ქალაქის ხმაურს რომ გაექცე და სიმშვიდეში გადაინაცვლო, ზოგჯერ უბრალოდ ერთი ნაბიჯია საჭირო – მცენარეებისკენ. მაღაზია-სალონი „ანემონე“ სწორედ ის სივრცეა, სადაც გარდა იმისა, რომ თავისუფლად სუნთქავ, აქ შეგირჩევენ მცენარეს, რომელიც არა მხოლოდ ინტერიერს დაამშვენებს, არამედ შენს ყოველდღიურობას სიმშვიდესაც შემატებს.
ანი არველაძე, მცენარეების მაღაზია-სალონის „ანემონე“ დამფუძნებელი:
– „ანემონე“ დიდი სიყვარულით და მოტივაციით შეიქმნა 8 წლის წინ – საკუთარი პრაქტიკიდან, თუ მოგზაურობაში მიღებული ემოციებიდან გამომდინარე. მინდოდა, ჩემს ქალაქშიც ყოფილიყო ადგილი, სადაც ადამიანებს ერთ სივრცეში შეეძლებოდათ მცენარეებთან დაკავშირებული ყველა სერვისის მიღება, იქნებოდა ეს მცენარეების ინტერიერისა და ექსტერიერისთვის არჩევა, მრავალფეროვანი ქოთნების შეძენა, მცენარეების მოვლასთან დაკავშირებული კონსულტაციის მიღება და ა.შ. მაგრამ მოხდა ისე, რომ „ანემონემ“, წლებთან ერთად, სხვა ბევრი კარგი ფუნქციაც შეითავსა და უპირველესად, იმ ადამიანების დამსახურებით, რომლებიც ამ სივრცეს სტუმრობენ.

– რა აღმოაჩენინა „ანემონემ“ საკუთარ თავში ახალი მომხმარებელს მცენარეებთან ურთიერთობის კუთხით?
– მომხმარებელთან მუდმივად მაქვს ურთიერთობა და ყოველთვის ვაკვირდები მათ ქცევას, მოთხოვნებს, მათთან ერთად ვიზრდები მეც. რაც უნდა გასაკვირი იყოს, 8 წლის წინ ქოთნების ფერების არჩევანიც კი არ იყო (ძირითადად პლასტმასის ყავისფერი და მწვანე ქოთნები იყიდებოდა), თუმცა ნელ-ნელა დაიხვეწა ეს მიმართულებაც – დღეს უკვე გვაქვს კერამიკული, ბეტონისგან დამზადებული ქოთნები, გაიზარდა პლასტმასის ქოთნების ფერთა პალიტრაც. გარდა ამისა, „ანემონეს“ შექმნისას გვქონდა მოტივაცია, რომ მცენარე, როგორც საჩუქარი გამხდარიყო მოთხოვნადი და სასურველი. მიხარია, რომ დღეს ეს უკვე ასეა, განსაკუთრებით დღესასწაულებზე, წლიდან წლამდე, ბევრი კომპანია გვიმეგობრდება, რომელიც სწორედ ქოთნის მცენარეს ირჩევს საჩუქრად. ვფიქრობ, ასეთი საჩუქარი დიდი ემოციის მომტანიც არის და ბუნებაზე პასუხისმგებლობის გრძნობის გამღვიძებელიც. მცენარის ჩუქება, ერთგვარად, ზრუნვისკენ ბიძგებაა, რადგან ის ცოცხალი არსებაა. მზრუნველობის განვითარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადრეულ ასაკში და მიხარია, რომ ბავშვებიც ხშირად სტუმრობენ ჩვენს სივრცეს. მთელი წლის განმავლობაში მათთვის (სკოლის მოსწავლეებისა, თუ საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის) შემეცნებით გაკვეთილებს ვატარებთ, რომელთა ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, რომ ბავშვებს შინ მიჰყავთ ჩვენთან დარგული მცენარე. მათი დამოკიდებულება მცენარეების მიმართ ისეთი სათუთი და გულწრფელია… გარდა იმისა, რომ სურვილს ჩაიფიქრებენ ხოლმე დარგვისას, მცენარეებს სახელებსაც კი არქმევენ. მიხარია, რომ ეს ბავშვები ხშირად ბრუნდებიან ჩვენთან. სხვათა შორის, სანამ „ანემონეს“ შევქმნიდი, ბავშვებთან ურთიერთობის გამოცდილება უკვე მქონდა და მიხარია, რომ ის, რაც მანამდე მიყვარდა და იყო ჩემი ყოველდღიურობა, ამ საქმეშიც დარჩა ჩემს ცხოვრებაში.
– გარდა იმისა, რომ „ანემონეში“ ხშირად ტარდება ვორქშოპები მცენარეების მოვლასთან დაკავშირებით პატარებისთვის და დიდებისთვისაც, გაქვთ სტუდიაც, რომელსაც სხვა ადამიანებს უთმობთ სხვადასხვა ღონისძიების ჩასატარებლად.
– ესეც ძალიან ბუნებრივად მოხდა. ჩვენი სტუმრები ხშირად აღნიშნავენ, რომ „ანემონე“ მათთვის განტვირთვის საუკეთესო ადგილია. გარდა ამისა, ხშირად მეკითხებიან, ვაკანსია ხომ არ გვაქვს, იმდენად უნდათ, ჩვენი ნაწილი იყვნენ. სწორედ აქედან გაჩნდა იდეა, რომ ადამიანებმა იქირაონ ჩვენი სივრცე, რათა ჩაატარონ საკუთარი მასტერკლასები, დაგეგმონ საინტერესო შეხვედრები, პრეზენტაციები, ნებისმიერი კრეატიული თუ პროფესიული აქტივობები. მიხარია, რომ ჩვენს სტუდიაზე მოთხოვნა მხოლოდ მზარდია.

– „ანემომე“ მუდმივად განვითარებაზეა ორიენტირებული, თუმცა ბიზნესში ვერ იქნები მხოლოდ ენთუზიაზმე დამოკიდებული, გარკვეული ხელშეწყობაც არის საჭირო და ამიტომ მოდით იმ გრანტზე მოგვიყევით, რომელიც ცოტა ხნის წინ მოიპოვეთ სწორედ ახალი იდეების განსახორციელებლად.
– დიახ, მოტივაციისთვის ყოველთვის საჭიროა წახალისება და ჩემთვის ნამდვილად სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ ცოტა ხნის წინ ჩავერთე საქართველოს ბანკის და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივ, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამაში, რომლის წყალობითაც გარდა იმისა, რომ ბევრი საინტერესო მეწარმე ქალი გავიცანი, გავიარე სამდღიანი ტრენინგი, ბოლოს კი საგრანტო განაცხადი შევიტანე დიდი ხნის წინ დაბადებულ იდეაზე. მიხარია, რომ ეს გრანტი მოვიპოვე, ის დამეხმარება იმაში, რომ „ანემონეს“ ქოთნების საკუთარი ხაზი ჰქონდეს. აქვე აღვნიშნავ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მცენარეს თავიდანვე სწორად შეერჩეს ქოთნის ზომა მისი კარგად ზრდა-განვითარებისთვის.
– და ბოლოს, შავი პარასკევის კვირეულისა და საახალწლო შეთვაზებების საკითხსაც შევეხოთ
– კონკრეტულ მცენარეებზე კვირის ბოლომდე გვექნება ფასდაკლება. რაც შეეხება ახალ წელს, „ანემონეში“ უკვე აქტიურად ვფუსფუსებთ ყველაზე ჯადოსნური დღესასწაულის სათანადოდ შესახვედრად, ვმუშაობთ კორპორაციულ შეკვეთებზე, გვექნება საინტერესო შეთავაზებები რიგითი მომხმარებლებისთვისაც. და რა თქმა უნდა, რადგანაც წიწვოვანი მცენარეები წელსაც ახალი წლის განუყოფელი ნაწილი იქნება, ყველას კიდევ ერთხელ ვთხოვ, გავუფრთხილდეთ ამ მცენარეს, ნუ მოვჭრით, რადგან მას წლების სჭირდება, რომ გაიზარდოს, ვაჩუქოთ ის ერთმანეთს ქოთნით.