სამდურავები, არამარტო “თიბისის” საქმეზე, არამედ სხვა ეპიზოდებიც გამოჩნდა. ეს არის სიგნალები, რომლებიც საჭიროებს დაფიქრებას და ხელისუფლება, რომელიც ასეთ თემებზე დუმს, არ დაადგება კარგ გზას, – ამის შესახებ ეკა ბესელიამ “თიბისი ბანკის” გარშემო განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.
ეკა ბესელიას თქმით, პარლამენტი ნეიტრალური მაკონტროლებელი ორგანო უნდა იყოს და ის ყველაფერზე მაღლა უნდა დადგეს.
“ის ხმა, რაც ახლა ისმის ცალკეული ბიზნესორგანიზაციების მხრიდან, მე არ მგონია, რომ უნდა დავტოვოთ ყურადღების მიღმა. არ შეიძლება გააუბრალოო საკითხი და საზოგადოებას დაანახო, რომ შენთვის სულ ერთია, ვინ და რაზე წუხს. ეს სამდურავები, არამარტო “თიბისის” საქმეზე, არამედ სხვა ეპიზოდებიც გამოჩნდა. ეს არის სიგნალები, რომლებიც საჭიროებს დაფიქრებას და ხელისუფლება, რომელიც ასეთ თემებზე დუმს, არ დაადგება კარგ გზას. პარალელების გავლება არ მინდა, არ მინდა შევადარო ავბედით წარსულს, როდესაც ბიზნესი იყო სრული რეკეტის ქვეშ, მაგრამ ასე იწყებოდა, როცა ცალკეულ შემთხვევებზე არ ხდებოდა მაკონტროლებელი ორგანოების რაეგირება. პარლამენტი ნუ გახდება მხარე, არამედ პარლამენტი გახდეს ნეიტრალური მაკონტროლებელი ორგანო, დადგეს ყველაფერზე მაღლა. გამოავლინოს, თუ სიცრუეა. დაიდება, რომ ეს არის შექმნილი ზღაპარი და თუ აქ რაიმე რეალობასთან გვაქვს საქმე, შესაბამისი დასკვნა დაიდოს და რეაგირება მოხდეს. მე არც ერთი მხარის პოზიციას, როგორც უტყუარი, არ ვიღებ, მაგრამ მიმაჩნია, რომ პარლამენტი უნდა იყოს არა, როგორც მხარე, არამედ, როგორც მაკონტროლებელი ორგანო,“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.