LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელისუფლება და ოპოზიცია ისევ ვერ შეთანხმდა – რა პოლიტიკური დატვირთვა აქვს საქართველოს დელეგაციის ვიზიტს უკრაინაში

72
პაპუ 4 3

უკრაინაში ისევ ომია, ომი, რომელიც რუსეთმა დაიწყო მთელი დასავლეთი და აშშ ისევ აგრძელებს ომში მყოფი ქვეყნის როგორც იარაღით დახმარებას, ისე სხვა ფორმით მხარდაჭერას. ეს სხვა ფორმა, ხშირად ადგილზე ჩასვლაა. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კიევში ჩავიდა, ევროკავშირის პრეზიდენტი და ევროპარლამენტარები ბუჩაში ჩავიდნენ, ევროპის წამყვანი ქვეყნების პირველი პირები სწორედ ასე ცდილობენ უკრაინისა და უკრაინელების მიმართ მხარდაჭერის გამოხატვას.

საქართველოს რაც შეეხება, ჩვენ მოწვევა დაგვჭირდა. ომში მყოფი ქვეყნის ოფიციალურმა პირებმა, რადას თავმჯდომარემ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბუჩაში მიიწვია. სწორედ აქედან დაიწყო ჩვენი ქვეყნის ახალი თავსატეხი – წავა თუ არა წავა, ვისთან ერთად წავა, ოპოზიცია რას იზამს, შეთანხმდებიან თუ არა ამ საკითხზე მაინც და ა. შ. მოკლედ, ბოლოს საქმე იქამდე მივიდა, რომ ლამის ამ საკითხზეც კი მედიატორად ევროპელების მოწვევა გახდა საჭირო. რა პოლიტიკური დატვირთვა აქვს საქართველოს დელეგაციის ვიზიტს უკრაინაში, რას აჩვენებს ქვეყნის შიგნით პოლიტიკოსების ასეთი შეუთანხმებლობა და ვინ რას ელოდება ამ ვიზიტისგან, ამ თემებზე ჩვენ პოლიტოლოგები ჩავწერეთ, თუმცა მანამდე მივყვეთ მოვლენების ქრონოლოგიას.

 

 

როგორ დაიწყო ყველაფერი

 

საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრი კასიანოვმა პირველად 8 აპრილის ბრიფინგზე თქვა, რომ უკრაინის რადას თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბუჩაში ჩასვლის მიწვევა გაუგზავნა. როგორც ჩანს, ეს განცხადება “ქართული ოცნების” წევრებისთვის, მათ შორის პაპუაშვილისთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა და ზოგმა დეპუტატმა თქვა, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, ზოგმა (მაგ. დიმიტრი ხუნდაძემ) ბოდიშის მოხდა მოითხოვა უკრაინისგან დაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის გამო და თქვა, რომ მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება წასვლაზე საუბარი. თავად პარლამენტის თავმჯდომარემ კი ჯერ გვითხრა, რომ მოწვევა არ მიუღია, შემდეგ კი ამას არასათანადო უწოდა.

პაპუაშვილმა სტეფანჩუკთან ონლაინ შეხვედრა გამართა - რაზე შეთანხმდნენ მხარეები

შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ მომავალში სხვადასხვა ინფორმაციასთან დაკავშირებით გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია ერთმანეთთან წინასწარი კომუნიკაცია და ინფორმაციის გაცვლა.

“რაც შეეხება მოწვევას. ვისურვებდი, რომ უკრაინის ხელისუფლების ცალკეულ წარმომადგენლებს სრულად გაეაზრებინათ ის მტკიცე მხარდაჭერა რომელსაც ქართველი ხალხი და მისი ხელისუფლება უკრაინის და უკრაინელი ხალხის მიმართ იჩენს. ეს მხარდაჭერა და ჩვენი ქვეყნების პარტნიორობა ნამდვილად არ იმსახურებს უკრაინის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებისგან ქართველი ხალხის და მისი ხელისუფლების ერთმანეთისგან გამიჯვნის მცდელობას, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნას, დაუსაბუთებელ დიპლომატიურ დემარშებს, კონტრაბანდაში უსაფუძვლო დადანაშაულებას, თუ უკრაინელების უბედურებაზე ხელის მოთბობის სურვილის დაბრალებას, როგორც ეს ჩემი კოლეგის წინა მიმართვაში იყო. ამ საკითხების განუმარტებლობის ფონზე, ოფიციალური მოწვევა არასათანადოდ ჩანს”, – ნათქვამი იყო შალვა პაპუაშვილის განცხადებაში.

