„ახლა რომ კოალიციური მთავრობა გვყავდეს და ასეთი კატასტროფული ინვესტიციების მაჩვენებელი გამოქვეყნდეს, მაქსიმუმ მთავრობის უნდობლობის საკითხი დადგებოდა“,- ასე ეხმაურება ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების იმ მაჩვენებლებს, რომლებიც სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა.
„რატომ კოალიციური მთავრობა? ახლა რომ კოალიციური მთავრობა გვყავდეს და ასეთი კატასტროფული ინვესტიციების მაჩვენებელი გამოქვეყნდეს, რა მოხდებოდა? დიახ, მინიმუმ ეკონომიკური ბლოკის და მაქსიმუმ, მთავრობის უნდობლობის საკითხი დადგებოდა მყისიერად, იმიტომ რომ, არც ერთი თავმოყვარე პარტია ასეთ მონაცემებზე პასუხისგებლობას არ აიღებდა. ასეც უნდა ხდებოდეს, თუ განვითარება გვინდა“, – ამბობს გიორგი ქადაგიძე.
საქართველოში ყველა მეტ ფულს გაერთიანებული სამეფო დებს - ინვესტიციებში ისევ კლება გვაქვს
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2021 წლის II კვარტალში 234.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა
ცნობისთვის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2021 წლის II კვარტალში 234.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2020 წლის II კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 2.6 პროცენტით ნაკლებია. შემცირების გამომწვევ უმთავრეს მიზეზად სახელდება სააქციო კაპიტალის შემცირება, რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში და სასესხო ვალდებულების დაფარვა.
ჯამში, 2021 წლის პირველ ნახევარში, საქართველოში $366.4 მილიონის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 11%-ით ნაკლებია.