LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არ არის აუცილებელი ოფისამდე მიიყვანო მანქანა, მნიშვნელოვანია გაირკვეს, რა აწუხებთ ამ ადამიანებს, რატომ არ სხდებიან საზოგადოებრივ ტრანსპორტში“ – რას (შე) ცვლის პარკირების წესების დარღვევისთვის ჯარიმების გაორმაგება?

217
Untitled design

თბილისის მერია მოქალაქეების გადაადგილების გაუმჯობესების მიზნით, დედაქალაქში სატრანსპორტო პოლიტიკის გატარებას განაგრძობს.

როგორც მერიაში აცხადებენ, სწორედ ამ მიზანს ემსახურება პარკირების წესების დარღვევისთვის ჯარიმების გამკაცრება.

პარკირების წესების დარღვევისთვის ჯარიმები 200 ლარამდე მკაცრდება – იხილეთ დეტალურად, რა იცვლება

საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტზე საუბრისას დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ ავტომობილები ტროტუარებზეა გაჩერებული და ფეხით გადაადგილება შეუძლებელია. კახა კალაძის თქმით, ცვლილებების მიზანი სწორედ ამ ვითარების დარეგულირებაა.

როგორ აფასებენ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს, რამდენად გააუმჯობესებს თბილისში არსებულ ვითარებას ჯარიმების გამკაცრება და რა ალტერნატივა შეიძლება შესთავაზონ მძღოლებს, რომლებიც უკმაყოფილებას გამოთქვამენ დედაქალაქში არასაკმარისი საპარკინგე სივრცის გამო – საკითხზე “ფორტუნა” “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” თავმჯდომარეს ეკა ლალიაშვილს ესაუბრა.

 

 

“კანონი საჭიროა, რეფორმა გასაგრძელებელია”

 

“საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” თავმჯდომარე აცხადებს, რომ ყველა ის ცვლილება, რომელიც ფეხით მოსიარულის, ველოსიპედისტის, შშმ პირების, მშობლებთან ერთად ბავშვების ეტლით გადაადგილებას, მათი სივრცის დაცვას და მათ უსაფრთხოებას ემსახურება, მისასალმებელია.

როგორც ეკა ლალიაშვილი აღნიშნავს, თბილისში იყო მანქანებით გადატვირთული ქუჩები, სადაც ფეხით მოსიარულე ფიზიკურად ვერ გაივლიდა, თუმცა ვითარება აღნიშნული ქუჩების რეაბილიტაციისა და ინფრასტრუქტურის მოწყობის შედეგად შეიცვალა.

“ცხადია, რეფორმა გასაგრძელებელია, რადგან ბევრი ტროტუარია, სადაც ბოძკინტები არ არის, ამიტომ მძღოლებს კვლავ შესაძლებლობა აქვთ, გამოიყენონ ეს სივრცე პარკირების ადგილად. ასევე, არ გვაქვს კულტურა, რომ თავისუფლად დავტოვოთ და არ ჩავხერგოთ ეტლით მოსარგებლეთა ადგილი. სამწუხაროდ, ასეთი განწყობაა, შესაბამისად, კანონი, რომელიც ალბათ მალე შევა ძალაში, საჭიროა”, – აღნიშნავს ლილუაშვილი.

 

 “ვისწავლოთ მგზავრობის დაგეგმვა და ავტომობილიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადავინაცვლოთ” – რა ალტერნატივა აქვთ მძღოლებს

 

თბილისის მერიის მიერ დაწყებული ახალი სატრანსპორტო პოლიტიკის მთავარი სტრატეგიაა, გაიზარდოს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრთა რაოდენობა და უფრო მეტმა ადამიანმა პირადი მანქანის ნაცვლად იმგზავროს მეტროთი ან ავტობუსით. ამის შესახებ თბილისის მერმა არაერთხელ ისაუბრა.