შემდეგ იყო პაპუაშვილი-სტეფანჩუკის ონლაინსაუბარი და გადაწყდა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უკრაინაში ჩავა. ერთი შეხედვით პრობლემა აღარ არის, ყველაფერი თავის ადგილზეა, მაგრამ სწორედ აქ დაიწყო მორიგი დისკუსია, ერთმანეთის დადანაშაულება, ოპოზიცია – ხელისუფლების მორიგი შეხვედრები, რომ დელეგეცაციის ფარგლებში ვიზიტი როგორმე შეთანხმებულიყო.

 

როგორ დასრულდა მმართველი გუნდის და ოპოზიციის კონსულტაციები

 

ამ დრომდე არ გვსმენია, ასეთი დაპირისპირება, დისკუსია, შეხვედრები, კონსულტაციები თუ დასჭირდა რომელიმე ქვეყანას უკრაინაში ჩასასვლელად.

ბევრი მსჯელობის შემდეგ ამ ეტაპისთვის არსებული ინფორმაციით შესაძლოა საქართველოდან 2 დელეგაცია გაემგზავროს ოპოზიცია ცალკე, ხელისუფლება – ცალკე. ამ დროს, მოულოდნელად, “ლელო საქართველოსთვის” გაავრცელა ინფორმაცია, რომ ის ხელისუფლების დელეგაციასთან ერთად წავა.

„ლელო” მიიჩნევს, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის უკრაინაში ვიზიტი უნდა გახდეს უდიდეს განსაცდელში მყოფი უკრაინელი ხალხისადმი სრულიად საქართველოს თანადგომის უპირობო დემონსტრირების დასაწყისი. პარტიის გადაწყვეტილებით, „ლელოს” წარმომადგენელი მზად იქნება მონაწილეობა მიიღოს როგორც ოპოზიციური პარტიების დელეგაციაში, ისე პარლამენტის თავმჯდომარის დაგეგმილ ვიზიტში უკრაინაში.

საქართველოს პარლამენტიდან უკრაინაში ორი დელეგაცია გაემგზავრება: ჩემი შეთავაზება იყო, უკრაინაში ვიზიტისას, ოპოზიცია და უმრავლესობა სამ-სამი წევრით ყოფილიყო წარმოდგენილი

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ პარლამენტის დელეგაციის ერთობლივი ვიზიტი არ შედგება. როგორც დეპუტატმა თქვა, „ქართულ ოცნებას” ჰქონდა წინადადებები, რაც ოპოზიციისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.

„ეს არ იქნება ერთობლივი ვიზიტი – ოპოზიცია წავა ცალკე, უმრავლესობა წავა ცალკე. იყო გარკვეული შემოთავაზებები „ქართული ოცნების“ მხრიდან, მაგრამ ასეთი შემოთავაზებები, ვაჭრობასავით, არ შეიძლება უკრაინასთან დაკავშირებით. ჩვენი პოზიცია იყო მყარი, რომ თავიდანვე დაგეგმილი იყო ოპოზიციის ვიზიტი ერთობლივად. ჩვენ წავალთ ერთად და, ალბათ, უახლოეს პერიოდში ეს ყველაფერი გაირკვევა, პარლამენტის თავმჯდომარე წავა ცალკე“, – თქვა ხატია დეკანოიძემ.

დელეგაციის ერთიანობაზე საუბრობს “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი. გიორგი ვაშაძის თქმით, სწორედ ერთიანობის დამსახურებაა, პაპუაშვილმა რომ უკრაინაში წასვლა გადაწყვიტა.

“დელეგაცია უნდა იყოს ერთიანი, არანაირი გამონაკლისები და “ვინც მინდა, იმას ჩავსვამ” დელეგაციაში. “ქართულ ოცნებას” ამის უფლება არ აქვს, ამ პოზიციას დავიცავ ბოლომდე. იმედი მაქვს, ყველა ოპოზიციური პარტია დაიცავს იმ პოზიციას, რაც ვთქვით და არ იქნება ცვლილება სხვადასხვა მიზეზიდან გამომდინარე. ერთიანობამ მოიტანა ის, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ გადაწყვიტა ბუჩაში წასვლა”, – აცხადებს ვაშაძე. 

