LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არანაირი სპეცრაზმი აქ დილას არ გამოჩენილა, ეს ცრუ ინფორმაციაა – შსს-ს გენინსპექციის უფროსი ხაიშის ვითარებაზე

181

„სპეცრაზმი ხაიშში დილიდან არ გამოჩენილა, არც დაშავებულები არიან, ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება,“ – ამის შესახებ შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა განაცხადა.

ხოჯევანიშვილის განმარტებით, ადგილზე შსს-ს დანაყოფების მობილიზება მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვისთვის ხდება.

„ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ახორციელებს კანონიერ მოქმედებებს, რომელსაც ხელს უშლის მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილი. სწორედ ამის გამო არის შსს-ს გარკვეული დანაყოფები ადგილზე, რომ არ მოხდეს რაიმე ექსცესი. არანაირი სპეცრაზმი აქ დილას არ გამოჩენილა. ეს არის ცრუ ინფორმაცია. არც დაშავებულები არიან. ყველაფერი ექვემდებარება კონტროლს. გადასული ვართ მოლაპარაკების რეჟიმში მოსახლეობასთან და ვთავაზობთ, რომ ყველა უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე გავიდეს ტერიტორიიდან და ჩადგეს პროცესი კალაპოტში,“ – განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.

მისივე თქმით, თუკი რაიმე გადაცდომა იყო რომელიმე მხრიდან, გენინსპექცია მასზე მოკვლევას დაიწყებს და იქნება სათანადო რეაგირება. რაც შეეხება ადგილობრივებთან მოლაპარაკებას, ალექსანდრე ხოჯევანიშვილის განმარტებით, პირველი რიგის ამოცანაა, გაიხსნას გზა და დამსვენებლებს ჰქონდეთ მიმოსვლის საშუალება.

შეგახსენებთ, რომ ჭუბერსა და ხაიშში მობილიზებულ ასეულობით სამართალდამცველს მოსახლეობა ხელკეტებითა და ქვებით დაიპირისპირდა.  ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ შეიარაღებულ პოლიციელებს ნენსკრასა და ხაიშის წყლის ხეობაში შესვლის საშუალებას არ აძლევს.

ადგილობრივები სპეცრაზმის გაყვანას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი გზის ბლოკირების გაგრძელებით იმუქრებიან. რაც შეეხება ხაიშსა და ჭუბერში ფინანსური პოლიციის მობილიზებას, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ამბობენ, რომ საქმე ხე-ტყის შესაძლო უკანონო მოპოვებას ეხება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები