ანზორ მელია ქვეყანაში შექმნილ ვითარებას ეხმაურება და საუბრობს იმ დაძაბულ ფონზე, რომელსაც ადამიანები სტრესამდე მიჰყავს.
როგორც ცნობილი კარდიოლოგი აღნიშნავს, მას ამ დღეებში ბევრმა ადამიანმა მიაკითხა.
„მე ვარ პრაქტიკოსი ექიმი. ახლა მხოლოდ დაავადების მკურნალობა კი არ მიწევს, არამედ შოკირებული ავადმყოფების დამშვიდებაც. მიწევს მათი ფსიქოლოგიურად გამაგრება და დარწმუნება, რომ ყველაფერი კარგად იქნება. განსაკუთრებით ბოლო სამი კვირაა, ძალიან დიდი დატვირთვით ვმუშაობთ. მოდიან ახალი პაციენტებიც და ძველებიც, რომლებსაც გადატანილი აქვთ ინფარქტი, აქვთ მოციმციმე არითმია, გულის უკმარისობა და ამ სტრესის ფონზე გარკვეული ჩივილები ემატებათ.
მოდიან ახალგაზრდებიც ძალიან დატვირთულები, განერვიულებულები და ისეთი, რომ თვალებში სხივი არ აქვთ – სასწაულია, ასეთი ჯერ არ მინახავს. მათ მდგომარეობას ძალიან განვიცდი, ვკვდები, რადგან ძნელია ამის ყურება. არიან განერვიულებული და შეშინებული მოხუცებიც… ამ ნერვიულობის ნიადაგზე ადამიანები ინფარქტებითაც შემოვიდნენ. ასე უკონტროლოდ გაზის გაშვება, წყლის ჭავლში რაღაც გაუგებარი ნივთიერების შერევა და ამის დამიზნება საკუთარი მოსახლეობისთვის დღეს და ხვალ არა, მაგრამ რამდენიმე წელში ცუდ შედეგს მოგვიტანს. ადამიანების უმრავლესობა ამბობს, რომ თუ ასე გაგრძელდა მდგომარეობა, ქვეყნიდან უნდა წავიდეს. ვაწყნარებ, ვამშვიდებ და ვეუბნები, ვის უტოვებენ საქართველოს-მეთქი?!“ – აღნიშნავს ანზორ მელია ambebi.ge-თან.
ვრცლად სტატიას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.