LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,არაჩვეულებრივი გარემოა, რომელიც ნებისმიერს  უქმნის განცდას, თითქოს რეალურიდან ზღაპრულ სამყაროში გადაინაცვლა” – ,,შუაგულის” დამფუძნებელი გვანცა მიქუჭაძე გადაცემაში ,,წარმატების ფორმულა”

82
gvancamiquchadze

გადაცემის ლაივი LIVE

17 იანვარს რადიო „ფორტუნას“ და გვანცა ლაღიძის გადაცემას „წარმატების ფორმულა“ დასასვენებელი კომპლექსის „შუაგულის“ დამფუძნებელი გვანცა მიკუჭაძე სტუმრობდა, რომელმაც საკუთარ საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

– გვანცა, „შუაგულის“ დაფუძნებამდე iTechnics-ის მაღაზიების ქსელს ხელმძღვანელობდით. დღეს რამდენად ინტერესდებით ტექნიკის სფეროთი?

– დღესაც iTechnics-ის გენერალური დირექტორი ვარ და ვფიქრობ, წარმატებით ვმართავ ბიზნესს. 10 წელია ქართულ ბაზარზე ვოპერირებთ და სოლიდურ შედეგსაც მივაღწიეთ, ამიტომ ძალიან ვამაყობ ამ სფეროში მიღებული გამოცდილებით.

– რამდენიმე განსხვავებულ სფეროში ხართ ჩართული და სრულიად განსხვავებულ ბიზნესს მართავთ. საინტერესოა, როგორ ახერხებთ ამდენი საქმის ერთდროულად კეთებას და ბალანსის შენარჩუნებას?

– ნებისმიერ საქმეში პოზიტივს ვეძებ და ვცდილობ, არა სწორხაზოვნად, არამედ ყველა საკითხს განსხვავებულად, ინდივიდუალურად მივუდგე, რადგან ასე ბევრად მარტივია გამოწვევის მიღება და მისი გადაჭრა. ვფიქრობ, ხელმძღვანელის და ბიზნესმენის სიძლიერეს სწორედ რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთება და პრობლემების თანაბრად გადაჭრის უნარი განსაზღვრავს. მართალია, რთულია და განსაკუთრებულ ძალისხმევას მოითხოვს, მაგრამ თანდაყოლილი თვისებები – ყველაფრის მიმართ პოზიტიური განწყობა, ორგანიზებულობა და რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთების უნარი მეხმარება. ძალიან მნიშვნელოვანია შრომისმოყვარეობა და დისციპლინირებულობაც, რაც ადრეულ ბავშვობაში გამომიმუშავდა.

– როგორ გაჩნდა „შუაგულის“ შექმნის იდეა?

– 4 წლის წინ ამავე ტერიტორიაზე მეუღლესთან ერთად გავაშენე დეკორატიული ბაღი.  უნიკალური მცენარეები უცხოეთიდან ჩამოვიტანეთ, რადგან ჩემი მეუღლე დიდი ხანია  მებაღეობითაა გატაცებული. ბევრისგან განსხვავებით საზღვარგარეთ მოგზაურობისას ჩვენ არა ღირსშესანიშნაობებს, არამედ ბაღებს, პარკებს ვათვალიერებთ და ვცდილობთ სხვათა გამოცდილების გაზიარებას. საერთო ჯამში „შუაგული“ 13 ჰექტარს აერთიანებს, აქედან 3 ჰექტარზე სრულიად განსხვავებული სტილის საღონისძიებო სივრცეებია განთავსებული – კლასიკური ივენთჰოლით დაწყებული ეთნოგარდენით დასრულებული, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გავხსენით. გასული წლის ივლისში რამდენიმე გრანდიოზულ წარმოდგენას ვუმასპინძლეთ ჩვენს უზარმაზარ საკონცერტო სივრცეში, წლევანდელი ზაფხულის სეზონისთვის კი, აუზის გაფართოებას და უფრო მეტი სტუმრის მიღებას ვგეგმავთ. მთავარია, სიტუაცია დარეგულირდეს და ადამიანებს გართობის ხალისი გაუჩნდეთ.

