LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არასდროს დანებდეთ – ნებისმიერ ადგილას, სადაც თქვენი უფლებები მცირედიც მაინც იზღუდება, გაიტანეთ თქვენი და ეცადეთ, მაქსიმალურად შრომისმოყვარეები იყოთ, რადგან შრომას მოაქვს შედეგი“ – გაიცანით გიორგი ზარქუა, რომელიც ამტკიცებს რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს

145
გიორგი ზარქუა

„არასდროს არ დანებდეთ, იყავით „კრეატიულები“ [შემოქმედებითები], ნებისმიერ ადგილას, სადაც თქვენი უფლებები მცირედიც მაინც იზღუდება, გაიტანეთ თქვენი და ეცადეთ, რომ მაქსიმალურად შრომისმოყვარეები იყოთ, რადგან შრომას მოაქვს შედეგი“, – ამბობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტი, გიორგი ზარქუა, რომელიც საგამოცდო შედეგებისა და მისი მიზნების შესახებ საუბრობს.

აღსანიშნავი კი გიორგის ამბავსა და მის მიზანდასახულობაში ისაა, რომ ახალგაზრდა შშმ პირია და არც ერთი კიდური არ აქვს და გარდა იმისა, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა, აგრეთვე აქვს წარმატებული სპორტული კარიერა, რამაც ჰოლანდიაში ვერცხლის მედალი მოაპოვებინა.

გიორგი ზარქუა „მთავარ არხთან“ ჰყვება ამბავს, თუ რატომ აირჩია ჟურნალისტიკა და როგორ მივიდა გამოცდების გასავლელ გზამდე.

„ეს არის ჩემი ბოლო ბრძოლა, ჩემი სპორტული კარიერიდან ჰოლანდიაში, სადაც ვერცხლის მედალი ავიღე. ცოტა ისე ვერ წამივიდა ბრძოლა, მაგრამ მაშინაც უკვე ვიაზრებდი, რომ ნელ-ნელა პაუზას ვიღებდი სპორტში, იმიტომ რომ სწავლაზე უნდა გადმოვრთულიყავი.

გადმოვერთე სწავლაზე და ახლა, მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტში ჩავაბარე და ბევრად უფრო გადატვირთული ვიქნები, მაინც ვახერხებ, რომ ნელ-ნელა სპორტულ კარიერას დავუბრუნდე“, – ამბობს გიორგი.

  • როგორ ჩააბარა ეროვნული გამოცდები

„მე ვარ გიორგი ზარქუა, ჩავაბარე ეროვნული გამოცდები, თსუ-ს ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. ფაქტობრივად, გამოდის, რომ 12-13-14 წლის ასაკიდან ჩაფიქრებული მიზანია, რომლის ასრულებაც ასე მარტივად არასდროს წარმომედგინა, იმიტომ, რომ მაინც ჩემთვის, ეროვნული გამოცდები ბევრად უფრო დიდ სირთულესთან ასოცირდებოდა, ვიდრე ეს ყველაფერი ასე აღმოჩნდა.

იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, ჩვენს ქვეყანაში შშმ პირებთან დაკავშირებით ძალიან ბევრი რაღაც ბიუროკრატიულად არის გართულებული და პარალელურად შიში მქონდა, რამდენად მიმიღებდა Naec [შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი] ან კიდევ ნებისმიერი ასეთი, საუნივერსიტეტო ორგანო უნივერსიტეტში სასწავლებლად.

საბოლოოდ, შევძელი ის, რომ ვარ იმ უნივერსიტეტის სტუდენტი, სადაც, ოდესღაც თავისუფლების ძახილი დაიწყო“, – ასე იხსენებს გიორგი გამოცდების ჩაბარების ეტაპს.

მისი თქმით, კიდურების არქონის მთავარი პრობლემა იყო ის, თუ როგორ დაწერდა გამოცდას ფიზიკურად. როგორც მანვე აღნიშნა, ფაქტობრივად, გამოვიდა ისე, რომ მისთვის, ერთი ადამიანისთვის, სპეციალურად შეიქმნა ისეთი პირობები, რომ მე ხელი არ შეშლოდა.

„ამიწყვეს კომპიუტერი, რომელზედაც მე Word-ის ფაილში ვწერე ეროვნული გამოცდების აბსოლუტურად ყველა ასპექტი, როგორც ვთქვათ ინგლისურში listening-ის [მოსმენის] დავალება, ისტორიაში წყარო, ქართულში ესე;

გამიორმაგდა დრო, რომელიც სხვათა შორის, უნდა ვთქვა, რომ არ გამომიყენებია, იმიტომ, რომ ვიყავი აბსოლუტურად იზოლირებული სხვა აბიტურიენტებისაგან და ამაში ორი პლუსი დავინახე – პირველი, ის რომ არ დავთრგუნე სხვა აბიტურიენტები, რადგან შეიძლებოდა ყურადღება ჩემზე გადმოეტანათ იმიტომ, რომ მაინც საინტერესოა, როგორ ვახერხებდი.

და მეორე, ჩემთვისაც, სრულიად უკომპლექსო კი ვარ, მაგრამ მაინც რაღაც დონეზე, შეიძლებოდა ისე ვერ გავხსნილიყავი საკუთარ თავთან, როგორც გავიხსენი ცალკე“, – აღნიშნა გიორგი ზარქუამ.

  • რატომ აირჩია ჟურნალისტიკა

როგორც ახალგაზრდამ აღნიშნა, , ჟურნალისტიკა მისთვის საგმირო საქმესთან ასოცირდება, ამდენად, მას შესაბამისი ახსნა აქვს:

„არ ვიცი, საიდან წამოვიდა ეს ყველაფერი და საიდან მოდის, რომ ასე ძალიან მაინტერესებს ეს პროფესია, უბრალოდ ერთ დღეს გავიღვიძე და ვგრძნობდი, რომ ეს იყო ის, რაც მე ცხოვრებაში მჭირდებოდა.

ალბათ უფრო, ტელემედია კომუნიკაციებში წავალ, რადგან ვფიქრობ, რომ ძალიან ისეთი საქმეა, სადაც ფაქტობრივად, შენ ხარ ხიდი ნებისმიერ ინფორმაციასა და ინდივიდებს შორის იმიტომ, რომ ინდივიდმა უნდა გაიგოს შენგან, თუ რა მოხდა.

❤️ გაიცანით გიორგი ზარქუა, რომელიც ამტკიცებს რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს

❤️ გაიცანით გიორგი ზარქუა, რომელიც ამტკიცებს რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს | როგორ ჩააბარა ეროვნული გამოცდები და რატომ აირჩია ჟურნალისტიკა 💭 "თუ ადამიანს რამის მიღწევა უნდა, სულაც რომ მთელი საზოგადოების დამარცხება მოუწიოს, უნდა დაამარცხოს1 არასდროს არ დანებდეთ, შეეცადეთ იყოს შრომისმოყვარეები, რადგან შრომას მოაქვს შედეგი"

Posted by მთავარი არხი • Mtavari Arkhi on Monday 30 September 2024

ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიაზე, თუნდაც მათი შეხედულებები უნდა მიაწოდო; ვთქვათ, სადღაც მოხდა მკვლელობა, დაძაბული სიტუაცია იყო, უნდა მიაწოდო ისე, რომ სიტუაცია ზუსტად აღწერო, უნდა იყო კრიტიკული, არანაირად არ უნდა იყო ლმობიერი, 100%-ით.

ყველაზე მთავარი – მასწავლის იმას, როგორ არ უნდა ვიყო დაკომპლექსებული ტიპი იმიტომ, რომ როდესაც ჟურნალისტი ხარ, შენთვის კომპლექსები არ უნდა არსებობდეს, რადგან ნებისმიერ სიტუაციაში, ნებისმიერ ადამიანთან უნდა შეგეძლოს, მიდიოდე და კონკრეტული, თუნდაც მკაცრი, მათთვის არასასიამოვნო კითხვის დასმის უფლება და ამის შესაძლებლობა გქონდეს“, – ამბობს მომავალი ჟურნალისტი.

  • რას ეტყოდი გულშემატკივარს

„ერთადერთი იმას ვეტყოდი იმ ადამიანებს, რომლებიც ჩემს გვერდით იდგნენ ამ პერიოდში და „მასაფორთებდნენ“ [მხარს მიჭერდნენ], მეხმარებოდნენ, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი – ნებისმიერ მომენტში, მდგომარეობაში და ნებისმიერ მიზანთან იმიტომ, რომ თუ ადამიანს რაღაცის მიღწევა უნდა, მას სულაც რომ მოუწიოს საზოგადოების უდიდესი ნაწილის დამარცხება, უნდა დაამარცხოს და გადადგა ის ნაბიჯი, რისი გადადგმაც სურს.

ვფიქრობ, ეს ყველაფერი, დამარცხების გარეშე გამომივიდა იმიტომ, რომ ძალიან კარგი ადამიანები შემხვდნენ, როგორც დედა; naec-ის თანამშრომლები; მასწავლებლები, რეპეტიტორები; ახლა კურსელები და მოკლედ, აბსოლუტურად ყველა.

არასდროს არ დანებდეთ, იყავით „კრეატიულები“ [შემოქმედებითები], ნებისმიერ ადგილას, სადაც თქვენი უფლებები მცირედიც მაინც იზღუდება, გაიტანეთ თქვენი და ეცადეთ, რომ მაქსიმალურად შრომისმოყვარეები იყოთ, რადგან შრომას მოაქვს შედეგი ნებისმიერ ასპექტში, ეს არის სპორტი, რაღაც პროფესია, ნებისმიერ მსგავს რამეში შრომა შესაძლებელია დაფასდეს ტალანტზე და ნებისმიერ ასეთ მსგავს რამეზე მეტად.“ – ამბობს გიორგი ზარქუა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები