უკრაინის პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკამ CNN-თან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც უკრაინაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.
მან რუსების მიერ ომის დანაშაულის არ დანახვაზე გაამახვილა ყურადღება.
ზელენსკამ თავის განცხადებაში მსოფლიო საზოგადოებას მიმართა და თქვა, რომ ახლა მნიშვნელოვანია „დანარჩენმა სამყარომ ომის მსხვერპლი სტატისტიკაც არ აქციოს“.
„ახლა ყველას შეუძლია ომის დანაშაულების დანახვა, თუმცა პრობლემა ისაა, რომ რუსებს, იმისთვის, რომ უფრო კომფორტულად იგრძნონ თავი, არ სურთ იმის დანახვა, რასაც მთელი მსოფლიო ხედავს.
ბოლოს და ბოლოს, უფრო მარტივია თქვა, რომ ყველაფერი გაყალბებულია, წახვიდე და ყავა დალიო, ვიდრე წაიკითხო ამბავი იმ კონკრეტულ ადამიანზე, ვინც დაიღუპა.
მაგალითად, წაიკითხო ბუჩას ერთ-ერთი მსხვერპლის, ქალის, სახელად ტატიანას ამბავი, ვინც რუსული ტყვიებით დაცხრილეს და მისი ქმარი, ვინც ოკუპანტებს ცოლის ცხედრის წაღება სთხოვა, სცემეს და გაკოჭეს.
როგორ დავანახოთ რუსებს ეს? მე უფრო და უფრო ვიხრები იმ აზრისკენ, რომ სამწუხაროდ, ვერ დავანახებთ, მათ ბრმად სწამთ. მათ არ სურთ, რომ გაიგონ და დაინახონ. მე მათ აღარ მივმართავ.
უკრაინისთვის ახლა მთავარია, დანარჩენმა სამყარომ მოგვისმინოს და დაგვინახოს და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ომი არ გახდეს ყოფითი, რათა ჩვენი მსხვერპლი არ იქცეს სტატისტიკად, არ მიეჩვიოთ ჩვენს გლოვას“, – ამბობს ზელენსკა.
