LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანი მიროტაძე: ძალიან ვყვარებივარ ღმერთს, რომ სხვებთან არაფერი გამოვიდა და დათო შემხვდა

14

„ვიზიტორის“ პირველი ნაწილის სტუმრები ჟურნალისტი და პოლიტიკოსი ანი მიროტაძე და კონკურს „მისტერ ვალენტინის“ დამფუძნებელი კახი ხაბეიშვილი იყვნენ.

– ანი, ბევრი ჟურნალისტი მინახავს, პოლიტიკაში წასული და ისევ თავის საქმიანობას დაბრუნებული…
– იმიტომ, რომ ჟურნალისტობა ძალიან საინტერესო საქმიანობაა. სულ მოვლენების ეპიცენტრში და სულ საქმეში, თუმცა ჩემს შემთხვევაში მგონია, რომ ახლა პოლიტიკაში გაცილებით მეტი მაქვს საკეთებელი, ამიტომ ვაგრძელებ ოპოზიციურ ფლანგზე კიდევ უფრო მეტ აქტიურობას. ჩემი საპატიო ტაიმ-აუტი დასრულებულია და უფრო ხშირად მიხილავთ.

„სასურველი სარძლოების“ რეიტინგების სათავეში ხშირად ყოფილხარ…
– დიახ, ვიყავი ასეთი რეიტინგების სათავეში, ახლა დავოჯახდი და სარძლოების რეიტინგს გამოვაკლდი.

როგორც პოლიტიკოსი ქალის, ეშინოდათ თუ არა მამაკაცებს შენი?
– კი,  მქონია პრობლემები პირად ურთიერთობებში. რატომღაც კაცებს ძლიერი ქალების ეშინიათ, არადა საერთოდ არ არის რთული.

როგორია შეყვარებული ანი?
– ალბათ ორი ანი მიროტაძე არსებობს, ოჯახში და სამსახურში. შეყვარებული ანი ჩვეულებრივი შეყვარებული ქალია, თავისი ბედნიერებით, სიხარულით, სიყვარულით, სევდით და ა.შ.

პოლიტიკოსობის პერიოდში ჟურნალისტობა არ გენატრებოდა?
– რა თქმა უნდა, პოლიტიკა გარკვეულ ჩარჩოებშია მოქცეული. მე ნაკლებად ვიყავი მასში მოქცეული, მაგრამ მაინც. სხვათაშორის, ჟურნალისტობა ძალიან დამეხმარა, რომ პოლიტიკაში ნაკლებად ჰალსტუხმოჭერილი შევსულიყავი. ზოგადად, ყველა სფეროს თავისი ხიბლი აქვს, მათ შორის პოლიტიკას.

– კითხვისთვის თუ აგირიდებია თავი?
– მე ყველა ჟურნალისტი დამეთანხმება, რომ არასოდეს მიუწვდომელი პოლიტიკოსი არ ვყოფილვარ. როდესაც მქონია მსგავსი შემთხვევა, რომ პასუხის გაცემა არ მდომებია, კამერების წინ მითქვამს, რომ ამაზე კომენტარის გაკეთება არ მსურდა.

– რას უსურვებდი ახალგაზრდა თაობას, რომელსაც პოლიტიკაში მოსვლა სურს?
– აუცილებლად უნდა მიიღონ განათლება, უნდა იმუშაონ საკუთარ თავზე და აუცილებლად უნდა ჰქონდეთ მოთმინება. სხვა შემთხვევაში არაფერი არ გამოვა. პრინციპულობაც ძალიან მნიშვნელოვანია.

– ამბობენ, რომ პოლიტიკოსებს უჭირთ სავარძლის მიტოვება…
– ეს ალბათ მათთვის, ვისთვისაც სტატუსია მნიშვნელოვანი. მე ყოველთვის ვიცოდი, რომ ეს დროებითია და ზუსტად ვიცი ისიც, რომ მის მოსაპოვებლად მომავალშიც არ მექნება პრობლემა. ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე მაქვს სტატუსი და ეს არის უმთავრესი.

ანი, რაც შეეხება შენს პირად ცხოვრებას, სად გაიცანი მომავალი მეუღლე?
– ჭიათურაში მაჟორიტარად ვიყრიდი კენჭს, დაახლოებით მაისში ვიყავი ჩასული და როგორც ყოველთვის, იქ მუდმივად ადგილობრივი ადამიანები იკრიბებოდნენ. მე სიმართლე რომ გითხრათ, დათო არ შემიმჩნევია, მაგრამ როგორც ჩანს, მან შემამჩნია. პოლიტიკისგან შორის იყო მაშინაც და ახლაც და არ იცოდა ვინ ვიყავი. არის პროფესიონალი ფეხბურთელი, მაგრამ ამ ეტაპზე აღარ თამაშობს.

სადაც არ ველოდებოდი, ყველგან იყო, ძალიან დიდ ყურადღებას და მზრუნველობას იჩენდა ჩემს მიმართ. ეს არის ადამიანი, რომელთანაც ძალიან მშვიდად ვარ. მალევე მივიღეთ გადაწყვეტილება – ესეც მისი ინიციატივით, თორემ მე ალბათ კიდევ დიდხანს ვიფიქრებდი.

ხომ არ გაიპარეთ?
– ასე გამოვიდა (იცინის), გავეპარეთ ხმაურს და იმ ყველაფერს, რაც ამას მოჰყვებოდა. რამდენიმე ადამიანი იყო მხოლოდ მკაცრად გაფრთხილებული, მაგრამ საქართველოა და არაფერი იმალება.

სიურპრიზებს თუ გიკეთებს?
– მან იცის, რომ ეს არ უნდა იყოს ყვავილი. ყვავილის ყურება ისე მირჩევია და არა ჭკნობის პროცესში.

– ანი, აქამდე  გქონდა რომანები თუ კარიერის მოწყობას შეალიე წლები?
– რა თქმა უნდა, მქონია, მაგრამ ბოლომდე ვერცერთხელ ვერ მივიდა, სხვადასხვა მიზეზით. ალბათ ბედისწერის ხელიც ურევია ამ ყველაფერში. ძალიან ვყვარებივარ ღმერთს, რომ სხვებთან არაფერი გამოვიდა და დათო შემხვდა. ერთ-ერთი ყველაზე კარგი არჩევანია, რაც ცხოვრებაში გამიკეთებია.

– სამზარეულოში ტრიალი თუ გეხერხება?

– ვცდილობ, კარგი დიასახლისი დავდგე. ყველაფრის კეთება ნამდვილად არ ვიცი. ხმამაღლა ვაცხადებ, რომ არ ვარ კარგი დიასახლისი.

– ადგილი, სადაც ყველაზე კომფორტულად გრძნობ თავს…
– ჩემი სახლი, ჩემი ოჯახი.

– ვინ არის ადამიანი, ვისაც გაიცნობდი და რა კითხვას დაუსვამდი?
– მემგონი,  ვისთანაც მინდოდა შეხვედრა, ყველას შევხვდი და დავუსვი კითხვა. ზოგადად, არ მიფიქრია ამაზე, ალბათ ტრამპს შევხვდებოდი და ვკითხავდი, სპორტის რა სახეობაა პოლიტიკა, რომელსაც ის ატარებს ამერიკაში.

– კითხვით გადავალ კახისთან, პროექტმა „მისტერ ვალენტინი“ ბევრ ახალგაზრდას მოუტანა წარმატება, ორიოდე სიტყვით გვითხარი კონკურსის შესახებ…
– მრავალი წელია „ფორტუნა პლუსი“ ტრადიციას არ არღვევს და მსმენელი ჩვენი კონკურსის შესახებ ყველაფერს იგებს. დიდი მადლობა ქალბატონ ანის, ჩვენთან ერთად ყოფნისთვის.

ადამიანი, რომელმაც 9 წლის წინ „მისტერ ვალენტინის“ იდეა გაახმოვანა,  გია ჯაჯანიძეა და ქეთი ნაჭყებია, რომელიც სამწუხაროდ წლების წინ გარდაიცვალა.

ამ დროის განმავლობაში დაიმსხვრა სტერეოტიპი, რომ ბიჭი მოდელი საქართველოში არ შეიძლება და წარმატებული ვერ იქნება. კახი ხაბეიშვილმა ეს მიდგომა დაამსხვრია. არ დაგიმალავ და წელს მსურველების რაოდენობა არ იყო დიდი, მაგრამ ფინალსიტები უკვე არჩეული გვყავს.

ვინ იქნებიან კონკურსის ჟიურის წევრები?
– როგორც უკვე მოგახსენეთ, ქალბატონი ანი მიროტაძე, ჟურნალისტი ლალი მოროშკინა, მოდელი და წამყვანი მანიკა ასათიანი, მსახიობი და მოდელი თამარ პოპიაშვილი, მომღერალი აჩიკო მეფარიძე, მარკუს მეტრეველი, ხატია შამუგია, ნინო ნადირაძე -კუზანოვა და ა.შ. საღამოს წამყვანები იქნებიან თამუნა გომართელი და ივანე ქართველი.

– ანი, როგორც ჟიურის წევრი, რთულია ასეთი გადაწყვეტილების მიღება და საუკეთესოს გამოვლენა?
– პირველ რიგში, იმსხვრევა სტეროტიპი, რომ ქართველ კაცს პოდიუმზე არაფერი ესაქმება. თუ ლამაზი სხეული გაქვთ, უნდა აჩვენოთ და არფერი ცუდი ამაში არ არის. რაც შემეხება მე, არაფერი რთული ამაში არ არის, თუ ადამიანი დააკმაყოფილებს კრიტერიუმებს, მე სრულიად ობიექტურ გადაწყვეტილებას მივიღებ. ჯერ კიდევ არის დრო, რომ კონკურსანტებმა საკუთარი თავი კარგად წარმოაჩინონ.
– პირადად თუ იცნობ კონკურსანტებს და ფავორიტი თუ გყავს?
– კი ვიცნობ უმეტეს მათგანს და ფავორიტიც მყავს, ერთი არა ოღონდ, ხუთი.

კახი: ერთს დავამატებ, „ფორტუნა პლუსი“ წლების განმავლობაში აშუქებს ჩვენი კონკურსის დეტალებს და წელს თქვენს რადიოს თავისი ფავორიტის გამოვლენის საშუალება  მიეცემა. ასე რომ, გელით სცენაზე და გამოავლინეთ თქვენი რჩეული.

– დიდი მადლობა. წარმატებებს გისურვებთ.

 

გადაცემის აუდიო ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები