“რუსეთის ხელისუფლების ადგილას რომ ვიყო, არ დავხარჯავდი დროს უკრაინის მოქალაქეების პასპორტებით ცდუნებაზე,“- ეს განცხადება უკრაინის არჩეულმა პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილების საპასუხოდ გააკეთა. პუტინმა არ გამორიცხა, რომ რუსეთის პასპორტის გამარტივებული წესით მიღებას არა მხოლოდ დონბასისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მცხოვრებლები, არამედ ყველა უკრაინელი შეძლებს.
„შეიძლება, აღმოჩნდეს ვინმე, რომელიც დღემდე რუსეთის პროპაგანდის ქვეშაა. შეიძლება, ზოგიერთმა ეს შემოსავლის მიღების ან სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მოტივით გააკეთოს. ჩვენ შეგვიძლია, მივაწოდოთ ვლადიმირ პუტინს უკრაინის იმ მოქალაქეების სია, რომლებიც ცოტა ხანში არაკომფორტულად იგრძნობენ თავს იმ ქვეყანაში, რომელსაც ცინიკურად ძარცვავდნენ და თანამდებობას ბოროტად იყენებდნენ. ამის შემდეგ რუსეთმა თავად გადაწყვიტოს, სად უფრო საჭიროები არიან ასეთი „პროფესიონალები“ – როსტოვში თუ მაგადანში“, – წერს უკრაინის არჩეული პრეზიდენტი.
რაც შეეხება რუსეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობის ნორმალიზებას, უკრაინის არჩეული პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ეს შესაძლებელია მხოლოდ „დონეცკისა და ყირიმის სრული დეოკუპაციის შემდეგ.“ ამასთან, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებებზე წასვლისთვის მზადაა, მაგრამ „არა მუქარის, ეკონომიკური და სამხედრო ზეწოლის ენაზე“.
https://www.facebook.com/zelenskiy95/posts/2236347569948940
ვოლოდიმირ ზელენსკიმ, წინასწარი მონაცემების თანახმად, პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში, 21 აპრილს, ამომრჩეველთა ხმების 73 %-ზე მეტი მიიღო. მოელიან, რომ მის გამარჯვებას ცენტრალური საარჩევნო კომისია ოფიციალურად გამოაცხადებს 30 აპრილს.