LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არაკვალიფიციურობა თუ სისტემური ხარვეზი?

174

განათლების სამინისტრო მასწავლებელთა საგნის გამოცდის შედეგებს საგანგაშოდ არ მიიჩნევს. როგორც უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ნატა ასათიანმა, რადიო “ფორტუნას” პირდაპირ ეთერში განაცხადა, აუცილებელია კარგად იყოს გააზრებული ის კრიტერიუმები, რომლითაც მასწავლებელი ფასდება. მისი აზრით, არ შეიძლება მხოლოდ ერთი კრიტერიუმით, ამ შემთხვევაში საგნის გამოცდით, შეფასდეს პედაგოგის კვალიფიკაცია.

“განათლების სამინისტრო აპირებს, შეფასების სხვა კრიტერიუმებიც შემოიტანოს. ბევრი პედაგოგი მინახავს, რომელსაც არ აქვს გამოცდა ჩაბარებული, მაგრამ არაფრით ჩამოუვარდება სერტიფიცირებულ პედაგოგს. ჩვენი მიდგომაა, რომ უფრო მეტად უნივერსალური და რეალისტური სურათის განმაპირობებელი პროფესიული განვითარების გეგმა ჩამოყალიბდეს. განათლების სამინისტრო ალტერნატიულ მეთოდებს შემოიტანს, რითაც პედაგოგები შეფასდებიან. მათ შორის იქნება შიდა და გარე დაკვირვება, სოციალურ აქტივობებში ჩართვა, ანუ ეს იქნება კომპლექსური ღონისძიებები” – განაცხადა ნატა ასათიანმა.

განსხვავებული პოზიცია აქვს განათლების ექსპერტ შალვა ტაბატაძეს, რომელიც მასწავლებელთა საგნის გამოცდის შედეგებს მათ არაკვალიფიციურობას მიაწერს. მისი აზრით, შესაძლოა, გამოცდა ბოლომდე ვერ ზომავდეს მასწავლებელთა კვალიფიკაციას, თუმცა ეს ნამდვილად არის იმის ინდიკატორი, რამდენად იცის ან არ იცის მასწავლებელმა თავისი საგანი.

“ის რომ მასწავლებლები ვერ ახერხებენ საგნის გამოცდის ჩაბარებას, ნიშნავს, რომ არაკვალიფიციურები არიან. ეს არის ცუდი და საგანგაშო შედეგი. ყველაზე დიდ პრობლემას ვხედავ იმაში, რომ როდესაც საზოგადოება კრიტიკულია ამ საკითხის მიმართ, სამინისტრო თვალს ხუჭავს აღნიშნულ პრობლემაზე და ამბობს, რომ გამოცდებშია პრობლემა. ეს ჰგავს სირაქლემას პოზიციაში ყოფნას” – განაცხადა შალვა ტაბატაძემ.

განათლების ექსპერტი სამინისტროს ურჩევს დახვეწოს მასწავლებელთა პროფესიული მომზადების პროგრამები და შეამციროს პედაგოგთა რაოდენობა. როგორც შალბა ტაბატაძე ამბობს, მასწავლებელთა რაოდენობა დღეს დაახლოებით 65 ათასს უტოლდება, რაც საქართველოს დონის ქვეყნისათვის ძალიან დიდი მაჩვენებელია. მისი აზრით, პედაგოგთა რაოდენობა დაახლოებით  40 ათასამდე უნდ შემცირდეს, რათა სახელმწიფომ მათი პროფესიული მომზადება ხარისხიანად შეძლოს და ყველა პედაგოგი იყოს კვალიფიციური

მასწავლებელთა დაბალი კვალიფიკაცია თუ სისტემური ხარვეზი – დაწყებითი კლასის 3024 მასწავლებლიდან და მასწავლებლობის მსურველიდან მინიმალური კომპეტენციის ზღვარი მხოლოდ 31-მა გადალახა. რაც ეხება საგნის გამოცდას, 17 137 მასწავლებლიდან და მასწავლებლობის მსურველიდან მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 3 464-მა გადალახა. დღის მთავარ თემაზე რამდენიმე წუთში სტუმრებთან ერთად ვისაუბრებთ. ცნობისათვის, საქმე ეხება 2016 წლის ზაფხულში ჩატარებულ საგნის გამოცდას.

magti 5g