„ყველაზე მძიმე ის არის, როდესაც ტრაგედიის დღეებში შეგნებულად ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, მათ შორის ერთ-ერთი ტყუილი, რაც მან გაავრცელა იყო ის, რომ თითქოს ტბა იყო დაგუბებული და ეს ტბა მოწყდა მყინვარიდან“ – ასე აფასებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მეცნიერ თეა გოდოლაძის განცხადებას, რომ დასკვნის შედეგად მყარდება აზრი, რომ წინასწარი შეტყობინების სისტემების და მონიტორინგის არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა შოვის ტრაგედიის თავიდან აცილება.
პრემიერის განცხადებით, არაერთი ცრუ ინფორმაცია გავრცელდა თეა გოდოლაძის მხრიდან.
როგორც კობახიძემ აღნიშნა სათანადო ვადებში მყინვარები მონიტორინგის სისტემით დაიფარება.
„მე არ მინდა რაღაც კომენტარები გავაკეთო ამ ადამიანის განცხადებებთან დაკავშირებით. არაერთი ცრუ ინფორმაცია ვრცელდებოდა მისი მხრიდან, უშუალოდ ტრაგედიის დღეებში და ყველაზე მძიმე ის არის, როდესაც ტრაგედიის დღეებში შეგნებულად ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, მათ შორის ერთ-ერთი ტყუილი, რაც მან გაავრცელა იყო ის, რომ თითქოს ტბა იყო დაგუბებული და ეს ტბა მოწყდა მყინვარიდან. არ მინდა ამაში შევიდე, არ მინდა ამასთან დაკავშირებით მეტი კომენტარი გავაკეთო. რაც შეეხება სისტემებს, ამასთან დაკავშირებით მე განცხადება გავაკეთე, როცა მთავრობის დამტკიცების დღე იყო და შემდეგ როცა ყოველწლიური ანგარიში ჩავაბარე. აქტიური მუშაობა მიმდინარეობს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო უძღვება ამ სამუშაო პროცესს, ამ ყველაფერში ჩართულია შვეიცარიელ პარტნიორი და სათანადო ვადებში მყინვარები დაფარული იქნება მონიტორინგის სისტემით. ეს გარკვეულ დროს მოითხოვს, თუმცა სათანადო ვადებში შვეიცარიელ პარტნიორებთან ერთად ყველა სამუშაო შესრულდება“ – განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი თეა გოდოლაძე აცხადებს, რომ „წინასწარი შეტყობინების სისტემების და მონიტორინგის არსებობის შემთხვევაში აუცილებლად შესაძლებელი იქნებოდა შოვის ტრაგედიის თავიდან აცილება“. თეა გოდოლაძემ მის მოადგილე, ლაშა სუხიშვილთან ერთად შოვში მომხდარი სტიქიური მოვლენის შესახებ კვლევის პრეზენტაცია გამართა. როგორც მათ კვლევის შედეგებზე დაყრდნობით განაცხადეს, კვლევისას ძირითადი აქცენტები გაკეთდა სატელიტური მონაცემების და სეისმური მონაცემების ანალიზზე და შემდეგ ეს ორი მონაცემი შეჯერდა.