LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შალვა პაპუაშვილი: „ცუდია, როცა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი არაპროვოცირებულად, მოწმენდილ ცაზე კვლავ ესხმის თავს საქართველოს ხელისუფლებას, თუმცა, სადაც არის თავდასხმა, იქ აუცილებლად იქნება პასუხიც“

114
შალვა პაპუაშვილი

„ცუდია, როდესაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი არაპროვოცირებულად, მოწმენდილ ცაზე კვლავ ესხმის თავს საქართველოს ხელისუფლებას. ასეთი რიტორიკა არა მხოლოდ არაფერს სძენს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს, არამედ კიდევ უფრო აზიანებს ბრიუსელის მიმართ ისედაც შერყეულ ნდობას ქართული საზოგადოების თვალში“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

შალვა პაპუაშვილის სიტყვებით, „თუმცა სადაც არის თავდასხმა, იქ აუცილებლად იქნება პასუხიც“.

„პასუხი კი ის არის, რომ, სამწუხაროდ, ევროკავშირის ზოგიერთი მაღალჩინოსანი კვლავ ვერ ელევა იმ პოლიტიკურ პრაქტიკას, როდესაც სუვერენული სახელმწიფოს დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებასთან თანასწორი დიალოგის ნაცვლად მენტორული ტონით საუბარს ამჯობინებს.

უნდა გვესმოდეს, რას ნიშნავს ფორმულა: “მხარს ვუჭერ ხალხს, მაგრამ არა მის ხელისუფლებას”. სინამდვილეში, ასეთი განცხადება გულისხმობს, რომ ქალბატონი კალასის აზრით, ქართველი ხალხი უუნაროა, თავად შეარჩიოს თავისი ხელისუფლება და ამიტომ გარედან მეურვეობა და კარნახი სჭირდება. ეს არა ქართველი ხალხის მხარდაჭერა, არამედ მისი პოლიტიკური არჩევანის უპატივცემულობაა.

ბრიუსელში უნდა აცნობიერებდნენ, რომ მათი ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან სხვა ერების მიმართ მსგავსი ქედმაღლური დამოკიდებულება ევროკავშირს სულ უფრო მეტად აშორებს მშვიდობის პროექტის იდეას და მას კონფლიქტების წამქეზებლად აქცევს.

ქალბატონი კალასის დღევანდელი განცხადება კიდევ უფრო დამაფიქრებელია იმის გათვალისწინებით, რომ იგი, როგორც ALDE-ის ერთ-ერთი ლიდერი, წარმოადგენს იმავე პოლიტიკურ ოჯახს, რომლის წევრიც არის „ლელო“, პარტია, რომელიც, ტერორიზმს პოლიტიკური ბრძოლის ლეგიტიმურ იარაღად მიიჩნევს. ამიტომ, ვიდრე ქალბატონი კალასი მკაფიოდ არ გაემიჯნება საკუთარი პოლიტიკური პარტნიორების მხრიდან ტერორიზმის გამართლებას, საქართველოსთან დაკავშირებული მისი ნებისმიერი მომავალი კომენტარი არასერიოზული იქნება“, – წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისათვის, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა ბრიუსელში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრების დაწყებამდე „ევროსკოპის“ შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა: „საქართველოს მთავრობასთან კავშირი პრაქტიკულად არ გვაქვს და არც მისი მხარდაჭერა გვსურს – გვსურს მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები