20 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც „ქართული ხმების“ დიდმა თაობამ უმცროს თაობად წოდებულ ანსამბლ უნივერსიტეტს სიმბოლური „გასაღები“ და ლეგენდარული ქართული ბრენდის – „ქართული ხმების“ სახელი გადასცა. მას შემდეგ ანსამბლი აგრძელებს ტრადიციულ გზას და კუთვნილ ადგილს იკავებს ქართულ სასიმღერო გალერეაში.
ანსამბლი, წარმატებული პროექტით „ქართული ხმები – მიძღვნა დიდ ბიჭებს“ ამჯერად რეგიონებს ეწვევა – 19 აგვისტოს ი.ზაქაიძის სახელობის დუშეთის კულტურის სახლში, 27 აგვისტოს გურჯაანის კულტურის სახლში და 4 სექტემბერს ეროსი მანჯგალაძის სახელობის სამტრედიის დრამატულ თეატრში შედგება კონცერტები, რომელიც დედაქალაქის მსმენელმა ა.წ. ივნისის თვეში უკვე მოისმინა ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში.
„ანსამბლი 10-წლიანი პაუზის შემდეგ, დაბრუნდა ახალი რეპერტუარით და როგორც იტყვიან, „კარგად დავიწყებული ძველით“, ეს დაბრუნება თითოეულმა წევრმა იმ თავის დიდ სულიერ წინაპარს მიუძღვნა, რომელმაც 90-იანი წლების ნაცრისფერ თბილისში მათ, პატარა ბიჭებს ქართული სიმღერა შეასწავლა და შეაყვარა, დაარწმუნა, რომ მართლაც არსად ისე არ მღერიან, როგორც აქ, ამ ქვეყანაში. ანსამბლის თითოეულმა წევრმა ფეხი დიდ მაესტროებთან აიდგეს; თემურ ქევხიშვილთან – ანსამბლი „დარიალი“, ანზორ ერქომაიშვილთან – ანსამბლი „რუსთავი“ და თავისთავად ანსამბლ „ქართული ხმების“ დიდი თაობის გვერდით; დღეს კი ისინი სცენიდან უგზავნიან მადლობას მათთვის ასე ძვირფასს სახელებს – გოგის, „ბარდღას“, „თავგასას“, ზაურიკა ბიძიას, ბატონ გიას, დიდ „ქევხოს“, დიდ ანზორს – დიდ ბიჭებს.
საღამოს მუსიკალური კონცეფციის ნაწილია სიმღერები, რომელსაც ზემოთჩამოთვლილი დიდი არტისტები ვირტუოზულად ასრულებდნენ. ეს სიმღერები ახალი ვერსიების სახით კომპოზიტორ ქეთი გაბისიანის მიერ იქნა დამუშავებული და კონცერტში ბენდის თანხლებით გაიჟღერებს.
კონცერტების მუსიკალური ხელმძღვანელი – ქეთი გაბისიანი;
რეჟისორი – გვანცა მეფარიშვილი;
ბენდი: ლევან დეისაძე (ბას გიტარა) ზაზა ცერცვაძე (დრამი) გიგი ცინცაძე (გიტარა) ირაკლი მენთეშაშვილი (კლავიში) დიტო საკანდელიძე (პერკუსია);
კონცერტის ორგანიზატორი – კომპანია „Narrative Art Platform“;
პროექტის ხელშემწყობი: საქართველოს კულტურის სამინისტრო და სსიპ შემოქმედებითი საქართველო;
პარტნიორები: დუშეთი მუნიციპალიტეტი, სამტრედიის მუნიციპალიტეტი და გურჯაანის მუნიციპალიტეტი“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.