LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანგარიში მისაღებია: დინამომ მოიგო (ვიდეო)

45

თბილისის ”დინამომ” ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ შეხვედრაში ერევნის ”ალაშკერტი” 2:0 დაამარცხა და მომდევნო ეტაპისკენ საკმაოდ დიდი ნაბიჯი გადადგა.

ორივე გოლი შეხვედრის მეორე ტაიმში გავიდა. თავი შეცვლაზე შესულმა ოთარ კიტეიშვილმა და პენალტიდან გიორგი ქვილითაიამ გამოიჩინეს.

ფავორიტად მიჩნეული ”დინამოს” უპირატესობა აშკარა იყო, თუმცა ისიც საგულისხმოა, რომ ჩვენები ორ ეპიზოდში აშკარა გოლს გადაურჩნენ და ერთიც რომ გასულიყო, მინიმალური სხვაობით გამარჯვება განმეორებით შეხვედრაში წნეხის ქვეშ მოაქცევდა ”დინამოს”.
მოკლედ, ორრაუნდიან დაპირისპირებაში პირველი მატჩი მხოლოდ პირველი ტაიმია ხოლმე და ამიტომ ”დინამოელებს” ყურადღებით ყოფნა მართებთ.

თუმცა სომხების ორი მომენტის გარდა, ბუნებრივია თბილისელების არაერთი საგოლე ეპიზოდიც უნდა გავიხსენოთ. გატანილი გოლების გარდა, მასპინძლებს ერთი-ორი გოლის შეგდება კიდევ შეეძლოთ და დამაგვირგვინებელ ფაზაში ცოტა უკეთ რომ ეთამაშათ, მთლად დამშვიდებული წავიდოდნენ ერევანში.

ასეა თუ ისე, ”დინამო” რჩება წყვილის ფავორიტად და ჩვენი ჩემპიონი ვალდებულიც კი არის ეს ბარიერი გადალახოს.
განმეორებითი მატჩი ერევანში, რესპუბლიკურ სტადიონზე 19 ივლისს გაიმართება.

მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ”დინამოს” მწვრთნელმა იურაი იარაბეკმა აი ასე შეაფასა თამაში:
”მიზნად სწრაფი გოლის გატანა დავისახეთ, რაც არ გამოვიდა. მეტოქე კარგად ორგანიზებული გუნდია, რომელსაც ეხერხება კონტრშეტევებზე თამაში. მეორე ტაიმი უკეთესი იყო, ვიდრე პირველი. ოთარ კიტეიშვილი შეხვედრაში აქტიურად ჩაერთო და მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა. ანგარიში მისაღებია, თუმცა ალაშკერტი სომხეთის ჩემპიონია და ჩვენ მათ პატივი უნდა ვცეთ, სტუმრად სერიოზული ბრძოლა გველის. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო გულშემატკივარს, რომელიც თამაშის ბოლომდე აქტიურად გვიჭერდა მხარს. დინამო სწორედ გულშემატკივრისთვის თამაშობს”.

 
დინამო 2:0 ალაშკერტი
გოლი: 1:0 კიტეიშვილი 55’; 2:0 ქვილითაია (პენ) 69’

დინამო: სკრიბე, შპიჩიჩი, ამისულაშვილი ©, რენე სანტოსი, ლობჟანიძე (კიტეიშვილი 49), პარუნაშვილი, ველევი, ჭანტურიშვილი, ჯიღაური, დვალიშვილი (კურიე 83), ქვილითაია (პაპუნაშვილი 75)

ალაშკერტი: კასპაროვი, ვოსკანიანი, ტაშიჩი (ბარეღამიანი 46), მურადიანი, დაშიანი, პოღოსიანი, იედიგარიანი, სავინი (ედიგარიანი 63), მინასიანი ©, გრიგორიანი, გიოზალიანი (მელქონიანი 83)

გაფრთხილება: მინასიანი 28’ პოღოსიანი 37’ კიტეიშვილი 51’ ბარეღამიანი 71’
მსაჯი: სებასტიან კოლტესკუ

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g