LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აქციის დარბევისას 240 ადამიანი დაშავდა – უახლესი ინფორმაცია დაზარალებულების შესახებ

441
65306242_2486477674750398_302225106178932736_o

თბილისის კლინიკებში რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის დაშლის შედეგად, 240-მდე ადამიანი აღმოჩნდა.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის უფროსის ავთანდილ თალაკვაძის ინფორმაციით, 240-მდე პაციენტს შორის 80-მდე პოლიციელია.

ამჟამად კლინიკებში რჩება 102 პაციენტი.

12 საათის მონაცემებით, ერთი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა, ორს ოპერაციას უკეთებენ. ორ პაციენტს თვალის ამოღება დასჭირდა.

შეგახსენებთ, გუშინ, სერგეი გავრილოვმა მართლმადიდებელი საპარლამენტთაშორისი ასამბლეის სხდომის მონაწილეებს პრეზიდიუმიდან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიმართა. პროტესტი პარლამენტის შენობაშივე დაიწყო, როდესაც ოპოზიციური ევროპული საქართველოს და “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატებმა პრეზიდიუმი დაიკავეს და რუს დეპუტატებს, გავრილოვის ხელმძღვანელობით, პარლამენტის შენობის დატოვება მოსთხოვეს. პარლამენტის შენობაში დაწყებულმა პროტესტმა სასტუმრო “რედისონთან” გადაინაცვლა, სადაც რუსი დეპუტატები პარლამენტის დატოვების შემდეგ მივიდნენ. ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების პროტესტის ფონზე, გავრილოვის გამოსვლა მმართველი პარტიის ლიდერებმა, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილმა და პრემიერმა ბახტაძემ დაგმეს. “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა რუსი დეპუტატებისგან საქართველოს დატოვება მოითხოვეს.

დეპუტატის მიერ საქართველოს დატოვების შემდეგ, საპროტესტო აქცია საქართველოს პარლამენტთან ხელისუფლების უმაღლესი პირების პასუხისმგებლობის დაყენების მოთხოვნით მოეწყო. ხალხი იმ პირების პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვდა, ვინც სერგეი გავრილოვის ჩამოყვანა, შემდეგ კი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩასმა უზრუნველყო.

პროცესები მაშინ დაიძაბა, როცა აქციის მონაწილეთა მცირე ნაწილმა, პარლამენტში შესვლა მოითხოვა, პოლიციის კორდონის დაყენების შემდეგ კი მის გარღვევას ცდილობდა.

აქცია სამჯერ დაიშალა – სპეციალური აღჭურვილობით, განსაკუთრებით დიდი ზომის რეზინის ტყვიებით და გაზის მაშხალებით. მეოთხედ მობრუნებული ხალხისგან პოლიციამ კი წმენდა ჩაატარა.

ფოტო: დათო შალიკაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები