“არავის არანაირი პრობლემა არ აქვს, ვინც არ უნდა დაიბარონ, ჩვენ მივალთ და ყველა შეკითხვას გავცემთ პასუხს.” – იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკა მელიას ადვოკატის მიერ ირაკლი კობახიძის დაკითხვასთან დაკავშირებით, შუამდგომლობის დაყენების საკითხს ეხმიანება და ამბობს, რომ “ქართული ოცნება” ყოველთვის ემორჩილებოდა და დაექვემდებარება კანონს.
ანრი ოხანაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ თუ შუამდგომლობის კანონისმიერი საფუძველი არ იქნება და აღნიშნულ საკითხს პოლიტიკური შოუსა და პოლიტიკური მიზნებისთვის აყენებენ, შეიძლება არც დაკმაყოფილდეს და ამაზე პასუხს ვერავის მოთხოვენ.
ოხანაშვილის თქმით, პროცესზე დაყენებულ ნებისმიერ შუამდგომლობაზე, სასამართლომ კონკრეტულ გარემოებებზე დაყრდნობით უნდა მიიღოს გადაწყვეტილება:
“რაც შეეხება ნებისმიერი პირის გამოკითხვას თუ დაკითხვას, ნებისმიერ შუამდგომლობაზე რომელიც პროცესზე იქნება დაყენებული, გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სასამართლომ კონკრეტულ გარემოებებზე დაყრდნობით. თუ ამის კანონისმიერი ვალდებულება და საფუძველი არსებობს, რომ ვინმესთან მიმართებაში საჭიროება დადგეს – რომ ის მივიდეს სასამართლოში, ამის არავის არანაირი პრობლემა არ გააჩნია. “ქართული ოცნების” გუნდისთვის უმთავრესი და პრინციპულია კანონის განუხრელი დაცვა, ჩვენ ყოველთვის ვემორჩილებოდით და დავექვემდებარებით კანონს. ამიტომ არავის არანაირი პრობლემა არ აქვს, ვინც არ უნდა დაიბარონ, ჩვენ მივალთ და ყველა შეკითხვას გავცემთ პასუხს.” – თქვა ოხანაშვილმა.
შეგახსენებთ, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეზე მოსამართლემ, “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძისა და შინაგან საქმეთა ყოფილი თანამშრომლის, ივანე გულაშვილის დაკითხვის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
ნიკა მელიას ადვოკატები ითხოვდნენ, რომ “რუსთავი 2”-სთვის ირაკლი კობახიძის მიერ მიცემული ინტერვიუ საქმეზე მტიცებულების სახით დაერთოთ, ასევე როგორც კობახიძე, ისე ივანე გულაშვილიც დაეკითხათ.
რაც შეეხება თავად ნიკა მელიას, სასამართლომ ის პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო ჩახნაშვილმა ცოტა ხნის წინ მიიღო.