თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, 20-საათიან ანტიტერორისტულ ოპერაციას „ფორტუნასთან“ ექსპერტი უსაფრთოხების საკითხებში, ნიკა ჩიტაძე, აფასებს. ჩიტაძის თქმით, არსებობს იმის ალბათობაც, რომ ეჭვმიტანილები რუსეთთან კავშირში იყვნენ. ჩიტაძე ხაზს უსვამს ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკურ მდგომარეობას და ამბობს, რომ საქართველო საერთაშორისო ტერორიზმის კუთხით, საფრთხის ქვეშაა.
- გუშინდელი მასშტაბური ანტიტერორისტული ოპერაციის შემდეგ საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმთან. შეიძლება თუ არა ითქვას, რომ საერთაშორისო ტერორიზმი ჩვენს ქვეყანაში და რეგიონში გააქტიურდა?
ნიკა ჩიტაძე: საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, მას, ერთი მხრივ, ესაზღვრება ჩრდილოეთ კავკასია, სადაც ტერორისტების მნიშვნელოვანი კონცენტრაცია შეინიშნება და, მეორე მხრივ, საქართველო მდებარეობს უშუალოდ ახლო აღმოსავლეთის სიახლოვეს იმ ქვეყნებთან, სადაც ბოლო წლების განმავლობაში ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ გააქტიურება შეინიშნება. ვგულისხმობ ერაყსა და სირიას. ამ ქვეყნებთან საქართველოს გამოყოფს მხოლოდ და მხოლოდ თურქეთი. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ, როდესაც საერთაშორისო ტერორიზმზე ვსაუბრობთ, უნდა შევეხოთ იმ დიდ საფრთხეებსაც, რომელსაც ე.წ. „ისლამური სახელმწიფო“ წარმოადგენს. 2014 წლის მონაცემებით, აღნიშნულ ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ წევრებში მოიაზრებოდა 20-დან 31 ათასამდე ტერორისტი, მათ შორის ბევრი ჩრდილოეთ კავკასიელი. ბუნებრივია, აქედან გამომდინარე, ბევრს სჭრიდება საქართველოს ტერიტორია იმისთვის, რომ გადაკვეთონ ჩრდილოეთ კავკასია.
- როგორ მოხდა, რომ თბილისში, ერთ კონკრეტულ ბინაში, ყოფილიყო ისეთი რაოდენობის იარაღი, რომ 20 საათის განმავლობაში ინტენსიურ სროლას ეჭვმიტანილები ასე მომზადებულად შეხვდნენ? რამდენად სწორი იყო ამ სპეცოპერაციის დაგეგმვა ისეთ კორპუსში, სადაც ამდენი ადამიანი ცხოვრობდა?
ნიკა ჩიტაძე: ბევრი კითხვა არსებობს, იქიდან გამომდინარე, თუ როგორ გადალახეს ტერორისტებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, სად მიიღეს მათ იარაღი. ჩვენ ვიცით, რომ ისინი შეიარაღებული იყვნენ ავტომატებით, ყუმბარ-სატყორცნებით და 22 საათის განმავლობაში ქართველ სამართალდამცავებს წინააღმდეგობას უწევდნენ. ამიტომ არსებობს ბევრი კითხვა, თუნდაც იარაღთან დაკავშირებით – სად აპირებდნენ ტერორისტები შემდგომში იარაღის გამოყენებას. როდესაც ჩვენ საერთაშორისო ტერორიზმზე ვსაუბრობთ, ცხადია, რომ ე.წ. „ისლამური სახელმწიფო“ არის საფრთხე. მსოფლიოში 44 ტერორისტული ორგანიზაცია აღირიცხება. ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს ტერორიზმის ისეთი მნიშვნელოვანი ფორმის შესახებ, როგორიცაა სახელმწიფო ტერორიზმი, რომელსაც რუსეთის ფედერაცია ახორციელებს. ამ შემთხვევაში, არ არის გამორიცხული, რომ სწორედ რუსეთი უჭერდა მხარს ჩრდილოკავკასიელს ბოევიკებს.
არ არის გამორიცხული, რომ სწორედ რუსეთი უჭერდა მხარს ჩრდილოკავკასიელს ბოევიკებს.