კიდევ ერთი პოლიტიკური პარტია- “ევროპული საქართველო” კი ოპოზიციის ნაწილის სტრატეგიას იწუნებს და მათ დემოკრატიულ ფასადს უწოდებს. გიგა ბოკერიას თქმით, მათთვის განსკაუთრებული პრობლემაა, რომ “საპარლამენტო ოპოზიციის მიერ გადადგმული ნაბიჯები, ვგულისხმობ “ნაციონალურ მოძრაობას” და “ლელოს”. მათი გააზრებული თუ გაუაზრებელი სურვილით, რომ ამ რეჟიმის დემოკრატიულ ფასადად იქცნენ, რომ მათი ინიციატივებით ამ რეჟიმის არსი შეალამაზონ”. 

რადგან განხილვები ჯერ კიდევ გრძელდება, დადასტურებით იმის თქმა, თუ რა ფორმატითა და შემადგენლობით  საქართველოს დელეგაცია უკრაინაში  ჯერ-ჯერობით რთულია.

 

 

“საქართველოს უკრაინასთან მეგობრული ურთიერთობების გაღრმავება სჭირდება”

 

რა პოლიტიკური დატვირთვა აქვს საქართველოს დელეგაციის ვიზიტს უკრაინაში, რას ნიშნავს, რომ ამ საკითხზეც კი ოპონენტები ვერ თანხმდებიან და კონსულტაციები სჭირდებათ, რა იქნება ვიზიტის შედეგები – ამ კითხვებით ჩვენ პოლიტიკის ექსპერტს ნიკა ჩიტაძეს მივმართეთ.

“საქართველოს დელეგაციის ვიზიტი უკრაინაში არის მნიშვნელოვანი. თქვენ იცით, რომ ბოლო პერიოდში გაუარესდა ურთიერთობები საქართველოსა და უკრაინას შორის, რაც საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ რუსეთთან მიმდინარე ომის ფარგლებში, უკრანის ავტორიტეტი და გავლენა მეტად გაიზარდა, საქართველოს სჭირდება უკრაინასთან მეგობრული ურთიერთობების გაღრმავება. ადამიანური ფაქტორია, რომ შენს მეგობარ ქვეყანას სოლიდარობა უნდა გამოუცხადო, მით უმეტეს, რომ 2008 წელს უკრაინის პრეზიდენტი სხვა ქვეყნის პრეზიდენტებთან ერთად საკუთარი სიცოცხლის ფასად ჩამოვიდა საქართველოში.

რაც შეეხება პაპუაშვილის ნაწილს, წასვლა-არწასვლაზე, თავი და თავი  არის ის, რომ თავის დროზე საქართველოს პრემიერმა ღარიბაშვილმა არაერთი უპასუხისმგებლო განცხადება გააკეთა. თქვა, რომ ომი მიმდინარეობს უკრაინაში და მე აქ ჩემი საქმე მაქვს,  მერე თქვა, თითქოს უკრაინა ისჯება, ამას მოჰყვა უკრაინის ხელისუფლების მხრიდან გაკეთებული განცხადება, რომ საქართველო სანქცირებულ ტვირთს ატარებს, პაპუაშვილიც მერყეობდა, ქართულ ოცნებაშიც არ არიან ერთიანები, ალბათ მიმდინარეობდა კონსულტაციები. 

სამწუხაროა, რომ კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რა ღრმა უფსკრულია ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, საზოგადოებაშია განხეთქილება,  პოლიტიკური ელიტა, სამწუხაროდ, ქართული საზოგადოების შედეგია, ამიტომ, ამ შემთხვევაში, ორივე მხარეს ეკისრებოდა პასუხისმგებლობა, რომ ერთად წასულიყვნენ, იქ მაინც ეჩვენებინათ ერთიანობა, რომ მათ ინტერესები ამ ნაწილში მაინც ემთხვევა ერთმანეთს”, – აცხადებს ნიკა ჩიტაძე.

რაც შეეხება საქართველოს დელეგაციის უკრაინაში ჩასვლას, ზუსტი თარიღი უცნობია. როგორც პაპუაშვილმა თქვა, ისინი უახლოეს დღეებში გაემგზავრებიან.