– რის განხორციელებას გეგმავთ წლის ბოლომდე?

– როგორც უკვე აღვნიშნე, „შუაგული“, რომელიც წეროვანის მიმდებარედ და ძალიან ახლოსაა თბილისთან, მასშტაბური კომპლექსია და რამდენიმე სივრცეს აერთიანებს. ჩვენს მთავარ მიზანს სასტუმრო კომპლექსის გაშენება წარმოადგენს, რაზეც მოთხოვნა სრულიად ბუნებრივად გაჩნდა. ვფიქრობ, „შუაგულის“ მთავარი უპირატესობა – ერთის მხრივ, დედაქალაქთან სიახლოვე, მეორეს მხრივ, არაჩვეულებრივი გარემოა, რომელიც ნებისმიერს  უქმნის განცდას თითქოს რეალურიდან ზღაპრულ სამყაროში გადაინაცვლა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ „შუაგული“ საუკეთესო ადგილია დასვენებისთვის,  განტვირთვისთვის და ამ თვალსაზრისით ნამდვილად უკონკურენტოა.

– სამომავლოდ რას თვლით თქვენს მთავარ გამოწვევად?

– რა თქმა უნდა, „შუაგულის“ განვითარებას, რადგან ძალიან მასშტაბური პროექტია და მუდმივ განახლებას, გაფართოებას საჭიროებს.

– მართლაც არაჩვეულებრივი დასვენების ადგილი შექმენით სხვებისთვის. საინტერესოა, თავად როგორ ისვენებთ?

– სამწუხაროდ, თვითონ ვერასდროს ვისვენებ „შუაგულში“, რადგან არაჩვეულებრივი ადგილი ჩემთვის პირველ რიგში საქმესთან ასოცირდება.

– როგორ დაძლიეთ კრიზისი პანდემიის ფონზე?

– საკმაოდ კარგად, რადგან კრიზისშიც შევძელით პოზიტივის მოძიება. მეტიც,  iTechnics-მა პარტნიორებთან ერთად ახალი ბიზნესი დააფუძნა და 2020 წელს Xiaomi-ს ოფიციალური პარტნიორები გავხდით საქართველოში. ჩვენმა ბრენდმა – MISTORE-იმ, რომელიც მეტწილად სწორედ Xiaomi-ს პროდუქციაზეა ორიენტირებული, ხუთი ფილიალი გახსნა ერთ წელიწადში. მართალია, თავიდან თვითონაც ძალიან შემეშინდა რისკების, მაგრამ ინტერესმა წამძლია, ყველაფერი გვერდზე გადავდე და სწორედ ახალ ბიზნესს დავუთმე მთელი ჩემი დრო და ენერგია.

– რამდენად გეხმარებათ თქვენი პირველადი – იურისტის პროფესია სხვადასხვა ბიზნესის წარმოებაში?

– ნებისმიერი ბიზნესის მართვისას უამრავი დოკუმენტის გაცნობა და ხელშეკრულების გაფორმება გიწევს, რაშიც სწორედ იურისპრუდენციაში შეძენილი გამოცდილება მეხმარება.

– ყოველთვის ახერხებთ პოზიტიური განწყობის შენარჩუნებას. რას თვლით თქვენს მთავარ სტიმულად, რაც გაძლიერებთ და ყოველდღე ენერგიას გმატებთ?

– რა თქმა უნდა, მთავარი სტიმული ოჯახი, მეუღლე და შვილებია, რადგან სწორედ ისინი მამხნევებენ და მაძლიერებენ.

– საქმიანი ურთიერთობისას პარტნიორის რა თვისებას ანიჭებთ უპირატესობას?

