ბორჯომის ხეობაში სტიქიის ბოლომდე აღმოსაფხვრელად საგანგებო შტაბი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, ცოცხალი ძალა სხვადასხვა სექტორზეა განაწილებული, მიმდინარეობს 24-საათიანი მონიტორინგი.
“მიუხედავად იმისა, რომ წუხელ ყველაზე ძლიერი ქარი იყო ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, არსად, არც ერთი კერა არ გაღვივებულა, რაც გვაძლევს იმედს, რომ მომავალშიც ასეთი რამ თავს არ იჩენს“, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
მისი თქმით, ამ დროისთვის ხეობაში შს სამინისტროს 300-მდე თანამშრომელია, სტიქიის ზონაში თავდაცვის სამინისტროს იგივე რაოდენობის თანამშრომლები ჰყავს; ასევე, ადგილზე ეროვნული სატყეო სააგენტოს ადგილობრივი თანამშრომლები მუშაობენ.
“ჩვენ, პრაქტიკულად, გავანახევრეთ ის ცოცხალი ძალა, რომელიც ზონაში გვყავდა. ჩვენმა სტუმრებმა და კოლეგებმა დილით უკვე დატოვეს ტერიტორია. მათ დიდ მადლობას ვუხდი დახმარებისთვის. რეგიონში 600-700 კაცამდე ვრჩებით “, – აცხადებს მღებრიშვილი.