15 წლის სოციალურად დაუცველი ვუნდერკინდის, დათუნა ზარდიაშვილის ცხოვრებაში სიახლეა. FORTUNA.Ge-ზე გასული ინტერვიუს შემდეგ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა დათუნას სამუშაო შესთავაზა, მალე ის თსუ-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტში დასაქმდება. ვინაიდან დათუნა არასრულწლოვანია და დღის უმეტეს დროს სწავლას უთმობს, უნივერსიტეტმა მას სწავლაზე მორგებული, რამდენიმე საათიანი სამუშაო განრიგი შესთავაზა. სიახლე დათუნასთვის მოულოდნელი და სასიხარულო აღმოჩნდა.
დათუნა ზარდიაშვილი:
„უნივერსიტეტიდან დამირეკეს და მითხრეს, რომ მზად იყვნენ სათანამშრომლოდ. სულ მალე სწავლის პარალელურად მუშაობას დავიწყებ. უბედნიერესი ვარ. ეს სფერო ძალიან მაინტერესებს და მიხარია, რომ კიდევ უფრო მეტს გავიგებ და ვისწავლი. მანამდე „აიტი აკადემიაც“ დამიკავშირდა, სადაც ახლაც ვაგრძელებ სწავლას. ბევრი ადამიანი გვწერს.
ძალიან მინდა იმედები არ გავუცრუო მათ, ვინც ასეთი ნდობა გამომიცხადა. ჩემთვის ცოდნა უმთავრესია, რადგან ვიცი ეს დამეხმარება მომავალში ჩემი მიღწევები გავაუმჯობესო“.
დათუნა თებერვალში 15 წლის გახდა. ვუნდერკინდს მათემატიკური უნარები აქვს განვითარებული, უყვარს და სწავლობს ინგლისურს. 150-ზე მეტ ოლიმპიადაზე გამარჯვება და ჯილდო აქვს მოპოვებული. დადის სკოლაში, თავისუფალ დროს კი ისევ საკუთარი თავის განვითარებასა და სწავლას უთმობს.
როგორი მოზარდია დათუნა, ამ საკითხზე ვუნდერკინდის დედას, მადლენა ზარდიაშვილს ვესაუბრეთ.
ყველაზე მეტად მინდა დედა იღიმოდეს, არ ფიქრობდეს, ხვალ რას შევჭამთ. როცა დედა ავად გახდა, ძალიან ვინერვიულე, მარტო ვიყავი კარანტინში, დედა საავადმყოფოში
14 წლის სოციალურად დაუცველი ვუნდერკინდი: „ჩემი გამარჯვებები დედას დამსახურებაა, მინდა ჩემი შრომით დავეხმარო“
არასდროს უთქვამს: „ეს მინდა და მიყიდეო“, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამე უნდოდა და აკლდა. არ უყვარს წუწუნი, არასდროს მაგრძნობინებს, რომ რამეს ვერ ვუკეთებ, პირიქით აქეთ მამხნევებს და სულ მადლიერია. ძალიან მზრუნველია, ლუკმას არ შეჭამს, რომ არ გამიყოს.
ჩვენ რიგი მიზეზების გამო სოციალურად დაუცველის სტატუსი გვაქვს, ვცხოვრობთ ნაქირავებ ბინაში. ამას სულ განვიცდიდი, ეტყობა ბავშვმა იგრძნო. ერთხელ მოვიდა და მითხრა, ნუ ნერვიულობ დედა, გავიზრდები და აუცილებლად გიყიდი სახლსო. პატარა იყო, მაგრამ მაშინაც დიდი კაცივით მედგა გვერდში.
თუ იცით, რაზე ოცნებობს დათუნა, რა სჭირდება ახლა ყველაზე მეტად?
ხომ ხედავთ როგორი ხათრიანია, მაგ კითხვაზე არც კი გიპასუხათ, მოერიდა. მისი ოცნებები სწავლას უკავშირდება, სჯერა, რომ სწავლა შედეგს გამოიღებს. მეც მჯერა რომ ასე იქნება…
რამდენიმე კვირის წინ ტელეფონი გაუფუჭდა და არ მეუბნებოდა, არ უნდოდა მენერვიულა. ვიცი, რომ ტელეფონი უნდა, მაგრამ ამის თქმა ეუხერხულება. ასევე, მისი ასაკისთვის საინტერესო წიგნები უნდა.
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემი შვილის გულშემატკივრებს, ეს მას ამხნევებს და სწავლის მიმართ სურვილს კიდევ უფრო უზრდის. კეთილი ადამიანები გვეხმარებიან, მათ ზრუნვას სულ ვგრძნობთ“.
,,ფორტუნა” თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დაუკავშირდა:
„ახალგაზრდების მხარდაჭერა, მათთვის ახალი ცოდნისა და საინტერესო გამოცდილების მიცემა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტში დავით ზარდიაშვილს ექნება შესაძლებლობა მიიღოს ახალი ცოდნა და აითვისოს პროფესიული უნარები.
გარდა ამისა, საბუნებისმეტყველო საგნების მხრივ მისი გამორჩეული შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ასევე აქტიურად ვითანამშრომლებთ თსუს საბავშვო უნივერსიტეტის ფარგლებში. დავითს შესაძლებლობა ექნება მონაწილეობა მიიღოს მეცნიერების პოპულარიზაციის ღონისძიებებში, ბავშვებისთვის განკუთვნილ სახალისო მეცნიერების აქტივობებში“, – განაცხადა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერმა ლაშა საღინაძემ.
რამდენიმე დღეში დათუნა ახალ ოლიმპიადაზე უნდა გავიდეს. კინგსის ლიგის ოლიმპიადა ინგლისურ ენაში ტარდება. „ფორტუნა“ წარმატებებს უსურვებს ვუნდერკინდს.