LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანდრო გოცირიძე რუსების შემოსვლაზე: მშვიდობიანი ტურისტის სახით დაზვერვის ოფიცრების შემოჟონვა ჩვეულებრივი პრაქტიკაა და ამას ყველა ქვეყანა იყენებს ომის წინა ეტაპზე

507
ანდრო გოცირიძე

უსაფრთხოების სისტემების სპეციალისტი, ანდრო გოცირიძე რუსი მოქალაქეების საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე წერს და განმარტავს, რა რისკების შემცველი შეიძლება გახდეს ქვეყანაში რუსების მასობრივი შემოსვლა. 

როგორც ანდრო გოცირიძე აღნიშნავს, რუსეთის მოქალაქეების მასობრივი შემოსვლა უსაფრთხოების სერიოზული რისკების შემცველია, ამასთან, იგი ამატებს, რომ რაიმე ფობიასთან არანაირი შეხება არ აქვს.

„თუმცა ასეც რომ იყოს, არ გვაქვს საფუძველი?

⛔️მშვიდობიანი ტურისტის სახით დაზვერვის ოფიცრების შემოჟონვა ჩვეულებრივი პრაქტიკაა და ამას ყველა ქვეყანა იყენებს ომის წინა ეტაპზე, რატომ არ გამოიყენებს რუსეთი? ვისაც სადაზვერვო სტრუქტურასთან ახლოს მაინც გაუვლია, იცის, რომ დაზვერვის საქმე მარტო ინფორმაციის მოპოვება არ არის და მწვავე ღონისძიებები, ასევე დივერსიები და ზოგჯერ ქალაქზე კონტროლის დამყარება, გზის ჩვენება და გახსნა, სწორედ სამხედრო დაზვერვის ფუნქციაა. დიდი ნაკადებისას და სპეცსამსახურისთვის ჩვეული კონსპირაციის პირობებში გამართულ კონტრდაზვერვასაც უჭირს ხარისხიანი ფილტრაცია.

⛔️რუსეთის მოქალაქეთა დიდი ნაკადი გაზრდის მასზე ჩვენი მცირე და მიკრობიზნესის დამოკიდებულებას. მივიღებთ რუსული ფულისადმი ლოილაობის ზრდას, რაც, სავარაუდოდ საომარ პირობებში მდგრადობას და მოსახლეობის წინააღმდეგობას შეასუსტებს, არასაომარი განვითარებისას კი გაზრდის პრორუსული ძალებისადმი ლოიალობას. გრძელვადიან ვითომ მშვიდობიან ჭრილში ყველამ იცის რუსი ტურისტის ნაკლებად ორიენტირება სერვისზე, რაც ჩვენი მომსახურების ხარისხს დასცემს. ისედაც არ უნდა დაგვეშვა აჭარის, ბაკურიანის, თბილისის, ყაზბეგის მცირე და მიკრობიზნესების ამგვარი დამოკიდებულება რუს ტურისტებზე, სამშენებლო ბიზნესისა და მეღვინეობის, ასევე გლეხობის რუსულ „ნემსზე შესმა“, დამოკიდებულების გაჩენა.

⛔️დიდი ოდენობით რუსეთის მოქალაქეები, რომელთაც ქონების შეძენის საშუალებაც მიეცემათ, შესაძლოა „კაზუს ბელის“ შექმნას მოემსახუროს. აქამდე ყველა სახელმწიფოსთან ომისას რუსეთმა საკუთარი მოქალაქეების დაცვა გამოაცხადა. დიდად მიზეზი შეიძლება არც სჭირდებოდეს, თუმცა მათი გამოყენება ასევე საომარი მოქმედებებისას ჩაბარების ატმოსფეროს შესაქმნელადაც შესაძლებელია.

⛔️რუსული სპეცსამსახურების მხრიდან საქართველოს ოფიციალური სტრუქტურების თუ ბიზნესის პენეტრაციის ხარისხის გათვალისწინებით, არაა გამორიცხული საქართველო სანქციებიდან თავის არიდებისათვის საჭირო მესამე ქვეყნად იქცეს, აქედან გამომდინარე პოლიტიკური თუ ეკონომიკური შედეგებით.

⛔️თავის დროზე უვიზო რეჟიმი დაწესდა ჩრდილოკავკასიელთათვის დემოკრატიული პრეცედენტის, ქვეყნის სწრაფი განვითარების და მათი შესაძლო პერსპექტივის აფიშირების მიზნით. დღეს ამისი არც წინაპირობაა და არც საჭიროება, ამასთან, ომი მიდის და მომდევნო სამიზნე შეიძლება ჩვენ ვიყოთ, ამიტომ უკიდურესად ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ ამ საკითხს. ისიც საინტერესოა, რამდენად დამუშავებული და გათვალისწინებულია ეს სცენარები მშიდობიან დროს.“ – წერს ანდრო გოცირიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g