ცოტნე გამსახურდია გია ყანჩელის გარდაცვალებასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს და მის ცხოვრებას ასე აფასებს – ჭეშმარიტი ხელოვანი და მსოფლიო მოქალაქე.
გამსახურდია ხაზს უსვამს იმას, რომ სხვა ხელოვანების მსგავსად ყანჩელი არავის “კარგის ინტელიგენტი” არ გამხდარა და საკუთარი რეპუტაციით ცხოვრობდა მუდამ.
“გია ყანჩელი – ადამიანი, რომელიც იყო თავის დროის და სოციალური წრის წარმომადგენელი, კომუნიზმსა და “ინწილიგენციას” ვგულისხმობ, მაგრამ თავი დააღწია ორივეს.
არ მიუღია საკუთარი ქვეყნის დაქცევაში მონაწილეობა და საკუთარი პრივილეგიებისთვის, “მასკვადან” ფირების და იქ – კონიაკების სატარებლად, საკუთარი ხალხის ავტომატიანი ჯალათები არ გაუპრავებია.
არც შევარდნაძის კარის “ინწილიგენტად” ქცეულა, არც ბიძინეს “გადასარჩენად” გაუხდია საქმე და არც საკუთარ საფაშოდ უქცევია ესა თუ ის დაწესებულება, თითქოს მემკვიდრეობით ერგოო, ა ლა სტურუა…
საკუთარი შრომით, ნიჭით, რეპუტაციით სარგებლობდა და ცხოვრობდა. არც არავის ხელის შემყურე ყოფილა და იყო ჭეშმარიტი ხელოვანი, მსოფლიო მოქალაქე – გია ყანჩელი დედამიწის ყველა წერტილში.
მართლაც რაღაც უცნაური კანონზომიერება აქვს ამ სამყაროს: მისი სიკვდილი გაზაფხულზე უბრალოდ ვერ მოხდებოდა. ჩემს თაობასაც, ყვითელი ფოთლების დანახვისას, მუდამ გია ყანჩელი გაახსენდება…
მსუბუქი იყვნენ ყვითელი ფოთლები შენთვის, მაესტრო…” – წერს ცოტნე გამსახურდია.
84 წლის ასაკში მსოფლიოში აღიარებული, ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორი, გია ყანჩელი, 2 ოქტომბერს გარდაიცვალა. 5 ოქტომბერს რუსთაველის თეატრიდან გამოასვენებენ და დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ.
პანაშვიდები თბილისში, ტოვსტონოგოვის ქუჩაზე (#6) 3 და 4 ოქტომბერს გაიმართება.
გია ყანჩელს დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ
ბოლო დროს კომპოზიტორი ჯანმრთელობის პრობლემებს უჩიოდა და ხშირად გადიოდა მკურნალობის კურსს. ის თბილისში, ისრაელი-საქართველოს კარდიოლოგიისა და ანგიოლოგიის ცენტრში მკურნალობდა.
გია ყანჩელი 1935 წლის 10 აგვისტოს დაიბადა. ის მსოფლიოს სამ უდიდეს კომპოზიტორს შორის დასახელდა და თავის შემოქმედების სახით, ისევე როგორც საქართველოს,ასევე მსოფლიოს ნამდვილი მუსიკალური საგანძური დაუტოვა.
