“არ მინახავს მათი შეხვედრა, არც გამიგია. საერთოდ არ ვიცი, დუგინი თუ არის კრემლის მთავარი იდეოლოგი”, – ასე უპასუხა ყოფილმა მორაგბემ და “ქართული ოცნების” დეპუტატმა დავით კაჭარავამ “მთავარ არხს”, ლევან ვასაძისა და ალექსანდრ დუგინის შეხვედრის შესახებ დასმულ კითხვაზე.
კაჭარავამ აღნიშნა, რომ ვასაძე რუსეთში მოღვაწეობდა, მისი კონტაქტებიც მრავალრიცხოვანია და შეხვედრის დეტალების შესახებ ჟურნალისტებმა სწორედ მას უნდა ჰკითხონ:
“არ მინახავს მათი შეხვედრა, არც გამიგია. საერთოდ არ ვიცი დუგინი თუ არის კრემლის მთავარი იდეოლოგი, მაგრამ ვასაძეს ბევრი კონტაქტი აქვს რუსეთში, ის მოღვაწეობდა რუსეთში და მას უნდა ჰკითხოთ, რა სახის შეხვედრა იყო და რაზე ისაუბრეს”. – თქვა კაჭარავამ.
რაც შეეხება შეკითხვას, აღნიშნული შეხვედრა ხომ არ აჩენს განცდას, რომ შესაძლოა, რუსეთი საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში ჩაერიოს, დეპუტატი პასუხობს, რომ ამის შესახებ თავად ვასაძეს რომ ჰკითხონ, კითხვებს პასუხი გაეცემა:
“რუსეთის ჩარევა? რას გულისხმობთ ჩარევაში? შესაძლებელი ყველაფერია, მაგრამ თვითონ ბატონ ლევანს რომ ჰკითხოთ, რა სახის შეხვედრა იყო და რას მოიცავდა, კითხვებს პასუხი გაეცემა, მე მგონი. ადამიანს ვიცნობ დიდი ხანია და პატივს ვცემ სპორტიდან გამომდინარე, ის რაგბის მხარდამჭერი იყო ყოველთვის და აქედან დაიწყო ჩვენი ურთიერთობა.
მათი საუბრის შინაარსი არ ვიცი და ის, რომ დუგინს ხვდებოდა, ვერანაირ წარმოდგენას ვერ შემიქმნის. ლევან ვასაძის ურთიერთობა რუსეთთან ყველასთვის ცნობილია, მას ბევრი რამ აკავშირებს იქ, აქვს თავის კონტაქტები. დარწმუნებული ვარ, მანამდეც შეხვედრია ამ ადამიანს და მანამდეც უსაუბრიათ და აქამდე არ გქონიათ კითხვები.” – თქვა კაჭარავამ.
შეგახსენებთ, ქართველი ბიზნესმენის და პარტია “ერი – ერთობა, რაობა, იმედის” დამფუძნებლის ლევან ვასაძისა და “საერთაშორისო ევრაზიული მოძრაობის” ლიდერის, ალექსანდერ დუგინის შეხვედრის ამსახველი ვიდეომასალა “მთავარმა არხმა” მოიპოვა და გაავრცელა.