LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არა ფობიას!“ – სამოქალაქო ორგანიზაციები კობახიძისა და სერგეენკოს განცხადებებს გმობენ

64
BeFunky-collage (6)

სამოქალაქო პლატფორმა „არა ფობიას!“ პარლამენტის დეპუტატების ირაკლი კობახიძისა და დავით სერგეენკოს განცხადებებს „ღირსების მარშთან“ დაკავშირებით ჰომოფობიურს უწოდებენ და გმობენ.

განცხადებას 20-ზე მეტი ორგანიზაცია უერთდება.

სამოქალაქო ორგანიზაციების შეფასებით, მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის სიტყვები “ამ ადამიანებს უარი უნდა ეთქვათ ამ ღონისძიების ჩატარებაზე” სრულიად შეუსაბამოა საქართველოს კონსტიტუციასთან, რომლითაც პირდაპირაა გარანტირებული შეკრების თავისუფლება წინასწარი ნებართვის გარეშე.

მათივე განცხადებით, გარდა ამისა, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება უნივერსალური და ფუნდამენტური უფლებაა, რომლითაც სარგებლობა სახელმწიფომ ყველასთვის არადისკრიმინაციულად უნდა უზრუნველყოს, განურჩევლად სექსუალური ორიენტაციისა, გენდერული იდენტობისა თუ სხვა ნიშნისა.

კობახიძე პრაიდზე: ამ ადამიანებს უარი უნდა ეთქვათ ამ ღონისძიების ჩატარებაზე

“ეკლესიას ჩემი კოჭის გაგორება არ სჭირდება, იმედი მაქვს, ეკლესია მე გამომიგორებს კოჭს”,- ამბობს კობახიძე.

“ამასთანავე, სახელმწიფოს ეკისრება პოზიტიური ვალდებულება, რომ უზრუნველყოს შეკრების თითოეული მონაწილის უსაფრთხოება. კერძოდ, საქართველოს წინააღმდეგ გამოტანილ გადაწყვეტილებაში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, “მშვიდობიანმა დემონსტრაციამ შეიძლება გააღიზიანოს ან შეურაცხყოფა მიაყენოს იმ ადამიანებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან იმ იდეებსა თუ მოთხოვნებს, რომელთა გავრცელებას დემონსტრაცია ცდილობს. მიუხედავად ამისა, სახელმწიფოს დახმარებით მონაწილეეებს უნდა შეეძლოთ დემონსტრაციის ჩატარება იმ შიშის გარეშე, რომ ისინი მოწინააღმდეგეების მიერ ძალადობას დაექვემდებარებიან” და “დემოკრატიულ საზოგადოებაში კონტრ-აქციის უფლება არ მოიცავს დემონსტრაციის უფლების რეალიზების ხელშეშლას”, — ნათქვამია განცხადებაში.

მათივე თქმით, შეკრების მონაწილეთა დაცვის ვალდებულების შესასრულებლად პრევენციული ზომების მიღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც საქმე ეხება ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად ჯგუფს, ლგბტ+ თემს და ხელისუფლებისთვის წინასწარ ცნობილია ქვეყანაში არსებული ჰომოფობიური კონტექსტი. კერძოდ, ამ დროს სახელმწიფო ორგანოები “ვალდებულნი არიან მიიღონ ნებისმიერი შესაძლო ზომა, მაგალითად, დემონსტრაციამდე საჯარო განცხადებების გაკეთებით, რათა ბუნდოვანების გარეშე მხარი დაუჭირონ ტოლერანტულ, მშვიდობიან პოზიციას და რათა პოტენციური სამართალდამრღვევები შესაძლო სანქციების ბუნების შესახებ გააფრთხილონ.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ზემოაღნიშნული სტანდარტების საწინააღმდეგოდ, ირაკლი კობახიძისა და დავით სერგეენკოს განცხადებები არათუ ხელს არ უწყობს ლგბტ+ თემის მიმართ ტოლერანტული დამოკიდებულების დამკვიდრებას, არამედ, პირიქით, ახალისებს ჰომოფობიას და სიძულვილს.

“მათი, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლების ნათქვამი, კიდევ უფრო აგულიანებს ჰომოფობიურ ჯგუფებს, ვინაიდან პოტენციური თავდასხმის გამო პასუხისმგებლობას აკისრებს ღირსების მარშის ორგანიზატორებს (“ამ კონტექსტის გათვალისწინებით, პასუხისმგებლობის მქონე ადამიანებს, წესით, ეს არ უნდა დაეგეგმათ” და “მაინცდამაინც კონფრონტაციაზე არ უნდა წავიდნენ”) და არა აგრესიულად განწყობილ ჯგუფებს მაშინ, როდესაც სწორედ ამ უკანასკნელთა მხრიდან ხორციელდებოდა და ხორციელდება მუქარა და ძალადობრივი ქმედებები. გარდა ამისა, ირაკლი კობახიძისა და დავით სერგეენკოს, როგორც ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებს შეუძლია ზეგავლენის მოხდენა სამართალდამცავ ორგანოებზე, რაც წარმოშობს იმის საფრთხეს, რომ სამართალდამცავები სათანადოდ არ უზრუნველყოფენ ღირსების მარშში მონაწილეთა უსაფრთხოებას. აღნიშნული საფრთხე რეალურია იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფომ წარსულშიც არ შეასრულა საკუთარი პოზიტიური ვალდებულება და არ მიიღო ზომები, რათა ლგბტ+ თემს მშვიდ და დაცულ გარემოში ესარგებლა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით”, – ნათქვამია განცხადებაში.

magti 5g