენად გვერდში მედგა, რომ უცხო გარემოში ყოფნა არც მიგვრძნია.
– ანდრია, დღეს რა გეგმები გაქვს?
– დილით ცოტა ვერ ვიყავი, მაგრამ პოზიტიურ განწყობას არ ვკარგავ. ახლა გაცილებით კარგად ვარ თქვენთან. აქედან სტუდიაში მივდივარ, ალბომის გამოშვებას ვგეგმავ, ჩემი საყვარელი სიმღერებს ვაქავერებ. ვიცი, რომ მხოლოდ ქავერები არ კმარა წარმატებისთვის, შესაბამისად მაქვს საკუთარი სიმღერებიც და სწორედ მათ დასამუშავებლად მივემართები.
– პირადში რა ხდება?
– ზოგადად არასოდეს პირადზე არ ვსაუბრობ, ვინც საჭიროა იცის რაც ხდება. ვთვლი, რომ ზედმეტია ასეთი ინფორმაციის გაჟღერება ყველასთვის. ასე რომ, ახლაც თავს შევიკავებ. უბრალოდ ვიტყვი, რომ ყველაფერი არის ფანტასტიურად. მაინცდამაინც არსებობს ფეისბუქ-გვერდი, რომელიც ნებისმიერი ადამიანისთვის ღიაა და იქ ნახავს მსურველი, რომ არსებობს ასეთი ადამიანი. უბრალოდ მე არ მიყვარს ამაზე ლაპარაკი.
– ეჭვიანი ხარ?
– არანაირად. სადაც სიყვარულია იქ ეჭვზე ლაპარაკი სისულელე მიმაჩნია.
– კულინარიასთან როგორ ხარ?
– ძალიან მიყვარს, მაგრამ ამ ეტაპზე ვერ ვახერხებ. იმედია ოდესმე მექნება იმდენი დრო, რომ ვისწავლო ბევრი რამის კეთება.
– რა გაღიზიანებს ყველაზე მეტად?
– უსამართლობა მაღიზიანებს, მოჟამული სახეები, კიდევ ისეთი ადამიანები, რაღაცას რომ ამბობენ და სინამდვილეში ამის თავი არ აქვთ და ა.შ. თუმცა ეს ყველაფერი გამოსწორებადია.
– რომელია ადგილი, სადაც ყველაზე კარგად გრძნობ თავს?
– მეგობრების წრე, ჩემი თეატრი, სადაც ძალიან ბევრი მეგობარი მყავს.
– მსახიობი, რომელსაც შეხვდებოდი და კითხვა, რომელსაც მას დაუსვამდი…
– ტომ ჰარდი, გუშინ ვუყურე მისი მონაწილეობით ფილმს „Lock”, ძალიან საინტერესო კინოა. სიამოვნებით შევხვდებოდი მას და ბევრ რამეს ვკითხავდი.
– შეგიძლია ადამიანების ცნობა?
– კი, ვხვდები, როდის არის ადამიანი კეთილი, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე უარყოფით თვისებებსაც ვხვდები.
– ბოლოს კომპლიმენტი როდის მიიღე?
– არე მახსოვს, ვერ ვიმახსოვრებ ასეთ რამეებს.
– როლი, რომელზეც ოცნებობ…
– ეს როლები გარკვეულწილად უკვე ნათამაშები მაქვს. ალბათ „ჰამლეტი“, მაგრამ მე „მაკბეტს“ ვანიჭებ უპირატესობას და ნათამაშებიც მაქვს.
– როგორი იყო ეს ერთი საათი ჩვენს სტუდიაში?
– ძალიან კარგი იყო და როცა მომიწვევთ, სიამოვნებით მოვალ კიდევ.
– წარმატებებს გისურვებ.