ფსიქოლოგმა ზურა მხეიძემ ახალგაზრდების პრობლემებზე ისაუბრა და განმარტა, რამდენად მნიშვნელოვანია ოჯახის როლი მათი ფსიქიკის ფორმირებაში.
„ერთადერთი ოჯახი დარჩა. თქვენ თუ ვინმე ახალგაზრდას შეხვდებით, რომელიც მეტ-ნაკლებად კარგია, სავარაუდოდ ეს არის ოჯახის დამსახურება. სხვა ინსტიტუტები მორღვეულია თავიდან ბოლომდე. ერთ-ერთი მომენტი, რომელიც ჩვენ გვახასიათებს, არის გადაჭარბებული ზრუნვა. სანამ ბავშვი გარდატეხის ასაკს მიადგება, მანამდე მისთვის მნიშვნელოვანია მასწავლებლის შეფასება, გარდატეხის ასაკში მას ეს აღარ აინტერესებს, აინტერესებს თავისი სტატუსი. ის იწყებს ბრძოლას იმის დასამტკიცებლად, რომ დამოუკიდებელი პიროვნებაა. თუ ჩვენ ისე გავზრდით, რომ მას ჩვენთან ამის მტკიცება არ დასჭირდება, პრობლემა აღარ იქნება. ზრუნვასთან ერთად ბავშვს უნდა მისცე აღიარება, რომ ის პერსონაა.
ბავშვობის ასაკიდანვე ადამიანი თავის ქცევებზე უნდა იყოს პასუხისმგებელი. ბავშვი ნელ-ნელა უნდა მივაჩვიოთ გადაწყვეტილებების მიღებას. არავითარი ჩანთა არ უნდა გაუჩხრიკო ბავშვს და შვილს უნდა ენდობოდე. მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ჩხრეკის, მიყურადების, თვალთვალის. აღზრდის პროცესში ნდობა უნდა გასცე და მოიპოვო კიდეც მშობელმა. მშობელი არ არის მარტო დირექტივების მიმცემი. რაც აკრძალულია, ბავშვს ყოველთვის იმის ინტერესი აქვს. ბავშვი ინტერესიანია. სათამაშოს რომ მისცემ, შეიძლება დაშალოს, რომ ნახოს რა დევს შიგნით. როდესაც რაღაცის დამალვას ვიწყებ, ის იწყებს იქითკენ სვლას“, – ამბობს ზურა მზეიძე „რუსთავი 2“-ის ეთერში.