LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აქციაზე არ ვყოფილვარ, დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ, ემოციურად ძალიან მძიმე ღამე მქონდა: ალეკო ელისაშვილი

69
ალეკო ელისაშვილი

“პირადად არ ვყოფილვარ აქციაზე, რადგან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ, ემოციურად ძალიან მძიმე ღამე მქონდა, ვერ ვინელებ იმ უპასუხისმგებლობას და გუშინ ძალიან ცუდად ვიყავი ფიზიკურად, მაგრამ იმ პროტესტის მიმართ, რაც გუშინ გაიმართა, აბსოლუტურად სოლიდარული ვარ,  – ამის შესახებ პარტია “მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რითაც რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერისა და მისი სტუმრების თბილისში ვიზიტის შემდეგ განვითარებული მოვლენები შეაფასა.

“ძალიან კარგია, ყოჩაღ და მადლობა თითოეულ იმ ადამიანს, რომელმაც პოზნერს  ანგელოზები დაუფეთა და პირიდან ლუკმა გააგდებინა,” – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა და დასძინა, რომ ხელისუფლების მიმართ ეჭვები ჩნდება – თუ რატომ ხდებოდა რუსი სტუმრების თავისუფალი გადაადგილება.

“სანამ აქცია არ დაიწყო, მანამდე ხომ არ მივიდა ინსპექცია და ის ღრეობა ხომ არ დააჯარიმა? მხოლოდ ამბავი რომ ატყდა, ამის შემდეგ დააჯარიმეს. კორონა რეგულაციები ჩვეულებრივ ხალხზე თუ ვრცელდება, მაშინ რატომ არ უნდა ვრცელდებოდეს ქართული სახელმწიფოებრიობის შეურაცხმყოფელ პოზნერზე და მის ამალაზე?!”- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

დეპუტატის აზრით, საჭიროა ხელისუფლებამ შესაბამისი რეაგირება მოახდინოს და დეტალები ახსნას. “მოქალაქეების” ლიდერის თქმით, შსს-მ 41 დაჯარიმებული პირის ვინაობაც უნდა გაასაჯაროოს, ხოლო ქართველი სპეცსამსახურები უნდა არკვევდნენ, რამდენად იყვნენ მათ შორის ადამიანები, ვინც მანამდე საქეიფოდ ცხინვალსა და სოხუმში დადიოდნენ და ახლა, “ასე ლაღად საქართველოში შემოვიდნენ.”

“ჯერ კიდევ ანდროპოვს ჰქონდა დამოკიდებულება და საქართველოს”იუჟნაია შაშლიჩნაიას” ეძახდა,  საბჭოთა საქართველოს სახელმწიფოდ არ აღიქვამდა. როგორც ჩანს, რუსებს დღემდე მიაჩნიათ,  რომ  ქართულ სახელმწიფოს შეიძლება ნებისმიერი რამ აკადრო – დააბრალო მაგალითად, ომის დაწყება, შემდეგ სინანული გამოთქვა, რომ ტანკები გაჩერდნენ შუა გზაზე და თბილისამდე ვერ მოვიდნენ, ამის შემდეგ ჩამოხვიდე “იუჟნაია შაშლიჩნაიაში”, როგორც ისინი ჩვენ აღგვიქვამენ და გემრიელად მოილხინო,”- აღნიშნა ელისაშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები