რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების შედეგად დაზარალებულები და სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ.
“არა ოკუპანტის ამნისტიას“ – ეს არის აქციის მონაწილეების მთავარი გზავნილი.
პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათთვის მიუღებელია ამნისტიის კანონპროექტი.
დოკუმენტის მიხედვით, სასჯელისგან თავისუფლდება ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დანაშაული ჩაიდინა.
აქციაზე იმყოფებიან 2019 წლის 20 ივნისს დაზარალებულები, სხვადასხვა სამოქალაქო მოძრაობის და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.
როგორც სამოქალაქო აქტივისტმა ირაკლი ფავლენიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ამნისტიის შესახებ კანონი არის ოკუპაციის გაგრძელება, რომელსაც არ შეეგუებიან.
“იქმნება პრეცედენტი, რომ შეიძლება შენმა მთავრობამ კრემლის ბრძანებით დაგსაჯოს იმისთვის, რომ ღირსებას იცავ”, – განაცხადა აქტივისტმა.