ქვეყანაში შექმნილ ვითარებას სოციალურ ქსელში მუსიკოსი სოფო ტოროშელიძე ეხმაურება.
სოფო წერს, რომ ის ყველანაირ საქმიანობას აჩერებს და პროტესტს მიმართავს.
როგორც მუსიკოსი აღნიშნავს, ხალხს ჭაობში უწევს ცხოვრება.
„სანამ სტატუსის წერაზეც დაგვიჭერენ:
ვაპროტესტებ ჩვენს მდგომარეობას აქციებით, სამსახურის მიტოვებით, ყველა საქმის შეჩერებით რადგან:
1. ჩვენ არ ვცხოვრობთ ქვეყანაში სადაც ჩემს მშობლებს ექნებათ მშვიდი სიბერე და შეინახავენ თავს პენსიით, დამოუკიდებლად. ამ ქვეყანაში სიბერე ძალიან საშიშია , თუ პატრონი არ გყავს შვილების და შვილიშვილების სახით!
2. ჩვენ არ ვცხოვრობთ ქვეყანაში სადაც გამართული ჯანდაცვის სისტემაა, სადაც დიაგნოსტიკა და რეაბილიტაციას შეძლებს ავადმყოფი რისკების გარეშე. არ შეიძლება ექთნებს და სანიტრებს, ბებიაქალებს ასეთი დამამცირებელი სამუშაო პირობები ჰქონდეთ შექმნილი , დამამცირებელი ხელფასით! ოპერაციას ექიმები ვერ გვიკეთებენ თანამედროვე ტექნოლოგიებით… ბავშვთა ერთადერთი ინფექციური საავადმყოფო საკმარისია იმისთვის რომ დავინახოთ რა ჭაობში ვართ. აღარ ვლაპარაკობ წამლების ფასებზე და მკურნალობის სახსრებზე, რომლის გაღებაც უწევთ პენსიონერებს.
3. ჩვენ ვერ ვყიდულობთ პროდუქტებს ადამიანურ ფასად, როგორიცაა ევროპაში. არ შეიძლება ადამიანს ხორცი ენატრებოდეს ფასის გამო, არ შეიძლება მაწონში, რძეში და კარაქში ვიხდიდეთ 50 ლარს, მაშინ როდესაც ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ორაგულის სტეიკი ღირს 3 ევრო, სადაც კარაქი ღირს 2 ევრო, სადაც 25 ევროდ 1 კვირის საუზმეს შეიძენ!
4. ჩვენ არ შეიძლება ამდენ უკანანო შენობის უფლებას გავცემდეთ, ამდენ უმსგავსო პროექტებს ვიტანდეთ, რომლითაც ისევ სამთავრობო სექტორი მდიდრდება, ხოლო ხალხს არ რჩება ელემენტარული სარეკრეაციო ზონა, პარკი, არ შეიძლება დედა ეტლით ვერ ასეირნებდეს ბავშვს იმ
უმსგავსობის გამო რაც ქუჩებში ხდება! არ შეიძლება შშმ პირის უფლებები ასე ითელებოდეს. არ შეიძლება ამდენი კორპუსის ჩადგმა , ისეთ ადგილებში რომელიც კატასტროფით შეიძლება დამთავრდეს გეოლოგიური პირობების გამო. არ შეიძლება ამდენი უძრავი ქონება, მიწის ნაკვეთი , იყოს სახელმწიფო საკუთრება და მთავრობის წევრის!
5. არ შეიძლება ვიტანდეთ რაც ხდება სასამართლოში! ჩვენ არ გვაქვს სასამართლო, ჩვენ ვერ გვიცავს კანონი, თუ ზემოდან არ გვეყოლება “კრიშა”! თუ ზემოდან არ გადარეკავს ვიღაცა ვიღაცასთან, თქვენ ვერ შეძლებთ დაამტკიცოთ რომ თქვენს შვილს სკოლის წინ
მანქანამ დაარტყა, იმიტომ
რომ გააქრობენ ვიდეო ჩანაწერებს თუ მათ ეს არ აწყობთ!
6. არ შეიძლება ვცხოვრობდეთ ისეთ ქვეყანაში სადაც ხელოვნება და კულტურა სულს ღაფავს შიმშილით, თუ მთავრობასთან არ ხარ შეკრული და სამთავრობო კონცერტში არ იღებ მონაწილეობას! არ შეიძლება ამდენი უხარისხო,მდაბიო , უსარგებლო, სამარცხვინო ხარისხის გადაცემები არხებზე, რომლებსაც მთავრობა აკონტროლებს! არ შეიძლება ასეთი ტვინის გამორეცხვა საკუთარი ხალხის!!!
7. ჩვენ არ გვაქვს საერთაშორისო დონის განათლების სისტემა!!! ჩვენს შვილებს არ შეიძლება ჰქონდეთ ამდენი პრობლემა განათლების სისტემაში და ამდენი გარღვევა.
8. ჩვენ არ გვყავს მოქმედი მეცნიერები!!! ჩვენ ვერ ვეწევით ტექნოლოგიურ განვითარებას, რადგან ყველა ნიჭიერი მეცნიერი, გენიოსი გაიქცა, ყველას უწევს დატოვოს ქვეყანა! საქართველო ვერ უწყობს ხელს საკუთარ მოქალაქეებს გახდნენ ამ მიმართულებით წარმატებულები , რადგან არ ხდება სათანადო ინვესტიცია!
9. ჩვენ ვართ ემიგრანტი დედების ქვეყანა რომლებსაც უწევთ დატოვონ შვილები წლობით, რადგან არ გვაქვს სამუშაო ადგილები ამ დედებისთვის! არ გვაქვს სამუშაო ადგილები იმ მამებისთვის, რომლებიც მექსიკიდან იპარებიან ამერიკაში, იმისთვის რომ მშენებლობებზე მოპოვებულო ფულით, ელემენტარული საარსებო მინიმუმი გამოუგზავნონ ოჯახს!
10. წარმოუდგენელია ქვეყანაში ამდენი სოციალურად დაუცველი, ამდენი დაჩაგრული დევნილი …
რომელი ერთი დავწერო კიდე, რა ვიცი
არა ომს! ნამდვილად არა ომს, მაგრამ რა მდგომარეობაშიც ვართ და ვცხოვრობთ ეს არის ჭაობი და დიახ ამ ჭაობიდან გამოსასვლელად ყველაფერს გავაკეთებთ, რადგან ჩვენ ვინახავთ ამ ქვეყანას, ჩვენ ვავსებთ იმ ბიუჯეტს, რომელსაც გვიჭამენ და მოგონილი ტენდერებით, ნეპოტიზმით და ტყუილით ისევ თვითონ ისქელებენ ჯიბეს იმისთვის რომ
გაიქცნენ, როცა ამის დრო მოვა!“ – წერს სოფო ტოროშელიძე.