– iTechnics-ში სასამართლო სისტემიდან მივედი, ამიტომ საერთოდ არ მქონდა ბიზნესის მართვის გამოცდილება. ვფიქრობ, წარმატება პირველ რიგში ჩემმა თანამშრომლობის უნარმა განსაზღვრა, რადგან ჩემთვის ნებისმიერი თანამშრომელი არა მოვალეობის შემსრულებელი რიგითი კადრი, არამედ საიმედო პარტნიორია, ამიტომ მაქსიმალურად კომფორტული პირობების შექმნას ვცდილობ მათთვის. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ iTechnics-ი მუშაობის მეტად ხელსაყრელ პირობებს სთავაზობს ყველას და განსაკუთრებით სტუდენტებს, რომელთაც სწრაფად განვითარების და პროფესიონალებად ჩამოყალიბების საშუალებას აძლევს. სხვათა შორის, დღეს ჩვენს კომპანიას ახალგაზრდა გოგონა ხელმძღვანელობს, რომელმაც 9 წლის წინ მოლარე-კონსულტანტად დაიწყო ჩვენთან მუშაობა, დღეს კი, დირექტორის პოსტზე აგრძელებს საქმიანობას. რაც შეეხება პარტნიორებს – მთავარი სანდოობა, კეთილსინდისიერება, დისციპლინა და შრომისმოყვარეობაა, რადგან თვითონ ვარ ძალიან შრომისმოყვარე.

– რამდენად სწრაფად იღებთ გადაწყვეტილებას?

– ყოფილა შემთხვევები, როცა დღის განმავლობაში ათამდე უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიმიღია, საღამოს კი, დავფიქრებულვარ, რამდენად შესაძლებელია ამგვარ რეჟიმში ფიქრი და მუშაობა. ვფიქრობ, სწორედ გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარია უმთავრესი თანამედროვე სამყაროსა და ბიზნესში.

ბლიცკითხვები:

– ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად მიმართავთ დღის მანძილზე?

– „არ დავნებდეთ, ჩვენ ეს გამოგვივა!“

– რაზე ფიქრობთ ახლა?

– ძალიან მომწონს აქაური გარემო და ძალიან მიყვარს თქვენთან სტუმრობა. ასე რომ, აუცილებლად გეწვევით მომავალშიც.

– საყვარელი კერძი, რომელსაც სიამოვნებით ამზადებთ?

– ხის სოკოს ჩაშუშული.

– რამდენად ხშირად გაქვთ წიგნის წაკითხვის დრო?

– ვცდილობ ყოველთვის გამოვნახო. მეტწილად ძილის წინ ვკითხულობ, რადგან სხვანაირად არ შემიძლია.

– ხართ თუ არა მელომანი?

– მუსიკას მხოლოდ მანქანაში, საჭესთან ვუსმენ. ძალიან მიყვარს რადიო „ფორტუნა“ და დიდი ხანია თქვენი ერთგული მსმენელი ვარ.

– რით იწყებთ დილას, ჩაით, ყავით თუ ნატურალური წვენით?

– ჯერ წყალს ვსვამ, მერე ყავას.

– ვის თვლით საუკეთესო მრჩევლად?

– რა თქმა უნდა, მეუღლეს. 15 წელია ერთად ვართ და ყოველთვის მას მივმართავ რჩევისთვის.

– რა პროფესიის არჩევაზე ოცნებობდით ბავშვობაში?

– ძალიან მინდოდა მასწავლებლობა.

– საჩუქრის ჩუქება უფრო გსიამოვნებთ თუ მიღება?

– ძალიან მიყვარს სხვებისთვის საჩუქრების გაკეთება.

– რას დახატავდით გადაცემაში „წარმატების ფორმულა“?

– ადამიანს, რომელსაც საკუთარი გუნდი მიჰყვება უკან.

– თქვენი აზრით, რა მთავარი თვისება უნდა ჰქონდეს ადამიანს წარმატების მისაღწევად?

– ვფიქრობ, მთავარი საკუთარი საქმის და ადამიანების სიყვარულია, რადგან სწორედ ადამიანების ჯგუფი ქმნის ბიზნესს და მათზეა დამოკიდებული საქმის წარმატება. არანაკლებ მნიშვნელოვანია შეუპოვრობა და მიზანდასახულობა, არასდროს არ ღირს გაჩერება, სირთულეებს შეგუება და დანებება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები