„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი, რომელიც კლინიკიდან დღეს გაწერეს, ცოტა ხნის წინ პარლამენტში ეტლით მივიდა.
ფოტო: ,,ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ნაცემია
როგორც ლევან ხაბეიშვილმა საკანონმდებლო ორგანოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, „დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლებს არანაირი პოლიტიკური და მორალური შინაარსი აღარ გააჩნიათ“.
„სამწუხარო რეალობაა, რომ დღეს ასეთ ფიზიკურ მდგომარეობაში ძალიან ბევრმა ბავშვმა და ახალგაზრდამ გაიღვიძა, სამწუხარო რეალობაა, რომ ასე გამეტებით სცემეს ადამიანებს. რთული ღამე იყო ამ ბავშვებისთვის, თუმცა, სავარაუდოდ, უფრო რთული იყო იმ ხალხისთვის, რომლებიც დღეს ხელისუფლებაშია, რადგან მათ ესმით, რომ არანაირი პოლიტიკური და მორალური შინაარსი მათ აღარ გააჩნიათ.
თუ ვინმეს ჰგონია, რომ ჩვენ აღარ გავიღიმებთ, იმიტომ, რომ კბილი გამოგვეცლება ან თვალს ვერ გავახელთ, ძალიან შემცდარა, გავიღიმებთ, იმიტომ, რომ საქართველო გაიმარჯვებს, ეს ახალგაზრდები გაიმარჯვებენ!
არ ვიცი, თვალიდან, რომელიც ამ მდგომარეობაში მაქვს, გამოვიხედავ თუ არა, ან რამდენი პროცენტით გამოვიხედავ, მაგრამ მთავარია, თვალებიდან ქვეყანამ გამოიხედოს“, – განაცხადა საკანონმდებლო ორგანოში გამართულ ბრიფინგზე ლევან ხაბეიშვილმა.
მომხდარის შესახებ ლევან ხაბეიშვილმა მოგვიანებით, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ვრცლად ისაუბრა:
„არ გაინტერესებთ, რა მოხდა? შემომხედეთ ერთ თვალში მაინც, მეორეში ვერ შემომხედავთ, მაგრამ… როდესაც პირდაპირ ეთერში ინტერვიუს ვაძლევდი, დავინახე, ახალგაზრდა ბავშვს რობოკოპები ითრევდნენ, მისკენ გავემართე, როცა „ხარებას“ დაჯგუფების ალყაში მოვხვდი, დაახლოებით 10-15 წუთის განმავლობაში აგრძელებდნენ…
როცა მირტყამდნენ, მეუბნებოდნენ: „გრძელი ენა გაქვს და მუდმივად ხელისუფლებას აკრიტიკებ, იქნებ გაჩერდე“; ამბობდნენ: „მოკალით და თქვით, რომ მერე თავი დაარტყა“; ამბობდნენ, რომ მე უნდა მეთქვა, რომ „ჩმორი ვარ“ და ამ შემთხვევაში აღარ გამლახავდნენ, ცხადია, ეს ფუფუნება არ მივეცი, პასუხი რომ მიიღეს, კიდევ უფრო მაგრად მომხვდა“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ცნობისათვის, ლევან ხაბეიშვილმა დაზიანებები 30 აპრილს, რუსთაველის გამზირზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე მიიღო. ენმ-ის განცხადებით, „აქციაზე მყოფი ლევან ხაბეიშვილი ბიძინა ივანიშვილის პირადი დავალებით, საქართველოში რუსული რეჟიმის წარმომადგენლებმა გაიტაცეს“. პარტიის ცნობითვე, დაკავების მომენტში ლევან ხაბეიშვილი აქციაზე დაშავებულ მოქალაქეს ეხმარებოდა.
გასულ ღამეს რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე შსს-მ 63 პირი დააკავა