შვედეთში იმ ქვეყნების რიცხვში შედის, სადაც საახალწლო მზადება და ხმაურიანი დროსტარება განსაკუთრებით უყვართ.
მოგეხსენებათ, პანდემიასთან მიმართებაშიც ამ ქვეყანას განსხვავებული მიდგომა ჰქონდა და შეზღუდვებიც ყველაზე ნაკლებად მოქმედებდა.
2021 წლის შესახვედად ქვეყანა კვლავ განსაკუთრებულად ემზადება, დედაქალაქი კი გამორჩეულად მორთულია.
რა თქმა უნდა საახალწლოდ, როგორც ყველა ქვეყანას მათაც, აქვთ დამახასიათებელი ტრადიციები.
შვედეთში ახალი წლის დადგომამდე ირჩევენ სინათლის დედოფალ ლუჩიას. მას გამოაწყობენ თეთრ კაბაში, ხოლო თავზე ადგამენ გვირგვინს ანთებული სანთლებით. ლუჩიას მოაქვს საყვარელი ნუგბარი ბავშვებისთვის და შინაური ცხოველებისთვის: ბავშვებისთვის – ტკბილეული, კატისთვის – ნაღები, ძაღლისთვის – ძვალი და ასე შემდეგ.
რაც შეეხება საშობაო მაგიდას, სადილი ტრადიციული ცივი კერძებით იწყება: აქ შედის დამარინადებული ქაშაყი, პაშტეტი, სხვადასხვა სახის ძეხვეული. დესერტად მიირთმევენ რძეში მოხარშულ სანელებლებიან ბრინჯს. ტრადიციული შვედური სასმელია გლოგი – სანელებლებიანი ცხელი ღვინო ქიშმიშითა და ნუშით. ახალ წელს შვედეთში აცხობენ ბრინჯის ნამცხვარს, რომელშიც დამალულია ნუში, მათ სჯერათ, რომ ვინც იპოვის ნუშს მთელი წლის განმავლობაში იღბლიანი იქნება.
შვედები საახალწლოდ ძალღონეს იმდენად არ იშურებენ, რამდენადაც ჯიბე გაწვდებათ. ცნობილი საბავშვო მწერილის ასტრიდ ლინდგრენის სამშობლო საშობაოდ მართლაც რომ დაუვიწყარი და ზღაპრულია.
ბონ ვოიაჟი ვირტუალურ ტურს გთავაზობთ ქვეყნის დედაქალაქ სტოკჰოლმში, რომელიც ულამაზესად არის მორთული 2021 წლის შესახვედრად.
ფოტომასალა: კახა მჭედლიძე