შინაგანი კონფლიქტი, მშობლებთან ურთიერთობის სირთულეები, გარემო და დამოკიდებულებები, ბულინგი – ამ თემებზე ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ ,,აზროვნების აკადემიის” პროექტის ფარგლებში ისაუბრა.
თემა: „გარდატეხის ასაკის პრობლემატიკა“ – ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა
შინაგანი კონფლიქტი
გარდატეხის ასაკი არის რევოლუცია ადამიანის ცხოვრებაში. ცხოვრება ზოგადად არის მუდმივი კრიზისები და მათთან გამკლავება და ეს ყველაფერი იწყება დაბადებიდან მოყოლებული. ბავშვი ამას ვერ აცნობიერებს მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მას არა აქვს კრიზისები.
დადგენილია,რომ გარდატეხის ასაკი ყველაზე რთული პერიოდია ადამიანის ცხოვრებაში. მას მერე რაც ბავშვი ხდება 11-12 წლის მასში იწყება რევოლუცია, სერიოზული ფიზიოლოგიური ცვლილებები, წინ მოდის სექსუალობა, სიახლე, რაც მანამდე ლატენტურ ფაზაში იყო გადმოდის აქტიურ ფაზაში. იცვლება გარეგნობაც.
გარდატეხის პრობლემები მოდის ადაპტირების სირთულიდან ახალ რეალობასთან. მოზარდის თვითშეფასება ეცემა. მას არ მოსწონს თავისი თავი და გარეგნობა. არ მოსწონას არც მშობლები და ზოგადად, გარემო.
ძალიან მნიშვნელოვანია ამ დროს ავტორიტეტების ცვლილება. მშობლები და მასწავლებელი ამ დროს უკვე ვეღარ აკმაყოფილებენ მოზარდის სტანდარტებს და წინა პლანზე მოდიან თანატოლები, ან რამოდენიმე წლით უფროსი, წარმატებული ადამიანები. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, თუ რა არის ამ დროს საზოგადოებაში მიღებული ღირებულებებად და რა ითვლება წარმატებად .
მშობლებთან ურთიერთობის სირთულეები
ბავშვის აღზრდა ჰგავს სახლის მშნებელობას და ფუნდამენტი უნდა იყოს მყარი იმისათვის, რომ ცხოვრებისეულ კატაკლიზმებს გაუძლოს. მოზარდობის პერიოდში ღირებულებათა სისტემა ყირაზე დგება და მოზარდს აქვს კონფლიქტი საკუთარ თავთან. ხშირად ამას შედეგად მოჰყვება ჩაკეტვა და ფიქრი იმაზე, რომ არაფერს წარმოაგდენს.
ამ დროს მშობელმა არ იცის ამ დროს მკაცრი იყოს თუ დაუმეგობრდეს შვილს, რადგან ხვდება, რომ მის აზრს მოზარდი დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს.
ეს არის მდგომარეობა როცა მშობელი პრაქტიკულად გამოსავალს ვერ ხედავს რადგან მოზარდის გულის მოგებას ვერანაირად ვერ ახერხებს.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გარდატეხის ასაკში მშობელმა კარგად მიადევნოს თვალი თავისი შვილის მდგომარეობას, რადგან დღევანდელი სწრაფად ცვალებადი გარემო გარკვეულ შემთხვევებში შესაძლოა მოზარდს სთავაზობდეს ისეთ რაღაცეებს, რაც მისთვის დამღუპველი იქნება. მაგალითად, საუბარი მაქვს ნარკოტიკებზე, აზარტულ თამაშებზე, დიდი პრობლემაა პლანშეტებზე მიჯაჭვულობაც და შეიძლება საბოლოოდ ამ ყველაფერმა შეუქცევადი სახე მიიღოს.
ადამიანის ცხოვრების პირველი 6 წელი ხდება პიროვნული კარკასის ჩამოყალიბება, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ამ პერიოდში ორივე მშობელი იყოს ბავშვთან და უშუალოდ იყოს ჩართული მისი აღზრდის პროცესში. არაფრით არ შეიძლება ამ დროს ბავშვის დიდი ხნით დატოვება და მაგალითად, საზღვარგარეთ გამგზავრება, რადგან ამ დროს ყალიბდება პიროვნება და ხასიათის უმთავრესი შტრიხები.
არ შეიძლება ბავშვის მუდმივად დადანაშაულება და მუდმივად ნეგატივზე კონცენტრირება. მიუღებელია ბავშვისთვის იარლიყის მიწებება და თქმა, რომ ის „ცუდია“. მშობელმა უნდა შეაფასოს ბავშვის ქმედება, ქცევა, მაგრამ არ განაზოგადოს ერთი კონკრეტული შემთხვევა მის პიროვნებაზე. ამას შედეგად მოჰყვება ის, რომ გარდატეხის პერიოდს მოზარდი ხვდება დანაშაულის მუდმივი, აუხსნელი გრძნობით, რაც უდაბლებს თვითშეფასებას და უგროვებს აგრესიას. მნიშვნელოვანია ისიც, რომ თუ მშობელი ხედავს ცუდ საქციელს და აძლევს ბავშვს შენიშვნას, მან უნდა დაინახოს კარგი საქციელიც და შეაქოს მოზარდი, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მას უბრალოდ არ ექნება მოტივაცია, კარგად მოიქცეს, კარგად ისწავლოს და ა.შ.
არ შეიძლება ბავშვთან მიმართებაში შეურაცხმყოფელი ეპითეტების გამოყენება, უხეშად ხუმრობა მის წონაზე, გარეგნობაზე ან გონებრივ მონაცემებზე.
გარემო და დამოკიდებულებები
დიდ მიჯაჭვულობას იწვევს გაჯეტები, მოზარდს ტელეფონში აქვს თავისი სამყარო. გაჯეტები კი მტვერსასრუტივით ისრუტავს მოზარდის ფსიქიკას.
ინტერნეტი ძალიან კარგი საშუალებაა მხოლოდ მაშინ, როდესაც მისი ზომიერად მოხმარება ხდება.
დღესდღეობით მარიხუანაზე ხშირად ამბობენ, რომ ის არის სასარგებლო და საზოგადოებას აღარ აქვს უარყოფითი დამოკიდებულება, მაშინ როდესაც მის რეგულარულ მოხმარებას შეიძლება მოჰყვეს სერიოზული ფსიქიკური აშლილობა. არანაკლებ დამანგრეველია კლუბური ნარკოტიკების მოხმარებაც, რამაც შესაძლოა მიგვიყვანოს ტვინის დაზიანებამდე, რომელიც ბოლომდე აღდგენას აღარ დაექვემდებარება.
ბავშვის ფსიქიკაზე დამანგრეველ გავლენას ახდენს ოჯახის დანგრევა. რაც უფრო პატარაა ამ დროს ბავშვი,უფრო მეტად აქვს იმის განცდა, რომ უსაფრთხოდ აღარ არის, რადგან ხელიდან ეცლება რომელიღაც მშობელი, რომელთანაც ყოველდღური შეხება აღარ ექნება და მას ამის ეშინია.
ბულინგი
მშობელმა ბავშვს თავიდანვე უნდა მისცეს იმის რწმენა, რომ მარტო არასდროს დატოვებს და ზურგს არ შექცევს. შვილს ყოველთვის უნდა ჰქონდეს მშობლის იმედი და მათ შორის უნდა იყოს მუდმივი კომუნიკაცია, რათა იმ შემთხვევაში თუ მოზარდს გაუჩნდება ისეთი პრობლემები, რომელთა მარტო გადაჭრასაც ვერ ახერხებს, მშობელს მიმართოს და არ ჩაიკეტოს.
მაგრამ ბავშვმა თავიდანვე უნდა ისწავლოს ისიც, რომ სამყარო არ არის ის ადგილი, სადაც ყოფნა ადვილია. მნიშვნელოვანია შვილს დავემხაროთ ქცევის და ემოციის კონტროლში და ვასწავლოთ მას სხვებისთვის უარის თქმა, რაც მომავალში დაეხმარება სხვისი გავლენისაგან თავის დაღწევაში.
მნიშვნელოვანია მუდმივად საქმის კურსში ყოფნა და დაკვირვება. დაკვირვება ცვლილებებზე.
ზოგადად სწორი არ არის მოზარდის პირად სივრცეში შეჭრა, მაგრამ თუ მშობელს აქვს ეჭვი, რომ მისი შვილი პრობლემის წინაშე დგას, თუ მოზარდი იყენებს თვითდაზიანებებს და ხდება დეპრესიული, მშობელს შეუძლია თავს უფლება მისცეს ჩაიხედოს მოზარდის მიმოწერაში და დღიურშიც კი. ძალიან ბევრ მშობელს ამ გზით თავიდან აუცილებია შვილის მხრიდან სუიციდის მცდელობა ან ლეტალური შედეგი.
მნიშვნელოვანია გარემოც. მასწავლებელი აუცილებლად უნდა ამჩნევდეს კლასში ბულინგის შემთხვევას, მაგრამ რომ ამჩნევდეს, უნდა იყოს დაკვირვებული. ბავშვმა უნდა ისწავლოს პრობლემების გადაჭრა ბავშვობიდანვე. ხშირად მშობლები არჩევენ შვილს მუდმივად უცვალონ სკოლა, კლასი და გარემო იმის მაგივრად, რომ დაელაპარაკონ საკუთარ შვილებს და დაეხმარონ პრობლემების გადაჭრაში, დაეხმარონ იმის მიხვედრაში, რომ საჭიროა შიშის დაძლევა.
საბოლოო ჯამში, გარდატეხის ასაკის პრობლემებთან გამკლავების საუკეთესო გზად რჩება მუდმივი კომუნიკაცია, გულახდილი საუბარი, მოზარდების მოსმენა. მან უნდა იგრძნოს, რომ მშობელს მისი სჯერა და ყოველთვის გვერდით დაუდგება, უნდა იგრძნოს, რომ მშობელი პატივს სცემს. არ შეიძლება შენიშვნის ფონზე ბავშვთან მუდმივად საუბარი მის უფრო წარმატებულ თანატოლებზე და მათთან შედარებები, რაც პირდაპირ მოიტანს შედეგად დაქვეითებულ თვითშეფასებას.