LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პეტრესთვის არ მითქვამს და არც ვაპირებ, სანამ მისი ჯერი არ მოვა.. სულ სხვა სიმშვიდე და შვება ვიგრძენით“ – აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვის მშობელი, მაკუნა გოჩაშვილი განცდილ ემოციებს გვიზიარებს 

248
Untitled design (4)

აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების სამკურნალო მედიკამენტი უკვე საქართველოში, იაშვილის კლინიკაშია.

როგორც „ფორტუნას“ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განუცხადა, მედიკამენტის მიღებას ხვალიდან 4 ბავშვი დაიწყებს.

„იმის გათვალისწინებით, რომ პრეპარატს გარკვეული გვერდითი მომენტები ახლავს, ინექციის მიღება საავადმყოფოს პირობებში, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ განხორციელდება. ამ ბავშვებს სრული გამოკვლევა უკვე ჩაუტარდა. მათ პრეპარატის გამოყენების წინააღმდეგ ჩვენება არ აქვთ.

პირველ ეტაპზე, შეირჩნენ უფროსი ასაკის ბავშვები, სადაც სიმაღლეში მატების რესურსი ნაკლები იყო. შემდგომ ეტაპზე, მედიკამენტების დანიშვნის პროცესში თანდათან მცირე ასაკის ბავშვებიც ჩაერთვებიან. ამას გვიჩვენებს ის, თუ რამდენად უსაფრთხო იქნება პრეპარატის გამოყენება. მედიკამენტების მარაგები ეტაპობრივად შეივსება“, – განუცხადა „ფორტუნას“ ივანე ჩხაიძემ.

სამკურნალო მედიკამენტის საქართველოში შემოსვლის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ერთ-ერთი ბავშვის მშობელმა გაავრცელა სოციალურ ქსელში.

„ვზივარ და ვბღავი გიჟივით, თან ვიცინი, თან ვტირი.. რამდენიმე წუთის წინ გავიგე, რომ წამალი ჩამოვიდა და უკვე იაშვილის კლინიკაშია“ – მაკუნა გოჩიაშვილი 

მაკუნა გოჩიაშვილი, რომელიც სამკურნალო პრეპარატის შემოტანის მოთხოვნით, თვეების განმავლობაში მშობლების ხანგრძლივ პროტესტს უერთდებოდა, „ფორტუნას“ დღევანდელ ემოციებს უზიარებს.

„მედიკამენტს, რა თქმა უნდა, ველოდი. როცა დიდხანს ელი, მოლოდინიც იწელება. სექტემბრიდან მოყოლებული, დღე-დღეზე რომ ელოდები, მღელვარებაც მატულობს, ამ ფონზე კი ძალიან შოკის მომგვრელი იყო – საბოლოო გამარჯვების განცდის მომგვრელი.

როცა გავიგეთ, რომ წამალი კლინიკაში, სულ სხვა სიმშვიდე და შვება ვიგრძენით. ჩემი შვილისთვის, პეტრესთვის არ მითქვამს და არც ვაპირებ, სანამ მისი ჯერი არ მოვა, რადგან ძალიან გაეზრდება მოლოდინები და შფოთვები. თუ ყურს მოჰკრავს, დავუდასტურებ, რომ პრეპარატის მიღება დიდმა ბავშვებმა დაიწყეს.

არ მინდა, ამ ამბავმა მასში გამოიწვიოს ეიფორია და შფოთვა: „მე როდის გავიკეთებ“, ისიც არ მინდა, რომ დღეების დათვლა დაიწყოს, რადგან პეტრეს ინექციის მიღება 6 თვეში მოუწევს“, – ამბობს მაკუნა გოჩიაშვილი „ფორტუნასთან“.

როგორც ის აღნიშნავს, ინექციის დოზას სინდრომის მქონე მოზარდები ყოველდღიურად მიიღებენ და ეს მანამდე გაგრძელდება, სანამ ზრდის ზონები დაიხურება, ეს კი ინდივიდუალურია და აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვებს ზრდის ზონები 14-15 წლის ასაკში ეხურებათ.

„სამი თვის შემდეგ, მკურნალობის პროცესში უკვე 12 წლის ასაკის ბავშვები ჩაერთვებიან, შემდეგ 8-9 წლის ასაკის ბავშვები და ა.შ.

სინდრომის მქონე ბავშვების რაოდენობა, დაახლოებით, 20-მდეა. ესეც ჩვენი გამოკვლეულია. მშობლები თავად გვიკავშირდებოდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ მათ შვილებსაც ეს დიაგნოზი აქვთ, ამიტომ რამდენიმე უჩინარი ბავშვიც იქნება, რომლებიც ახლა გამოჩნდებიან“, – ამბობს მაკუნა გოჩაშვილი.

მისი ინფორმაციით, ინექციას ბავშვებს თავდაპირველად კლინიკაში გაუკეთებენ და დააკვირდებიან, გამოვლინდება თუ არა ისეთი მცირედ გვერდითი მოვლენები, როგორიცაა სიწითლე და შეშუპება, დაკვირვების პერიოდის დასრულების შემდეგ კი, ბავშვები მკურნალობის პროცესს სახლის პირობებში გააგრძელებენ.

„ახალი ამბები ვოზორიტიდზე.. კომიტეტის ყველა წევრმა მხარი დაუჭირა მედიკამენტის შემოტანის მოთხოვნით გაკეთებული პეტიციის გადაგზავნას ჯანდაცვის სამინისტროში“ – აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვის მშობელი

პოპულალურები