„გახსოვთ, ცოტა ხნის წინ ალბანეთში სამხედრო ბაზაზე შეპარული რუსები რომ დააკავეს შპიონაჟის ბრალდებით? დღეს შემთხვევით აღმოვაჩინე, რომ იმ ჯგუფის მინიმუმ ერთი წევრი, რუსეთის მოქალაქე ფსევდონიმით ლანა სატორი დაპატიმრებამდე დიდი ხნის განმავლობაში საქართველოში ცხოვრობდა“, – ამის შესახებ „რონდელის“ ფონდის მკვლევარი, აღმოსავლეთმცოდნე, ზურაბ ბატიაშვილი სოციალურ ქსელში წერს და ამბობს, რომ არც არავის გასჩენია ეჭვი, ვინაა და რას აკეთებს ეს რუსი „ტურისტი“ საქართველოში:
„საქართველოში მშვიდად დადიოდა სოფლებში, იღებდა უამრავ ფოტოს (რომლებიც შეგიძლიათ ნახოთ აქ https://www.instagram.com/lanasator/?hl=en მანდვე დევს ინფორმაცია მისი ალბანეთში დაკავების შესახებ, სადაც იხვეწება მიშველეთო), ეცნობოდა ხალხს, სწავლობდა აქაურობას და არც არავის გასჩენია ეჭვი, ვინაა და რას აკეთებს ეს რუსი „ტურისტი“ საქართველოში.
რომ არა ალბანეთში ჩავარდნილი ოპერაცია, ისევ თავისუფლად გააგრძელებდა თავის საქმიანობას საქართველოშიც და სხვაგანაც. ასეთ უპატრონო ქვეყანაში ვცხოვრობთ. ფოტოზე შპიონაჟის ბრალდებით დაკავებული ლანა სატორია, თავის კატასთან ერთად საქართველოში.“– წერს ზურაბ ბატიაშვილი.
ცნობისთვის, საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, 21 აგვისტოს, ალბანეთში, ქალაქ გრამშის მახლობლად, სამხედრო ქარხანაში შესვლის მცდელობისას, ორი რუსი და უკრაინელი დააკავეს.
ერთ-ერთმა მათგანმა ქარხნის მცველებს წინააღმდეგობა გაუწია და ორ ჯარისკაცს დაზიანება მიაყენა. ალბანეთის პრემიერ-მინისტრის, ედი რამას განცხადებით, ისინი ეჭვმიტანილი არიან ჯაშუშობაში.
„როიტერსის“ ინფორმაციით, რომელიც ალბანეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობას ეყრდნობა, 24 წლის რუსმა მცველებს წინააღმდეგობა გაუწია.
მან სამხედრო ქარხნის ტერიტორიაზე ფოტოგრაფირება სცადა, ხოლო დაკავებისას სამხედროების წინააღმდეგ, სავარაუდოდ, „გაზის ბალონი“ გამოიყენა. მას თან ახლდნენ 33 წლის რუსი ქალი და 25 წლის უკრაინის მოქალაქე.
ალბანურმა მედიამ დაკავებული რუსი ქალის საბუთების ფოტო გამოაქვეყნა. ფოტოზე სვეტლანა ტიმოფეევაა (ლანა სატორი), ცნობილი მოგზაური და ფოტოგრაფი. იგი სპეციალიზებულია მიტოვებული და „უცნაური“ ობიექტების ფოტოგრაფირებაში რუსეთსა და მთელ მსოფლიოში, მათ შორის სამხედრო ნაწილებსა და აკრძალულ ტერიტორიებზე.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ლანა სატორის გვერდზე 2017 წელს ოკუპირებული აფხაზეთიდან გადაღებული ფოტორეპორტაჟები იძებნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ბლოგერს, სავარაუდოდ, დარღვეული ჰქონდა ოკუპაციის შესახებ კანონი.
„ფორტუნა“ ინფორმაციის გადამოწმებას შესაბამის უწყებებში ცდილობს. ინფორმაცია მიღებისთანავე განახლდება.