ეკა ლალიაშვილი მიიჩნევს, რომ მოქალაქეებს მოუწევთ ქცევის შეცვლა და მგზავრობის დაგეგმვა, რაც საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის უპირატესობის მინიჭებას გულისხმობს. თუმცა დასძენს, რომ ამისთვის საჭიროა სატრანსპორტო სისტემის დახვეწა და შესაბამისი ნაბიჯების კიდევ უფრო აქტიურად გადადგმაა.

“პარკირების ადგილები არასაკმარისია – მძღოლების პოზიცია და განწყობა ვიცით, ქალაქში ფიზიკურად არ არის იმდენი სივრცე, რომ პარკირების ადგილით ყველა მანქანა დაკმაყოფილდეს. ამიტომ სტრატეგია და მიდგომა არის, რომ ისინი საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადასხდნენ.

იმის გამო, რომ თუნდაც პარკირება, ადგილები არ არის, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ჩვენ მოგვიწევს ჩვენი მგზავრობის დაგეგმვა და წინასწარ ფიქრი, თუ სად შეიძლება გავაჩეროთ ავტომობილი; წავიდეთ თუ არა დღეს ავტომობილით; გვიღირს თუ არა პარკირების გადასახადის გადახდა, თუ უმჯობესია დღეს ავტობუსით წავიდეთ და ა.შ.

ეს პროცესი მუნიციპალიტეტის მხრიდანაც დასაჩქარებელია – როდესაც ვხედავთ, რომ გვინდა წესრიგის დამყარება, სანქციების გაზრდა, ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ დერეფანი, რომელიც დაანონსებულია, უფრო სწრაფი ტემპით განვითარდეს და შეიკრას, რათა ადამიანებმა იგრძნონ, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში კომფორტულია და მოცდის დრო ნაკლებია. არა მხოლოდ ცენტრში – გარეუბნებშიც” – აცხადებს ლალიაშვილი.

 

რა (შე)იცვლება ჯარიმის გამკაცრებით?

კითხვაზე, რამდენად ეფექტიანი შედეგის მომტანი შეიძლება იყოს ჯარიმების გამკაცრება, ეკა ლალიაშვილი აღნიშნავს, რომ ეს ცალსახად, რთული სათქმელია და მძღოლის ქცევაზეა დამოკიდებული.

“ჩვენ გვყავს სხვადასხვა ტიპის მძღოლები, მაგალითად მძღოლები, რომლებიც სახლიდან 500 მეტრში, მაღაზიაში, ოფისში, ისეთ მოკლე მანძილზე მიდიან კერძო ავტომობილით, რომლის გავლაც ფეხით შეიძლება.

არიან მძღოლები, რომლებიც ვერ თმობენ ავტომობილებს იმის გამო, რომ შეიძლება საზოგადოებრივ ტრანსპორტში ჩასხდომა ეთაკილებოდეთ ან ფიქრობდნენ, რომ სოციალური თვალსაზრისით, [ტრანსპორტი] დაბალ რანგს წარმოადგენს, ასევე არიან მძღოლები, რომლებსაც რეალურად სჭირდებათ ავტომობილით გადაადგილება, რადგან მათ სახლამდე ტრანსპორტი არ მიდის და ეს აბსოლუტურად გასაგებია.

არსებობს პარკირების სისტემა და არ არის აუცილებელი მაინცდამაინც ოფისამდე მიიყვანო ავტომობილი. შეიძლება ცოტა მოშორებით დატოვო და ფეხით წახვიდე, ან შემდეგ საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადაინაცვლო.

ცენტრალურ ნაწილში, სადაც ავტომობილის გაჩერება რთულია, არ არის აუცილებელი კერძო ავტომობილით შესვლა. ამას ჰქვია მგზავრობის დაგეგმვა, რომელიც ჩვენს ყოველდღიურობაში არ არსებობს”, – ამბობს ეკა ლალიაშვილი “ფორტუნასთან”.

მან ჯარიმების ოდენობაზეც დააფიქსირა საკუთარი მოსაზრება და თქვა, რომ მისთვის უცნაურია, რატომ გახდა საჭირო მისი გაორმაგება.”საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ სასურველია ჩატარდეს კვლევა, რატომ ურჩევნიათ ავტომობილის მძღოლებს რიგ შემთხვევაში დაჯარიმება და რატომ არ ირჩევენ სამგზავროდ საზოგადოებრივ ტრანსპორტს:

“ერთი მხრივ, სანქცია არის წესრიგისთვის, მაგრამ მეორე მხრივ, ის უნდა იყოს ადეკვატური და დარღვევის შესაბამისი. აქამდე უკვე არსებობდა საკმაოდ მაღალი, 50-ლარიანი ჯარიმა და, ცოტა უცნაურია, რომ ამ ჯარიმამ ვერ შეაკავა დარღვევები და საჭირო გახდა ჯარიმის საფასურის გაორმაგება.

ეს არის სამწუხარო, რადგან ერთი მხრივ საქმე ეხება ცნობიერების საკითხს და მეორე მხრივ, შესაძლოა იმას, რომ ავტომობილებით მოსარგებლეები ჯერჯერობით ვერ გადმოვსვით საზოგადოებრივ ტრანსპორტში – ეს მნიშვნელოვანია, იმისთვის, რომ ავტომობილების ყოველდღიური გამოყენება შემცირდეს და შეიზღუდოს.

100-ლარიანი ჯარიმა მებევრა. გამიჩნდა სურვილი, ჩატარდეს კვლევა, რომ გამოვკითხოთ მოქალაქეები, რა არის მათთვის პრობლემა, მთავარი დაჯარიმება ხომ არ არის არა? მთავარი არის, რომ მათ რაღაც აწუხებთ და იმიტომ არ სხდებიან ავტობუსში, ამიტომ არღვევენ წესებს.

ბევრი არგუმენტია, თუმცა ყველა შეიძლება ვერ გავითვალისწინოთ. მაგალითად, წარმოუდგენელია, რომ ქალაქში საკმარისი პარკირების ადგილი იყოს.

რეალურად, პრობლემა გადაწყდება მაშინ, თუ მძღოლები რაღაც ქცევას შეიცვლიან ან ავტომობილს დატოვებენ სახლში და გადასხდებიან საზოგადოებრივ ტრანსპორტში.

ქცევა უნდა შეიცვალონ, მარტო 100 ლარის გადახდა ხომ არ არის? თუ პრობლემა ვერ მოგვარდება, რაც არის დაჯარიმების ფაქტორი, ქცევა უნდა შევიცვალო – ან გადავჯდე საზოგადოებრივ ტრანსპორტში ან მუდმივად ვიხადო ჯარიმა, თუმცა ეს ხომ არ არის გამოსავალი? ამიტომ, მნიშვნელოვანია გაირკვეს, რა აწუხებთ ამ ადამიანებს, რატომ არ სხდებიან საზოგადოებრივ ტრანსპორტში. ცნობიერებაა ასამაღლებელი და იმის თქმა, რომ ტრანსპორტი უკეთესია? თუ რეალურად არ არის ტრანსპორტი ისეთი, როგორიც მათ სჭირდებათ?

თუ მძღოლები არღვევენ იმის გამო, რომ მათთვის კომფორტულია ავტომობილი და 50-ლარიანი, ან თუნდაც 100-ლარიანი ჯარიმაც უღირთ და ჯიუტად არ თმობენ ავტომობილს, ეს სხვა საკითხია, მაგრამ ხომ არის მძღოლების ის სეგმენტი, რომელსაც სულ არ უნდა ქალაქში მანქანით სიარული, მაგრამ რაღაც აფერხებთ. მაგალითად, მათთვის კომფორტული არ არის ავტობუსი, დიდია მოცდის დრო, ეს უნდა გადაიხედოს”, – აცხადებს ეკა ლალიაშვილი.

 

mazda magti 5g