ირაკლი კობახიძე ოპოზიციას ხელოვნური პოლიტიკური კრიზისის შექმნაში ადანაშაულებს და ოპონენტებზე საუბრისას აღნიშნავს, რომ სწორედ მათი განცხადებები წარმოადგენს მოლაპარაკების პირობების დარღვევას.
ამ კონტექსტში კობახიძე ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლების მოთხოვნას გამოეხმაურა და თქვა, რომ მათი მხრიდან არ იქნება ხელმოწერილი ისეთი შეთანხმება, რომელიც არ შეესაბამება სამართლიანობის პრინციპს.
„აქაც დამატებით კომენტარს არ გავაკეთებ გარდა იმისა, რომ ესეც არის პირობის მორიგი დარღვევა. პირობა იყო დადებული საერთაშორისო პარტნიორებთან, რომ არც ერთ დეტალზე, არც ერთ წითელ ხაზზე არ იქნებოდა საუბარი. ჩვენ ვიცავთ ამ პირობას, თუმცა სამწუხაროდ ამ პირობას არ იცავს ოპოზიცია. ჩვენთვის მთავარი არის ვიმოქმედოთ საერთაშორისო პარტნიორების მოსაზრებების გათვალისწინებით და ვიმოქმედოთ ისე, როგორც ეს შეესაბამება სამართლიანობის პრინციპს. ჩვენი მხრიდან არ იქნება ხელმოწერილი არავითარ შემთხვევაში ისეთი შეთანხმება, რომელიც არ შეესაბამება სამართლიანობის პრინციპს. ეს არის ერთადერთი ჩვენი წითელი ხაზი. შარლ მიშელმა თავის დროზე მოუსმინა ოპოზიციას და ჩამოწერა ყველა საკითხი, რომელიც სავარაუდოდ იქნებოდა ამ ფორმატში განსახილველი.
ასევე აღინიშნა შესაბამის განცხადებებში, რაზეც ძალიან ღიზიანდება ოპოზიცია. თქვენ ნახეთ ბოლოს კომენტარები, მაგალითად ბორელის განცხადებებთან დაკავშირებით, ეს მათ აღიზიანებს და რატომ, იმიტომ რომ ეს მათ აყენებს ბევრად უფრო სუსტ პოზიციაში, ვიდრე იყვნენ შეიძლება თუნდაც ორი-სამი თვის წინ. კრიზისი როდესაც ხელოვნურია, როდესაც არჩევნები იყო თავისუფალი და კონკურენტული და პარლამენტში მაინც არ შემოდის ოპოზიცია, ამ დროს კრიზისი არის ბუნებრივია ხელოვნური“. – განაცხადა კობახიძემ.