„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი სერგო ჩიხლაძე ე.წ მწვანე პასპორტის მოთხოვნის ვალდებულების გაუქმებას აფასებს.
როგორც მან „ფორტუნას“ გადაცემა „დღის თემაში“ განაცხადა, ის არ ემხრობა ამ გადაწყვეტილებას და მისი შეფასებით, ეს ხელისუფლების არა თანმიმდევრულობის, კიდევ ერთი დასტურია.
როგორც სერგო ჩიხლაძე ამბობს, მწვანე პასპორტის გაუქმებით, ხელისუფლებამ თქვა, რომ ის არ აპირებს რაიმე სახის ქმედითი ღონისძიებების განხორციელებას პანდემიის კონტროლისთვის.
„არ ვემხრობი ამ გადაწყვეტილებას. ეს არის ხელისუფლების არა თანმიმდევრულობის კიდევ ერთი დასტური. ჩვენ ბევრჯერ ვნახეთ მსგავსი ქმედებები, როგორც ჯარიმებთან ასევე სხვა რეგულაციებთან დაკავშირებით და შესაბამისად, ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ თანმიმდევრული პოლიტიკა ხელისუფლებას, ჯანდაცვის სამინისტრო და საკოორდინაციო საბჭოს არ აქვს.
მწვანე პასპორტის გაუქმებას არ ვემხრობი იმიტომ, რომ ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხელისუფლება არ აპირებს ქმედითი ღონისძიებების განხორციელებას პანდემიის კონტროლისთვის.
ბოლო პერიოდში მოწოდებებიც კი არ ისმის ვაქცინაციასთან დაკავშირებით. არ ქვეყნდება არანაირი, ერთგვერდიანი სტრატეგიაც კი, რა ნაბიჯებს დგამს ხელისუფლება, საითკენ მივდივართ.
თავის დროზე, მწვანე პასპორტიც რა ფორმითაც დაინერგა, რა თქმა უნდა ის ვერ პასუხობდა გამოწვევებს, არ იყო ეფექტური იქიდან გამომდინარე, რომ გაკეთდა დაგვიანებით და არასწორი ფორმით. ფაქტობრივად ჩვენ ვხედავდით, რომ მწვანე პასპორტი ჰქონდა ყველას, ვინც კი მოისურვებდა. ის ვერ ასრულებდა თავის ფუნქციას. უნდა ყოფილიყო მოთხოვნადი, კონტროლის მექანიზმები მკაცრი და ირიბად მოტივატორი, რომ ადამიანებს აცრა გაეკეთებინათ.
მწვანე პასპორტის გაუქმება კიდევ ერთხელ გზავნილია საზოგადოებისადმი, რომ არ გვაინტერესებს პანდემიის მართვა, ყველაფერი მორჩა, პანდემია დამთავრდა და რაც გინდათ ის აკეთეთ.
პასპორტების გაუქმება რა თქმა უნდა ხელს არ შეუწყობს ვაქცინაციის პროცესის გაზრდას, ეს იყო გზავნილი, რომ აცრა არ არის საჭირო. ეს კიდევ უფრო დააგდებს ვაქცინაციის ტემპს.
რაც შეეხება განცხადებას, რომ დასავლური პრაქტიკა გამოვიყენეთ და აქედან გამომდინარე მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, ესეც მცდარია იმიტომ, რომ იმ ქვეყნებში სადაც რეგულაციები შეარბილეს ეს არის ქვეყნები სადაც მოსახლეობის 80–85 პროცენტია აცრილი. ამ ქვეყნებთან შედარებით სიკვდილიანობაც 3-4 ჯერ მეტი გვაქვს, ამიტომ დასავლური ქვეყნების პრაქტიკის მაგალითად მოყვანა არის უბრალოდ სიცრუე და საზოგადოების დაბნევაში შეყვანა“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოში ე.წ. მწვანე პასპორტის მოთხოვნის ვალდებულება გაუქმდა. შესაბამისი გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო, რასაც საბჭოში მსოფლიო პრაქტიკით ხსნიან.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, კორონავირუსის ომიკრონის შტამის მიმართ ე.წ. მწვანე პასპორტი უსაფრთხოებას ადამიანისთვის აღარ ქმნიდა.
რატომ გაუქმდა მწვანე პასპორტის ვალდებულება – გაბუნიას განმარტება