ვიცით, რომ რუსეთიც, თავისი პოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად, ხშირად იყენებს ჩრდილოეთ კავკასიელ ბოევიკებს, ამიტომაც ეს ბოევიკები იყვნენ ან ჩრდილოეთ კავკასიასთან, ან რუსეთთან დაკავშირებულები, ან ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოსთან“. რაც შეეხება სხვადასხვა პოლიტიკურ შეფასებას, პირადად მე, როგორც საქართველოს რიგითმა მოქალაქემ, მინდა, ჩემი პატივისცემა გამოვხატო იმ სპეცრაზმელების მიმართ, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად იცავდნენ საქართველოს მოქალაქეთა უსაფრთხოებას და, რა თქმა უნდა, მინდა, მწუხარება გამოვხატო დაღუპული სპეცრაზმელის მიმართ. გამოძიება ყველაფერს დაადგენს, რა მოხდა, ვისთან არიან კავშირში ეს ბოევიკები იმიტომ, რომ ერთ-ერთი მათგანი დაკავებულია, სამი – ლიკვიდირებული. საუბარი იმაზე, რომ ოპერაციაში ახმედ ჩატაევი მონაწილეობდა, ამის იდენტიფიცირება შესაძლებელია, ვინაიდან ვიცით, რომ მას ჩაუტარდა ფეხის ამპუტაცია. როდესაც გვამების ამოცნობა მოხდება, ბუნებრივია, ეს საკითხიც დადგინდება. რაც შეეხება ტექნიკურ დეტალებს, რთულია, ამაზე ისაუბრო, როდესაც შემთხვევის ადგილზე არ იყავი, თუმცა მაინც გარკვეული კითხვები არსებობს. თუ დადგინდება, რომ ეს ადამიანები ტერორისტები იყვნენ, იყო თუ არა შესაძლებელი მათი მანამდე აყვანა სპეცოპერაციის ჩატარების გარეშე, თუმცა გამოძიება ყველაფერს შესაბამის პასუხს გასცემს. რა თქმა უნდა, გუშინდელ მოვლენას, მომავალში აღნიშნული ფაქტის პრევენციის მიზნით, შესაბამისი ანალიზი და დასკვნების გაკეთება სჭირდება.
ეს ბოევიკები იყვნენ ან ჩრდილოეთ კავკასიასთან, ან რუსეთთან დაკავშირებულები, ან ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოსთან“.
- გლობალიზაციის პირობებში მსოფლიო მასშტაბით რომ განვიხილოთ, თუ გავითვალისწინებთ მიგრაციის კუთხით დღევანდელ მდგომარეობას, რამდენად შესაძლებელია, ტერორიზმი სრულად აღმოიფხვრას ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა საფრანგეთი და აშშ? ჩვენი ქვეყნის მასშტაბით რომ ვიმსჯელოთ, როგორ შეიძლება დაიცვას საქართველომ და მსგავსი მასშტაბის ქვეყნებმა თავი?
ნიკა ჩიტაძე: რაც შეეხება ტერორიზმს და საერთაშორისო დანაშაულს, აღნიშნული გლობალური კუთხით რომ გავაანალიზოთ, რა თქმა უნდა, საფრთხე არსებობს, იქიდან გამომდინარე, რომ ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებში მოსახლეობის 15% ცხოვრობს, მაგრამ ისინი აწარმოებენ მსოფლიოს შიდა პროდუქტის 60%-ზე მეტს. ამიტომაც მოსახლეობის 85% ცხოვრობს გლობალური სამხრეთის ქვეყნებში, სადაც ცხოვრების დონე გაცილებით დაბალია. ამასთან, დემოგრაფიულ ვითარებას თუ გადავხედავთ, 80 მილიონი ადამიანით იზრდება ყოველწლიურად მსოფლიო მოსახლეობა და ეს მაჩვენებელი, ძირითადად, მოდის გლობალური სამხრეთი ქვეყნებზე, ბუნებრივია, ბევრი ადამიანი, რომელიც შეჭირვებაში იმყოფება, აწყდება გლობალურ ჩრდილოეთს, ამიტომაც ტერორისტულ ორგანიზაციაში ისეთი ადამიანის დაქირავება, ვისაც ფინანსურად უჭირს, გაცილებით ადვილია.
თათია კაკიაშვილი