აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლებმა დღეს, მთავრობის ადმინისტრაციასთან ბრიფინგი გამართეს და მთავრობას 5-დღიანი ვადას მისცეს, რათა დაასახელონ გონივრული ვადა, თუ როდიდან დაიწყებენ ბავშვები მკურნალობას. მშობლები მოითხოვენ, რომ პროცესი არაუგვიანეს 30 სექტემბრის დაიწყოს.
მათივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ 5-დღიანი ვადის ამოწურვის შემდეგ მთავრობისგან პასუხს ვერ მიიღებენ, მათი 24-საათიანი პროტესტი გაგრძელდება.
„ყველა საბჭოზე ჩვენი კითხვა იყო ქალბატონ თამარ გაბუნიასთან, საბჭოს წევრებთან, თუ როდის და სექტემბერში თუ შეძლებდნენ ეს ბავშვები მკურნალობას, მაგრამ სამწუხაროდ, აქამდე არ გვაქვს ეს ინფორმაცია.
ჩვენ ბოლო საბჭოზე, 3 ივლისს გვეგონა, რომ ყველაფერი დასრულდებოდა. ერთი თვის წინ დასრულდა პროტოკოლი, მაგრამ დასამტკიცებლად სჭირდებოდა დრო, ამიტომ მათ ითხოვეს 15-20 ივლისამდე დავლოდებოდით და შემდეგ უფრო მეტი გვეცოდინებოდა მედიკამენტთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, 19 ივლისს ჩვენი უამრავი მოთხოვნის შემდეგ, მივიღეთ წერილი, რომ 24 ივლისს იქნებოდა საბოლოო ვადა. დღეს არის 24 ივლისი, აქამდე მიზეზი, თუ რატომ არ მკურნალობდნენ ჩვენი შვილები იყო პროტოკოლი, დღეს პროტოკოლი სრულდება, ამიტომ ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ეს პროტოკოლი დღეს დასრულდება და ჩვენი შვილები სექტემბერში მიიღებენ მედიკამენტს, არა უმეტეს 30 რიცხვში.
პარასკევამდე ვთხოვთ მთავრობას, ჯანდაცვის სამინისტროს, დაგვისახელოს გონივრული ვადა, თუ როდის შეძლებენ, რომელი თვიდან დაიწყებენ ბავშვები მკურნალობას“ – აცხადებენ მშობლები.